"ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა. ჩემი ოჯახი არასდროს მალავდა. პირიქით, გვერდით მედგა" - გიორგი ნაზღაიძე ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საუბრობს - მშობლები

"ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა. ჩემი ოჯახი არასდროს მალავდა. პირიქით, გვერდით მედგა" - გიორგი ნაზღაიძე ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საუბრობს

2026-04-07 09:22:53+04:00

ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე, პოდკასტში "კოტcast” ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა და რომლის დაძლევაც სწორი მკურნალობით მოახერხა:

- ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა. ოჯახის წევრებმა სხვადასხვა ექიმთან მატარეს. ჩემი ოჯახი არასდროს მალავდა. პირიქით, გვერდით მედგა. მაგრამ, ეს ის პერიოდია, როდესაც ამ ყველაფერს მალავდნენ, ფარულ ცენტრში მიჰყავდათ და ასე შემდეგ...

სიმართლე გითხრათ, იქაც ვერ მიშველეს. ბოლოს, ჩემმა ოჯახმა იპოვა ექიმი, რომელმაც ფსიქოლოგიურადაც, წამლებითაც ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი შენშია, შენ უნდა დაძლიო... როდესაც გეწყება შფოთვა, უნდა მიხვდე, რომ ეს არ მოგკლავსო. ამიხსნა, დამიკონკრეტა, შემდეგ წამლები დამინიშნა და სადღაც, სამწელიწად-ნახევარი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი აღარ მომსვლოდა. როგორც ამიხსნეს, მილიონში ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს.

ამ თემაზე გიორგიმ წლების წინაც ისაუბრა ინტერვიუში:

- მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა. გამოიხატებოდა გულის წასვლით, კრუნჩხვებით, სხვა გამოვლინება არ ჰქონია. რომ მემართებოდა, რამდენიმე ადამიანი მაკავებდა... იმ პერიოდში ისე ხდებოდა, რომ სხვაგან გავდიოდი და ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია... ეს ყველაფერი 10-11 წელი გამიგრძელდა. ამის გამო ბევრი ცხოვრებისეული შეზღუდვა მქონდა... ყველაფერი კი 9-10 წლის ასაკში დაიწყო... იმ პერიოდში ჭავჭავაძეზე არსებობდა "ეპილეფსიის ფარული ცენტრი", სადაც სამკურნალოდ დავდიოდი.

- იმ შეტევას რა იწვევდა?

- შეიძლება მაგალითად, ვინმესთან მეჩხუბა, იმ ჩხუბში გამარჯვებული ვყოფილიყავი, მაგრამ 2 დღის შემდეგ შეტევა დამმართნოდა. ზედმეტად რომ დავხარჯავდი ემოციას, იმას ორგანიზმი ვერ იტანდა და შესაბამისი რეაქციას ისე გამოხატავდა. შეტევა შეიძლება ყოველ დღეც ყოფილიყო. ის დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ემოციური დღე იყო. შესაძლოა უშუალოდ ემოციის გამოხატვისასაც მომხდარიყო...

- მედიკამენტოზურად მკურნალობდი?

- კი და ფსიქოლოგებთანაც ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ემოციები თვითონ უნდა მეკონტროლებინა, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ წამალი პრობლემას ვერ უშველიდა. წამლები კი ისეთი იყო, რომელიც ემოციურ ფონს მითიშავდა...

- და ეს ყველაფერი, წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა?

- კი. წამლებმა და ფსიქოლოგების კონსულტაციებმა გავლენა იქონია. ამასთან, გავიზარდე, ემოციების კონტროლი ასე თუ ისე დავიწყე და ეტაპობრივად ყველაფერი შეჩერდა".

გიორგიმ კოტე მათითაშვილთან ასევე ისაუბრა თავის მოვლაზე, თუ რატომ არ დადის სატრენაჟორო დარბაზებში და ამას საღამოობით ფეხით სიარულს ამჯობინებს. რატომ არ სწყალობს დიეტებს და ბევრ აღიარებულ თავის მოვლის საშუალებას. ერთადერთ პლასტიკურ ჩარევაზე, რომელიც დასჭირდა ცხვირზე პრობლემის გამო, ვიზუალური მხარის მნიშვნელობაზე და ასევე ჭაღარაზე, რომელიც მცირე ასაკიდან აქვს და კარგა ხანს იღებავდა კიდეც:

- მქონდა შეღებილი ახალგაზრდობაში, იმიტომ, რომ მე ჭაღარა მაქვს პატარა ასაკიდან და იმ ასაკიდან გამომდინარე, მაშინ ამ ჭაღარას ვმალავდი. იმიტომ არა, რომ კომპლექსი მქონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჭაღარა მაინც მაძლევდა ასაკს. მაგრამ უკვე როდესაც დრო გავიდა, თავისთავად, აღარ ვიღებავ. ვხვდები, რომ ეს ჭაღარა მე მომწონს და ამბობენ, რომ ძალიან მიხდება... წვერი თითქმის სულ მაქვს, წვერს თუ ვიპარსავ, ასაკიც მაკლდება, თავისებურად ჩემი სტილია, იმიტომ რომ წვერი ერთხელ გავიპარსე, ერთი წლის წინ, თავიც გადავიპარსე და ფოტო რომ ავტვირთე სოციალურ ქსელში, ეგონათ, რომ ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი ვიღაცა პატარა ბიჭი, ოღონდ რომელიც მე მგავდა ძალიან.

ასე გამოდის, რომ სპერმის დონორი ვიყავი... ბავშვზე უფლებები მინდა მოვიპოვო, მინდა შვილთან ურთიერთობა... აუცილებლად ვუჩივლებ... - გიორგი ნაზღაიძე