"მყავს 10 წლის ბიჭი. პატარა რომ იყო, ძალიან უყვარდა ჩემი დახმარება, ყველაფერში ცდილობდა ჩართვას. მაშინ მეც მიხაროდა და ვფიქრობდი, რომ ბუნებრივად ისწავლიდა ყველაფერს.
მაგრამ ახლა სრულიად შეიცვალა. რაც გაიზარდა, უფრო ეზარება ყველაფერი. ოთახი და მაგიდა ყირაზეა, ჭურჭლის შემოტანაც კი არ უნდა სამზარეულოში, გამოცვლილ ტანსაცმელსაც არ აწყობს ერთ ადგილზე. პროტესტს აცხადებს ყველაფერზე, რასაც ვთხოვ, მაღაზიაშიც კი არ ჩადის. არადა ვმუშაობ და სახლში უკვე ვეღარ ავუდივარ ამდენ საქმეს. ქმარიც მთელი დღე გასულია.
ალბათ ჩემი ბრალიც არის, ხშირად ვეუბნებოდი, რომ მთავარია, ესწავლა. მართლა ბევრს აძლევენ სკოლაში და მასწავლებლებთანაც დამყავს, მაგრამ ელემენტარული დახმარება მაინც ხომ შეუძლია, ბოლობოლო , არ აურიოს ჩემი დალაგებული ან პური მაინც წამოიღოს მაღაზიიდან.
არ აქვს ელემენტარული ჩვევები, ყველაფერი ეზარება, პასუხისმგებლობას არ იღებს და ხშირად ელოდება, რომ ყველაფერს მე გავაკეთებ. ხან დავაძალე, ხან საერთოდ თავი დავანებე და შედეგი ნული.გთხოვთ, მითხარით, როგორ დავიწყო თავიდან. როგორ მივაჩვიო ელემენტარულს ისე, რომ პროტესტი არ გამოიწვიოს და ნელ-ნელა ისწავლოს დახმარება?"
უფროსი თაობის ოჯახებში ბავშვისთვის საოჯახო საქმეების შესრულება სრულიად ბუნებრივი და ჩვეული მოვალეობა იყო. თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის, საოჯახო საქმეებისადმი დამოკიდებულებაც.
დღეს ბევრი ბავშვი იმდენად დატვირთულია სხვადასხვა წრეებით, სკოლით, გაკვეთილებითა და ვარჯიშებით, რომ მათთვის დამატებითი საოჯახო საქმეების დაკისრება მშობლებს ხშირად აღარ შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, თითოეულ ოჯახს თავისი წესები და ტრადიციები აქვს, მაგრამ მინიმალური საოჯახო მოვალეობების შესრულებას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს როგორც ბავშვს, ისე მთლიანად ოჯახს.
საოჯახო დახმარება — ეს არის ოჯახური ცხოვრების ნაწილი. ძნელი წარმოსადგენია ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახი, სადაც არ არსებობს ურთიერთდახმარება. ასევე რთულია სიყვარულის წარმოდგენა საყვარელი ადამიანისთვის დახმარების შეთავაზების გარეშე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ზრუნვას, ვავლენთ მას ახლობლების მიმართ და გვინდა, რომ ბავშვებმაც ისწავლონ ოჯახის წევრებზე ზრუნვა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის საკმარისი არ არის.
თუ ბავშვს არ აქვს საოჯახო მოვალეობები, ის თავს გრძნობს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულად იმაზე, რაც სახლში ხდება. ეს კი მასში აყალიბებს მომხმარებლურ დამოკიდებულებას.
თუ ამას ემატება მშობლების მუდმივი ხაზგასმა, რომ ბავშვის მთავარი მოვალეობა სწავლაა, მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს ასეთი დამოკიდებულება: პირადი მიღწევები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახურ ცხოვრებაში მონაწილეობა.
ელემენტარული შრომითი უნარების გარეშე (და, სინამდვილეში, კარტოფილის გათლაც კი სწავლას მოითხოვს) ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ ვერ არის კარგი დამხმარე, მაინც არ გამოსდის არაფერი და ბოლოს ეს მდგომარეობა მისთვის ნორმადაც კი იქცევა.

