საბჭოთა პერიოდში დამზადებულ ჭურჭელთან დაკავშირებით დღემდე ერთგვარი ნოსტალგიური წარმოდგენა არსებობს. ყველა დარწმუნებულია, რომ იმდროინდელი ჭურჭელი „ბუნებრივი“, „ეკოლოგიურად სუფთა“ და სრულიად უსაფრთხო იყო. ეს წარმოდგენა ნაწილობრივ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მაშინ ნაკლებად გამოიყენებოდა თანამედროვე პლასტმასები და სინთეტიკური მასალები. თუმცა რეალური სურათი გაცილებით უფრო კომპლექსურია: იმ პერიოდის ჭურჭელში მართლაც იყენებდნენ უფრო გამძლე და ზოგჯერ უსაფრთხო მასალებს, მაგრამ პარალელურად არსებობდა ტექნოლოგიური შეზღუდვები და ქიმიური რისკები, რომლებიც დღეს უკეთ არის შესწავლილი და გამოვლენილი.
საბჭოთა პერიოდში უსაფრთხოება სხვანაირად იზომებოდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე მეტალების მიგრაციაზე, ქრონიკულ ზემოქმედებაზე, გრძელვადიან რისკებზე.მაშინ ასეთი დეტალური ტოქსიკოლოგიური კონტროლი არ იყო პრიორიტეტი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეკორატიული ჭურჭელი უფრო რისკიანი იყო, ვიდრე ყოველდღიური და ექსპორტზე გასული პროდუქცია უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი.

ემალირებული ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი იყო. ემალი მინისმაგვარი საფარია, რომელიც მეტალის ზედაპირს ფარავს და იდეალურ მდგომარეობაში ინერტულია — ანუ საკვებთან აქტიურად არ რეაგირებს. სწორედ ამიტომ, დაუზიანებელი ემალი ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა. თუმცა პრაქტიკაში ასეთი ჭურჭელი ხშირად ზიანდებოდა: ცვდებოდა, ჩნდებოდა ბზარები, ჩამოცვენილი ადგილები. ამ შემთხვევაში საკვები უკვე კონტაქტში შედის ქვედა ლითონთან, რომელიც უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, ფერადი ემალის შემთხვევაში დამატებითი რისკიც არსებობდა: საბჭოთა პერიოდში გამოყენებული პიგმენტები ხშირად შეიცავდა ტყვიას, კადმიუმს და სხვა მძიმე მეტალებს. ეს ნივთიერებები ემალში იყო ფიქსირებული და ზედაპირის გათხელების, ხანგრძლივი გამოყენების ან მჟავე საკვებთან კონტაქტისას შეიძლება გადასულიყო საკვებში. განსაკუთრებით საყურადღებოა წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი მინანქრები, სადაც ასეთი პიგმენტების გამოყენება უფრო ხშირი იყო.
დღეს თანამედროვე წარმოებაში, განსაკუთრებით ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს (მაგ. ევროკავშირის სტანდარტები), რომლებიცტყვიის გამოყენებას ფაქტობრივად კრძალავს საკვებთან კონტაქტის მქონე ემალში, კადმიუმს კი ძალიან მკაცრ ი შეზღუდვით ან საერთოდ არ უშვებს წარმოებაში.
ალუმინის ჭურჭელი ასევე ფართოდ გამოიყენებოდა მისი სიმსუბუქისა და ხელმისაწვდომობის გამო. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ალუმინი მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს საკვებში, განსაკუთრებით მჟავე ან მარილიან გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ყოველდღიური გამოყენებით მიღებული ალუმინი იწვევს მძიმე დაავადებებს, მისი ჭარბი დაგროვება ორგანიზმში არასასურველად ითვლება. საბჭოთა პერიოდში ამ საკითხზე რეგულაცია არ არსებობდა და ინფორმაციის დონეც დაბალი იყო, რის გამოც ასეთი ჭურჭლის გამოყენება ყოველთვის არ ხდებოდა სწორ პირობებში.
მაგალითად, ძველი ალუმინის ჭურჭელი ხშირად იფხაჭნებოდა, თხელდებოდა, ჩნდებოდა ნაკაწრები. ალუმინზე ასეთ დაზიანებებს ყურადღებას არავინ აქცევდა, ემალისგან განსხვავებით. ასეთ შემთხვევაში მეტალი უფრო ადვილად შედიოდა რეაქციაში. გარდა ამისა, მეტალის საკვებში გადასვლას ხელს უწყობდა ხანგრძლივი ხარშვაც, მეტალის მავთულით გახეხვა, სოდით დამუშავება, მარილიანი კერძების ხანგრძლივად ხარშვა, რისკებს ზრდიდა ასევა ტომატის სოუსი, ბორში, ტყემალი, ლიმონი, ძმარი.
დღეს ალუმინის ჭურჭელი ზოგადად უკეთესია.პირველი დიდი ცვლილება არის ანოდირებული ალუმინი. ეს არის სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი, სადაც ალუმინი ფაქტობრივად „დალუქულია“ და ნაკლებად რეაქტიული ხდება. ასეთი ზედაპირი ბევრად უფრო ინერტულია, ნაკლებად შედის რეაქციაში საკვებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს ალუმინის გადასვლას საკვებში. თუმცა არსებობს წესები, რომლებიც ისევ ძალაშია — იმიტომ, რომ ალუმინი იგივე მეტალია. მჟავე და მარილიანი საკვები მაინც აჩქარებს მეტალის გამოყოფას, დაზიანებული ზედაპირი ზრდის რისკს, ხანგრძლივი შენახვა იმავე ჭურჭელში არასასურველია.

