ექიმი და ბლოგერი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს იმ 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომის შესახებ, რომლებსაც ადამიანები წნევის დამწევი ცნობილი მედიკამენტის - კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ. ეს შეცდომები კიდევ იმიტომ არის საგულისხმო, რომ ბევრი ამ პრეპარატს ექიმის გარეშე სვამს:
- საქართველოში კაპტროპრილს ძალიან ბევრი ადამიანი თვითნებურად სვამს და ამ 5 ძალიან ხშირ შეცდომას უშვებს:
პირველ რიგში, კაპტოპრილი საკვებთან ერთად არასდროს მიიღოთ. როდესაც საკვებს მიირთმევთ და ასევე სვამთ კაპტოპრილს, რომ არტერიული წნევა დააქვეითოს, საკვების მიღება მის შეწოვას 40%-ით შეამცირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ წამალს კი დალევთ და გექნებათ მოლოდინი, რომ წნევას დაგიწევთ, მაგრამ წნევა არ დაიწევს. კაპტოპრილი ყოველთვის საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ უნდა დალიოთ, რომ შეწოვა არ დაქვეითდეს.
მეორე, კაპტროპრილი მოქმედებას ძალიან სწრაფად იწყებს. მაგრამ, მისი მოქმედება ხანმოკლეა. სულ რაღაც 4-6 საათი გრძელდება. ამიტომაცაა, რომ ის ექიმებს არ გვიყვარს. მისი მიღება პაციენტს დღეში 2-3-ჯერ უწევს. როდესაც პაციენტი მას დილით დალევს და აქვს იმედი, რომ კაპტოპრილი მთელი დღე წნევას დაუწევს, ასე არ არის. საღამოს საათებში პაციენტს წნევა ისევ მაღალი აქვს, მაგრამ ის ამას ვერ გრძნობს და მოლოდინი აქვს, რომ კაპტოპრილმა წნევა დაუწია. ამიტომ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კაპტოპრილი ხანმოკლე მოქმედებისაა.
მესამე, კაპტროპრილი ჩვენს ორგანიზმში კალიუმის დაგროვებას იწვევს. როდესაც ადამიანი კაპტოპრილს სვამს, სისხლში კალიუმის შემცველობა იზრდება. ამ პერიოდში კალიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება, არ მგონია, კარგი იდეა იყოს. პაციენტი უნდა მოერიდოს და ინტენსიურად არ მიირთვას ბანანი, ისპანახი, ავოკადო...
მეოთხე, კაპტოპრილი ჩვენს ორგანიზმში თუთიის წინააღმდეგ როგორც მაგნიტი, ისე მუშაობს. თუთიას იკრავს. ამიტომაცაა, რომ გემოვნების რეცეპტორებს თუთია აკლდება და ადამიანს გემოს აღქმა ერღვევა, მეტალის შეგრძნება უჩნდება და დილით ყავას რომ დალევს, თითქოს, უცხო, მწარე გემო ექნება მისთვის.
ბოლოს, კაპტოპრილის ფონზე, პაციენტების, დაახლოებით, 10-15%-ს ხველა ეწყება. ზოგს ჰგონია, რომ ქრონიკული ბრონქიტის გამო ახველებს. არა, ეს კაპტოპრილის დამსახურებაა. როცა ადამიანი სვამს კაპტოპრილს, მის ფილტვებში გროვდება სუბსტანცია P და ბრადიკინინი. ისინი მგრძნობიარე ნეირონებს აღიზიანებენ და ადამიანს ხველა ეწყება. ხველა არ გაივლის, თუ ექიმს არ ეტყვით და ამ მედიკამენტს არ შეგიცვლით.