თუ ბავშვს არ აქვს საოჯახო შრომის ჩვევა (რომელიც შესაძლოა მას მოსაწყენად, უაზროდ ან უსიამოვნოდ ეჩვენებოდეს), ის ვერ იძენს ე.წ. „შრომით ძალისხმევის“ გამოცდილებას — რაც შრომისმოყვარეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბავშვს, რომელსაც არ აქვს დაღლილობის, სიზარმაცის ან უსიამოვნო საქმიანობის დაძლევის გამოცდილება, გაუჭირდება სხვებზე ნამდვილი ზრუნვა — და ეს ნეგატიურად აისახება მის მომავალ ცხოვრებაზე. ეს ნიშნავს, რომ როცა მშობლისგან დამოუკიდებლად ცხოვრება მოუწევს, მისთვის ჰიგიენის დაცვა, ხარისხიანი საკების მომზადება დაუძლეველ მისიად იქცევა. რადგან დალაგება-დასუფთავებაც ცოდნაც უნდა და ძალისხმევაც, ისევე, როგორც სამზარეულოში საქმიანობას.
ბევრი მშობელი სიამოვნებით დააკისრებდა ბავშვებს შესაბამის საოჯახო მოვალეობებს, მაგრამ როცა ბავშვების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ. საუბარია ძირითადად სკოლის მოსწავლე მოზარდებზე.
პატარა ასაკის ბავშვები, როგორც წესი, სიამოვნებით ეხმარებიან მშობლებს, რადგან ისინი ბუნებრივად ბაძავენ უფროსებს და თითქმის ყველა საქმიანობაში თამაშის ელემენტს ხედავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბუნებრივი სურვილი სწორად შევინარჩუნოთ და არ „დავაფრთხოთ“.
იმისთვის, რომ ბავშვს შრომისმოყვარეობა განუვითარდეს, მნიშვნელოვანია:
პოზიტიურად რეაგირება მის პირველ მცდელობებზე, რომლებიც, როგორც წესი, 2–3 წლის ასაკში ჩნდება — მივცეთ შესაძლებლობა, დაეხმაროს და მისი მცდელობა შევაქოთ. გასაგებია, რომ რეალურად, დახმარების ნაცვლად ხელს უფრო შეგიშლით, მაგრამ ამ დისკომფორტს უნდა გაუძლოთ, ესეც აღზრდის ნაწილია.
რაც შეიძლება მეტი საქმე ერთად გავაკეთოთ. ეს უნდა ხდებოდეს ბუნებრივად, სიამოვნებით, დიალოგის ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს, რომ ყოველდღიურ საქმეებში შემოქმედებითი მიდგომები იპოვოს.
ნელ-ნელა გავაფართოვოთ იმ საქმეების წრე, რომლებიც შეიძლება ბავშვს დავავალოთ — აუცილებლად მისი ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
ვაკონტროლოთ საკუთარი სიტყვები. თუ ბავშვი ხშირად ისმენს ფრაზებს, როგორიცაა „როგორ მომბეზრდა საჭმლის კეთება“, „ვერ ვიტან ჭურჭლის რეცხვას“ ან „მე თქვენი დამლაგებელი არ ვარ“, მასაც უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება საოჯახო შრომის მიმართ.
ბავშვს ხშირად ვუმეოროთ, რომ მისი დახმარება ნამდვილად საჭიროა და ძალიან გამოგვადგა მისი გაკეთებული საქმე.
არ გავაკრიტიკოთ ბავშვი წარუმატებლობის გამო. აუცილებლად შევაქოთ მისი მცდელობა და წავახალისოთ შემოქმედებითი მიდგომა. არ უნდა გადავაჭარბოთ და დავღალოთ, არ უნდა ვაკონტროლოთ ზედმეტად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ შეურაცხმყოფელი შენიშვნები. საოჯახო საქმეები არ უნდა გამოიყენებოდეს სასჯელად.
არ გავაკეთოთ ბავშვის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც თავად შეუძლია.
