"თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო... ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით... ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო..." - ლიკა კუჭუხიძე დიდი სიყვარულის და დიდი ტრაგედიის ამბავს ყვება - მშობლები
აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა,ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და გადარჩა, ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა.
როგორც ცნობილია, გოგონას გამოწერის შემდეგ კიდევ დასჭირდა ოპერაცია ხერხემალზე. ის სასწაულებრივად გადაურჩა უმძიმეს ავარიას, რომელსაც მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო შეეწირა. ლიკას დიდხანს არ უმხელდნენ მეუღლის გარდაცვალების ამბავს. უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა. 19 წლის დედისერთა ბიჭი, ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან. წყვილი ახალდაქორწინებული იყო. მათი ქორწილის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა....
ლიკუნა გადაცემაში ყვება მათი სიყვარულის და საშინელი ტრაგედიის ამბავს:
- პირველად გავიცანი ბაჩო ცეკვაზე. მე ვიყავი 15-ის, ბაჩო იყო 16 წლის. აი ვიდეოებიდან რომ ჩანს, როგორი სიცოცხლით სავსე და ენერგიული ბიჭია თავიდანვე ისეთი იყო, და ზედმეტად მოუსვენარი იყო. ამის გამო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ მერე ერთად მოგვიწია წყვილში ცეკვა და გვინდოდა თუ არ გვინდოდა, საერთო ენა უნდა გამოგვენახა.ერთმანეთს ვკითხულობდით, ვწერდით და მოწონებაში გადადიოდა ეს ყველაფერი. მერე გადიოდა თვეები, დღეები და მერე უკვე მოწონებაზე ბევრად მეტი იყო ჩვენთვის ეს გრძნობა... არ დამავიწყდება, 9 ივლისს ბათუმიდან სახლში ბრუნდებოდით, ფესტივალი გვქონდა და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ამ გრძნობისთვის სახელი დაგვერქმია და გავხდით შეყვარებულები. მაგრამ მამაჩემს ვუმალავდით ყველაფერს. დღემდე არ ვიცი, ოთხი წლის განმავლობაში როგორ ვმალე. იცოდა დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემამ ნათესავებმა, მაგრამ მამაჩემმა არ იცოდა იმიტომ, რომ ასაკიც არ მქონდა, რომ მეთქვა, მამა შეყვარებული მყავს... ვიცოდი, ცოტა რთულად მიიღებდა ამ ყველაფერს.
მერე როცა გავიზარდე, უკვე მერიდებოდა თქმა. მერე ბაჩოს ჰქონდა ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ აი, როგორც კი 18 წლის გახდებიო, მაშინვე ცოლად უნდა მოგიყვანო, დამალვები აღარ შემიძლიაო და მეთქი კარგი... და შეასრულა თავისი სიტყვა... გავიპარეთ თბილისში ისე, რომ არავინ არ იცოდა საერთოდ... ვიცოდი, როგორ ინერვიულობდნენ ჩემები და განვიცდიდი. მამაჩემის ძმაკაცს დავურეკე და ვთხოვე, ყველაფერი აეხსნა, რომ მე უკვე გავთხოვდი... მამაჩემს უთხრეს და ცოტა ინერვიულა, განიცადა, მისთვის მოულოდნელი იყო... მერე უკვე ჩემმა ძმამაც უთხრა, ვიცნობ, კარგი ბიჭია, ოთხი წელი შეყვარებულები იყვნენო... რომ გაიგო მამაჩემმა, როგორი ოჯახიდან მოდიოდა ბაჩო, როგორი პიროვნება იყო, მერე უკვე დამშვიდდა და დაწყნარდა. მერე დამირეკა და პირველი სიტყვა რაც იყო, მახსოვს, მითხრა, სად გეჩქარებოდა, შვილოო. და მერე მითხრა, რომ შენ თუ ბედნიერი ხარ, ჩემთვის ეგ არის მთავარი. მთავარია შენ იყო ბედნიერიო... მოკლედ იმ დღეს ამოვისუნთქეთ, ყველა შიში, ყველა დაბრკოლება, რაც გვქონდა, გადავლახეთ და დავმშვიდდით... მერე უკვე დავიწყეთ ქორწილზე ფიქრი. სხვათა შორის, ხელი გაპარვამდე მოვაწერეთ, რატომღაც ბაჩო ჩქარობდა ამ ყველაფერს და ჯვრისწერაც უნდოდა, მაგრამ მე მინდოდა, რომ ეს თეთრ კაბაში მომხდარიყო, ამიტომ ხელი მოვაწერეთ გაპარვამდე... თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო, ყველაფერი ჩაეტია, აი არ ვიცი... ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდით, ვერ ვიაზრებდით, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რაღაცის მოსწრება უნდოდა... აი ყველაფრის.. მერე დავგეგმეთ ქორწილი...
