ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:
- დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.
ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.
მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.
12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში - 20-21 გრადუსამდე.
11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.
დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.
ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება.