"მეორე ორსულობა ქალის ტვინს მკვეთრად ცვლის... ყოველი ორსულობა უნიკალურ კვალს ტოვებს ქალის თავის ტვინზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ორსულობის დროს ცვლილებები..." - მშობლები

"მეორე ორსულობა ქალის ტვინს მკვეთრად ცვლის... ყოველი ორსულობა უნიკალურ კვალს ტოვებს ქალის თავის ტვინზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ორსულობის დროს ცვლილებები..."

2026-04-06 11:26:32+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ახალი კვლევის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც, ორსულობა, განსაკუთრებით კი მეორე ორსულობა, ქალის თავის ტვინს მკვეთრად ცვლის:

- მეორე ორსულობა ქალის ტვინს მკვეთრად ცვლის. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რას გულისხმობს ეს ფრაზა. სტატისტიკის თანახმად, ქალების უმრავლესობა სიცოცხლეში ერთხელ ან რამდენჯერმე ორსულდება, მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს იმის გარკვევა, როგორ ცვლის ორსულობა და დედობა ქალის ტვინს.

ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2024 წელს გაარკვიეს, რომ პირველი ორსულობის დროს ქალის თავის ტვინში მკვეთრი ცვლილებები გვხვდება. თუმცა, ამავე ჯგუფის მეცნიერებმა ჟურნალში "Nature Communications" სულ ცოტახნის წინ ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ქალის ტვინი მეორე ორსულობის დროს განსაკუთრებულად იცვლება.

ეს ცვლილებები უნიკალურია და სულაც არ იმეორებს მექანიკურად პირველი ორსულობის დროს განვითარებულ ცვლილებებს. მეცნიერებმა ორსულობამდე და ორსულობის შემდეგ ქალის თავის ტვინის მდგომარეობა ერთმანეთს შეადარეს. იგულისხმებოდა პირველი-მეორე ორსულობა. ასევე, ორსული და ორსულობა გადატანილი ქალბატონის თავის ტვინი არანამშობიარევი ქალის თავის ტვინს.

მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველი ორსულობა უნიკალურ კვალს ტოვებს ქალის თავის ტვინზე. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ორსულობის დროს ცვლილებები, რადგან, როგორც ირკვევა, თავის ტვინის ის უბნები განსაკუთრებით რეაგირებს, რომლებიც პასუხისმგებელია ვიზუალურ ანუ მხედველობით და სმენით სტიმულებზე. აგრეთვე, პასუხისმგებელია ყურადღებაზე.

მეცნიერებმა ამგვარი ცვლილებები ქალის ახალ როლსა და პასუხისმგებლობას დაუკავშირეს - არა უბრალოდ ერთი ბავშვი აღზარდოს, არამედ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისთვის მოემზადოს. მდგომარეობისთვის, როდესაც მას ორი და მეტი შვილის აღზრდა დაევალება...

მეცნიერებმა ამ ცვლილებებით კიდევ ერთი მდგომარეობა ახსნეს, რომელსაც ჰქვია დეპრესია ორსულებსა და ახალნამშობიარევ ქალებში. ისინი თვლიან, რომ თავის ტვინის ეს ცვლილებები, ეს მნიშვნელოვანი ძვრები შეიძლება, დეპრესიის ასახსნელად მარტივი გასაღები იყოს.

რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მასშტაბური არ იყო, მეცნიერები თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ დაინახეს და გაიაზრეს, რომ ქალი უბრალოდ ბავშვს კი არ აჩენს, იგი იცვლება. განსაკუთრებით, მისი ტვინი იცვლება, ეგუება დედობას და ამ პროცესში მას ყველას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

რამდენი უნდა მოიმატოს ქალმა წონაში ორსულობის სხვადასხვა პერიოდში და როგორ უნდა გამოთვალოთ სხეულის მასის ინდექსი - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს
დაავადებები, რომლებსაც ორსულობა კურნავს ან დროებით აჩერებს - მანანა მგალობლიშვილის ვრცელი განმარტება