ორი ქორწილი გვქონდა, რადგან ბევრი ხალხი გვიგროვდებოდა...500-600 კაცზე ადიოდა ეს ყველაფერი და ამდენს ვერ მივაქცევდით ყურადღებას.
ქორწილის მაგიდასთან რომ ვისხედით, ერთმანეთს ვუყურებდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ეს შევძელით და ახლა ცოლქმრული ცხოვრება გვიწევს... ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო, მერე მივხვდებით ალბათ, რომ ცოლ-ქმარი ვართო...
ბევრი ადამიანი გვიწერდა კომენტარებში, რომ აი, რა კარგი წყვილი ხართ, ერთად რა კარგები ხართო და მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ბაჩო ჩემს ნაკლს ფარავდა, მე ბაჩოს ნაკლს ვფარავდი და ერთად მართლა სასწაული ვიყავით...
ბაჩო სიცოცხლით სავსე, ენერგიული, მოსიყვარულე, ალალი და ზედმეტად კეთილი იყო. ხანდახან ვუყურებდი და ვფიქრობდი, ღმერთო, ასეთი რა დავიმსახურე, რა გავაკეთე, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა-მეთქი და ვნანობ, რომ ეს სიტყვები ბაჩოსთვის არ მითქვამს... რომ ვუყურებდი, ხანდახან როგორი ბედნიერი იყო, რომ რაღაც სიკეთეს აკეთებდა, ვფიქრობდი, ნამდვილად სასწაული იყო და სასწაულად წავიდა ამ ქვეყნიდან... სულ სიყვარულს მჩუქნიდა, ყოველდღე და არ დამავიწყდება ის 24 დილა, როცა გათენდა.
ყოველთვის თბილი იყო ჩემ მიმართ, მაგრამ მაგ დილას ზედმეტად თბილი იყო და ვუთხარი კიდევაც, მეთქი პირველად ხომ არ მხედავ... მუცელზე მკოცნიდა, მეფერებოდა, რაღაცებს მეუბნებოდა... ორსულად ვიყავი.
24-მა დაგვაკავშირა მე და ბაჩო ერთმანეთს, 24-ში გავიპარეთ. ოთხწლიანი სიყვარული გვქონდა, ოთხი თვე ვიყავით ცოლ-ქმარი ვიყავით და 24-მა წამართვა ბაჩო... ბევრს ჰგონია, რომ ქორწილი იყო და ''ვგონკაობდით''. ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, რომ აი გონკაობდნენ, ქორწილის სუფრა იყო, მსგავსი არაფერი ყოფილა. 25-ში უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე მეჯვარე და 24-ში, წინა დღეს გავაწყვეთ მანქანა. ძალიან ბედნიერები ვიყავით მაგ დღეს. ბაჩოს სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება. ამ ქორწილში რაღაც მოხდება, რაღაც ძაან მაგარი მოხდებაო. გავაწყვეთ მანქანა, მოვდიოდით სახლში და მერე უკვე ის ავარიის მომენტი არ მახსოვს... ერთი ის მახსოვს, რომ ჩემმა მეუღლემ მიაყვირა მაგ მომენტში, ბიძია, ეს რას შვებაო და რომ გავიხედე, ეგ მახსოვს, იმიტომ, რომ მე TikTok-ს ვსქროლავდი, და რომ ავიხედე მაღლა, უკვე წინიდან მარშრუტკა იყო და ''აბგონს'' ვაკეთებდით.... მერე უკვე ყველაფერი განათდა. ალბათ მერე მოხდა შეჯახება. მაგის მერე არაფერი მახსოვს საერთოდ, გავითიშე. შოკში ვყოფილვარ მაგ მომენტში. ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ მე. ყველაზე მძიმედ ვყოფილვარ...