თუჯის ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ხანგრძლივი მასალაა. სწორად მოვლის შემთხვევაში ის უსაფრთხოდ ითვლება და დღესაც აქტიურად გამოიყენება. თუჯი შეიძლება მცირე რაოდენობით გამოყოფდეს რკინას, რაც ზოგჯერ სასარგებლოც კია, თუმცა არასწორი მოვლისას (ჟანგვა, ზედაპირის დაზიანება) შეიძლება გაჩნდეს პრობლემები. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძველ ჭურჭელში ტექნოლოგიური სისუფთავე ყოველთვის ერთნაირი არ იყო და ზოგჯერ მინარევებიც ემატებოდა.
თუჯი არც მაშინ და არც დღეს არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორც ტყვია ან კადმიუმი. მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს — რკინის გაზრდილი რაოდენობა საკვებში, რაც უმეტეს შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენს

საბჭოთა კერამიკული და ფაიფურის ჭურჭელი ხშირად აღიქმება როგორც ყველაზე „ბუნებრივი“ და უსაფრთხო არჩევანი, თუმცა აქაც არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები. საბჭოთა პერიოდში მინანქრებისა და საღებავების წარმოებაში ხშირად გამოიყენებოდა ტყვია და კადმიუმი, რათა მიღწეულიყო სიპრიალე და ფერების სიმკვეთრე. თუ ასეთი ჭურჭელი ხარისხიანად იყო დამზადებული, ანუ ტექნოლოგიური პროცესით მყარად იყო ეს ნივთიერებები „დაბლოკილი“ მინანქარში და ზედაპირი დაუზიანებელი დარჩებოდა, რისკი შედარებით დაბალი იყო. მაგრამ საბჭოტა კავშირი რაოდენობაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ხარისხზე. ხარისხიანი პროდუქტი მასებისთვის ხშირად არ იყო ხელმისაწვდომი. მუდმივი დეფიციტი საბჭოთა ცხოვრევის განუყოფელ ნაწილად რჩებოდა, შესაბამისად, ოჯახების უმეტესობა დაბალ და საშუალო ხარისხის ჭურჭელს მოიხმარდა ყოველდღიურად. შედარებით ხარისხიანი კი ვიტრინებში იყო გამოკეტილი.
საბჭოთა კერამიკული და ფაიფურის ჭურჭლის ხარისხი ერთგვაროვანი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ტექნიკური სტანდარტები, მათი შესრულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვადასხვა საწარმოში. შესაბამისად, „ხარისხიანი“ წარმოება არ წარმოადგენდა მასობრივ და უნივერსალურ პრაქტიკას. ერთი და იგივე ტიპის ჭურჭელიც კი შეიძლებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებულიყო როგორც ტექნოლოგიური დამუშავების, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი შედარებით უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური მასალაა. თუმცა საბჭოთა პერიოდში გამოყენებული შენადნობების ხარისხი ყოველთვის არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ნიკელის ან სხვა მეტალების მცირე რაოდენობით გამოყოფა, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ან დაზიანებული ზედაპირის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, კარგად დამზადებული უჟანგავი ფოლადი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ითვლებოდა.