ერთი თვე ვიყავი ხელოვნურ კომაში. რამდენიმე დღე გათიშული ვიყავი, მაგრამ ერთი თვე ვიყავი ხელოვნურ კომში, იმიტომ ის ტკივილები არ მეგრძნო, რაც მქონდა, ამის გამო მაძინებდნენ. თვალები რომ გავახილე, პირველი ის ვიკითხე, ბაჩო სადაა ან აქ რა მინდა... ზოგი მეუბნებოდა, ავარიაში მოყევიო და არ გახსოვსო არაფერი, ზოგი მეუბნებოდა, რომ წაიქეცი და არ გახსოვს არაფერიო და ძაან ავირიე... ბაჩოზე რომ ვიკითხე, მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგოო, ჩქარობდაო და კიბიდან უცებ ჩამოვარდაო და ფეხები აქვსო მოტეხილიო და თბილისში არის საავადმყოფოშიო. თითქოს დავიჯერე, თითქოს არ დავიჯერე... მეთქი ხმა გამაგონეთ, რამე მითხარით, სურათი გადაუღეთ, დამანახეთ... არ შეიძლებაო, რეამინაციაში წევსო, მატყუებდნენ, მაგრამ გული მიგრძნობდა, უბრალოდ ტვინს არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი დაეჯერებინა... მერე როცა უკვე ხერხემლის ოპერაციაც გამიკეთდა, 26 დეკემბერს ექიმი დამელაპარაკა, რომ ბაჩო აღარ არისო და მაშინაც არ დამიჯერებია... იმიტომ არ დამიჯერებია, ისეთი სიცოცხლე სავსე და ენერგიული იყო და იმდენად სასწაული, მეთქი რანაირად არ არის, რანაირად... მერე მითხრა, ქორწილისთვის ემზადებოდითო და გამახსენდა ყველაფერი.... მერე გავიხედე, იღება კარები და შემოდის ჩემი დედამთილი მთლიანად გაშავებული, თავზე წაკრული, ყველაფერი შავი და რომ მითხრა, ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, აი მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა, ყველაფერი ჩაბნელდა, ყველაფერი გაშავდა, თითქოს ყველაფერს ხალისი და სიცოცხლე დაეკარგა მაგ მომენტში ჩემთვის... ძალიან მძიმედ ვიყავი. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავიტანე, ალბათ ღმერთმა და ბაჩომ მომცა იმის ძალა, რომ მე ეს ყველაფერი ასე მიმეღო... ბაჩოს დასკვნა რომ ვნახე, ძალიან ბევრი ტრამვა ჰქონია, ძალიან ბევრი დაზიანება... მთელი ნახევარი საათი გადმობრუნებულ მანქანაში იყო და იქიდან რომ გადმოიყვანეს, უკვე სისხლისგან დაცლილა და საავადმყოფომდე ვერ მიაღწია...
თურმე ყვიროდნენ ექიმები, ვუშველოთო, რომ იცოდნენ, მძიმედ ვიყავი და ალბათ რაღაც ესმოდა ბაჩოს და ლიკას მიმიხედეთო, უთქვამს... არ ვიცი უბრალოდ, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს, სხვა სამყაროში მიდიხარ და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ.. ლიკას მიმიხედეთო, და ბაჩომ ეს სიტყვები რომ თქვა, კარგად იცოდა, რომ მე გადავრჩებოდი...
...პირველი გადმომიყვანეს მე, შემდეგ - ბაჩოს ბიძია, და ბაჩო იყო ყველაზე გაჭედილი, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ვერ გადმოიყვანეს ვერანაირად იმიტომ, რომ ბაჩოს ღვედიც არ ეკეთა და ეს ავარია და შეჯახება რომ მოხდა, ჩასრიალდა, ქვემოთ იყო გაჭედილი და ყველა მანქანას (ოთხი მანქანა იყო ჩვენთან ერთად, ვინც ავარიაში მოხვდა), ყველა მანქანას მარჯვენა მხარეს აქვს დარტყმული, საითაც ბაჩო იჯდა...
ბევრი წერდა ბაჩოს ბიძაზე, არ ვიცი რანაირად დგას ფეხზე, მაგრამ ბაჩოს ბიძიას ყველაზე მეტად უჭირს ეს ამბავი. ისიც ძაან მძიმედ იყო, სიკვდილს ებრძოდა, ძლივს გადარჩა და ბაჩოს ეს მდგომარეობა მანაც არ იცოდა, მასაც ატყუებდნენ და იცოდა, რომ ბაჩო აპარატზე იყო შეერთებული. მას ახსოვდა ეს ავარიის მომენტები, რომ ავარია მოხდა, მაგრამ არ იცოდა ბაჩო როგორ იყო. ბაჩოს ბიძიას ყველაზე მეტად უჭირს...
თუმცა მე ამ გადაცემაში არ გავუშვებ ამ შესაძლებლობას ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ არ შევახსენო ყველას, ღვედი ყველამ უნდა გაიკეთოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ადამიანის გადარჩენის და სამწუხაროდ, ბაჩოს არ ეკეთა... მისულები ვიყავით თითქმის ადგილზე, ბაჩოს ვუთხარი კიდევაც, ღვედი გაიკეთე-მეთქი, თან პოლიციაც იყო გვერდზე გაჩერებული და ბაჩომ თქვა, უკვე მოსულები ვართო, ლიკაო, და მე ვუთხარი, ხვალ ქორწილია და არ დაგვაჯარიმონ, ზედმეტი ხარჯი რად გვინდა-მეთქი, მოსულები ვართო უკვეო და არ გაიკეთა...
ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა... ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც შეძლო და თავისი შვილის სიყვარულს პატივი სცა. ერთადერთი შვილი ჰყავდა. მას აქ ტოვებდა "ზალაში" დასვენებულს და ჩემთან მოდიოდა საავადმყოფოში.
ერთად ვცხოვრობთ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, როცა მითხრეს, ბაჩო აღარ არისო, სად უნდა წავსულიყავი, თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა, სადაც მან დამტოვა და მე დღეს ამ ოჯახში ვარ. ჩემი მეუღლის ოჯახში ვიმყოფები...
...იმდენი რამე მაქვს სათქმელი ბაჩოსთან... უბრალოდ მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მენატრება და ძალიან მაკლია... სულის ტკივილა... როგორც შეიძლება, რომ ადამიანი მოგენატროს, მაგ დონეზე მენატრება და მის გარეშე არ ვიცი დღემდე, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას.. ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის არც ერთი მანუგეშებელი სიტყვა არ არის, ეს ნუგეში ვიპოვე ეკლესიაში და ვინც ჩემს გზას გადის, უამრავი ახალგაზრდა გადის ვიცი, იმიტომ რომ ჩვენს მერე უამრავი ავარია მოხდა... და ვინც ამ გზას გადის, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ტაძარში იარონ ხშირად, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს... მე ძალიან უსუსური ვიყავი, ძალაგამოცლილი ვიყავი და ეს ჩემი სულიერი სიმშვიდე ვიპოვე ეკლესიაში. მე, როგორც ქრისტიან ადამიანს, ყველაფერი მჯერა, ყველა სასწაული არსებობს და ყველა სასწაული ხდება... და გარდაცვალებით ადამიანის სიცოცხლე არ სრულდება. მე ეს გავიგე და ძალიან ბედნიერი ვარ...