საბჭოთა პერიოდის ჭურჭელზე საუბრისას აუცილებელია ბროლის ცალკე განხილვაც, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ამავე დროს ყველაზე ბუნდოვანი ტერმინია.
„ბროლი“ რეალურად არის სპეციალური ტიპის მინა, რომელიც შეიცავს ტყვიის ოქსიდს. სწორედ ტყვიის შემცველობა აძლევს მას იმ დამახასიათებელ ბრწყინვალებას, სიმძიმეს და „ზარისებურ“ ხმას, რის გამოც საბჭოთა პერიოდში ბროლის ჭურჭელი ხარისხისა და სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა. ტყვიის შემცველობა ასეთ მინის ტიპში შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ზოგჯერ 20–30%-საც კი აღწევდეს.
დიდხანს არსებობდა წარმოდგენა, რომ რადგან ბროლი მინაა, ის სრულიად ინერტულია და უსაფრთხო. სინამდვილეში ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. ტყვია მყარ სტრუქტურაშია „ჩაკეტილი“, თუმცა გარკვეულ პირობებში შესაძლებელია მისი ნელ-ნელა გამოყოფა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა ბროლის ჭურჭელში ინახება სითხე დიდი ხნის განმავლობაში.

ყველაზე მაღალი რისკი დაკავშირებულია ალკოჰოლურ სასმელებთან (განსაკუთრებით ძლიერი სპირტიანი სასმელები), მჟავე გარემოსთან, ხანგრძლივ შენახვასთან.
კვლევებით დადასტურებულია, რომ თუ, მაგალითად, ალკოჰოლი ბროლის დეკანტერში კვირების ან თვეების განმავლობაში ინახება, ტყვიის გარკვეული რაოდენობა შეიძლება გადავიდეს სითხეში. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ხანგრძლივი ექსპოზიციისას მნიშვნელოვნად იზრდება.
თუ ბროლის ჭურჭელი გამოიყენება მხოლოდ მოკლევადიანი მოხმარებისთვის — მაგალითად, სასმლის ჩამოსასხმელად და დაუყოვნებლივ დასალევად — რისკი მინიმალურია. თუმცა მისი გამოყენება როგორც შესანახი ჭურჭლის, განსაკუთრებით ალკოჰოლისთვის, არ არის რეკომენდებული.
დამატებითი ფაქტორია ჭურჭლის მდგომარეობა. ძველი ბროლის ზედაპირი შეიძლება დროთა განმავლობაში გაცვდეს, გაჩნდეს მიკრობზარები, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყვიის მიგრაციის ალბათობას. ასევე საყურადღებოა ჭურჭლის ინტენსიური გამოყენება და ხშირი რეცხვა, რაც აჩქარებს ზედაპირის ცვლილებებს.
საბჭოთა პერიოდში ტყვიის შემცველობაზე მკაცრი რეგულაციები და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთი განვითარებული არ იყო, როგორც დღეს. თანამედროვე ბროლის ნაწარმში ბევრ ქვეყანაში ტყვიის შემცველობა შეზღუდულია ან საერთოდ ჩანაცვლებულია სხვა ოქსიდებით, თუმცა ძველი ბროლის შემთხვევაში ასეთი გარანტია არ არსებობს.
ამრიგად, ბროლის ჭურჭელი ვერ ჩაითვლება სრულად უსაფრთხოდ ყველა გამოყენების შემთხვევაში. ის უფრო დეკორატიულ ან მოკლევადიანი გამოყენების ნივთად უნდა განიხილებოდეს.
საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა ინდუსტრიაში უსაფრთხოების და ეკოლოგიური სტანდარტები თანამედროვე დონეზე განვითარებული არ იყო. მიუხედავად სახელმწიფო კონტროლის არსებობისა, წარმოება არ იყო ერთგვაროვანი და სხვადასხვა ქარხანაში ტექნოლოგიური ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. შესაბამისად, ერთი და იგივე ტიპის ჭურჭელიც კი შეიძლებოდა განსხვავებული ხარისხის ყოფილიყო.
ნოსტალგიური წარმოდგენა, რომ „ძველი ყველაფერი უკეთესი და სუფთა იყო“, რეალობას სრულად არ შეესაბამება. საბჭოთა ჭურჭელში ნამდვილად არსებობდა გამძლე და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც დღემდე გამოიყენება, მაგრამ პარალელურად არსებობდა ქიმიური რისკებიც, რომლებიც მაშინ ნაკლებად იყო გააზრებული. ამიტომ ასეთი ჭურჭლის შეფასება უნდა მოხდეს არა ზოგადი წარმოდგენით, არამედ რეალისტურად, კონკრეტული მასალის, მისი მდგომარეობისა და გამოყენების პირობების მიხედვით. მისი არც ზედმეტად დაკნინება არაა საჭირო და არც გადაჭარბებული ქება.