"ბავშვი ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ვერ ივლის, წაგების მერე წამოდგომა უნდა ისწავლოს, ცუდ ემოციებს გაუძლოს და არ "გატყდეს" - როგორ გავაძლიეროთ ბავშვი ემოციურად - მშობლები

"ბავშვი ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ვერ ივლის, წაგების მერე წამოდგომა უნდა ისწავლოს, ცუდ ემოციებს გაუძლოს და არ "გატყდეს" - როგორ გავაძლიეროთ ბავშვი ემოციურად

2026-04-08 11:01:31+04:00

"შვილებს სულ ვაქებთ და ვამხნევებთ, მაგრამ თანამედროვე აღზრდიდან გაქრა წაგების გამოცდილება.

ვასაჯაროვებთ მკითხველის წერილს და გთავაზობთ ვრცელ პასუხს:

"ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემი შვილი პატარაა, მაგრამ უკვე ხშირად მაფიქრებს მისი რეაქციები. ყოველთვის ვცდილობ, მხარი დავუჭირო — ვაქებ, ვეუბნები, რომ ნიჭიერია, რომ საუკეთესოა, რომ შეუძლია ყველაფერი. მინდა თავდაჯერებული გაიზარდოს და არასოდეს იგრძნოს თავი ცუდად.

მაგრამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ როცა რამეში არ გამოუვა ან წააგებს — ძალიან მძიმედ განიცდის. შეიძლება ატირდეს, გაბრაზდეს, ზოგჯერ საერთოდ უარს ამბობს გაგრძელებაზე. თითქოს ერთი პატარა მარცხიც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს მასზე. ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, როცა თქვა: „მე ცუდი ვარ“ — და ეს უბრალო თამაშის წაგების შემდეგ.

ვცდილობ დავამშვიდო, ვეუბნები, რომ არაფერია, რომ მაინც საუკეთესოა, მაგრამ მგონია, რომ ეს სიტყვები აღარ შველის. პირიქით, თითქოს კიდევ უფრო ემოციურად რეაგირებს.

მართლა ვერ ვხვდები — ხომ სწორად ვიქცევი? ხომ არ ვუშვებ შეცდომას ამდენი ქებით და დაცვით? როგორ მოვიქცე, რომ ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება და არ ეშინოდეს წაგების?"

ირა, 32 წლის

თანამედროვე ბავშვებისთვის ხშირად მარცხი კატასტროფის ტოლფასია. მშობლები ხშირად გაკვირვებულები კითხულობენ: „ჩვენ ხომ არაფერს ვითხოვთ, მხარს ვუჭერთ, ვაქებთ, ვეუბნებით, რომ საუკეთესოა. რატომ რეაგირებს ასე მძიმედ?“ — პასუხი სწორედ „საუკეთესო“-ში იმალება.

თანამედროვე აღზრდის ტენდენციები გვკარნახობს, რომ ბავშვები მუდმივი მხარდაჭერის გარემოში უნდა იზრდებოდნენ და ეს მართლაც კარგია. დღეს ბავშვებს შედარებოთ იშვიათად ამცირებენ, იშვიათად ადარებენ სხვებს, ნაკლებად აკრიტიკებენ, რათა ტრავმა არ მიიღონ, თუმცა ამასთან ერთად, მათი ცხოვრებიდან გაქრა აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი — წაგების გამოცდილება.

ადრე ბავშვებს ხშირად უწევდათ წაგება და ამას განსაკუთრებული „რიტუალებიც“ არ ახლდა. ეზოში არავინ განიხილავდა წაგებულის გრძნობებს — წააგე? გავარდი, წადი და ივარჯიშე. ეს ხანდახან მკაცრი და უხეში მიდგომა იყო, მაგრამ ფსიქიკა სწავლობდა გამკლავებას და გაძლებას.

დღეს კი მშობლები ცდილობენ ყველა „მკვეთრი კუთხე“ შეარბილონ. შეჯიბრებებში — „მეგობრობამ გაიმარჯვა“. ოჯახში — „შენ მაინც კარგი ხარ“. სკოლაში — დაბალი ნიშნები და მეტი სიტყვიერი მხარდაჭერა. სწორედ ამის გამო ბავშვი ვერ სწავლობს, რომ შეიძლება იყო კარგი და მაინც წააგო. შედეგად მისთვის „კარგი“ და „გამარჯვებული“ ერთსა და იმავეს ნიშნავს. ამიტომაც ყალიბდება ეს დამოკიდებულება — უბრალოდ მონაწილეობა საკმარისი აღარ არის, საჭიროა აუცილებლად წარმატება, რომ საკუთარი თავი დადებითად აღიქვას.

როდესაც ბავშვს მუდმივად ეუბნებიან, რომ ის ნიჭიერია, უნარიანია, საუკეთესოა, მას უყალიბდება მყიფე თვითშეფასება, რომელიც გარე დადასტურებაზეა დამოკიდებული. სანამ ყველაფერი კარგად გამოსდის — ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ როგორც კი წაგებას შეხვდება, იშლება არა მხოლოდ შედეგი, არამედ საკუთარი თავის წარმოდგენა. ასეთ დროს ბავშვი წაგებას აღიქვამს არა როგორც მოვლენას, არამედ როგორც განაჩენს: „მე ცუდი ვარ“.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი — მშობლები ხშირად ძალიან ადრე ერთვებიან. თუ ბავშვი წააგებს, უფროსი მაშინვე ხსნის: „მსაჯი არ იყო მართალი“, „თამაში უსამართლო იყო“, „შენ არ დაგაფასეს“. ჩვენ გვინდა დავიცვათ, მაგრამ ბავშვი ამას ასე აღიქვამს: „წაგება სირცხვილია და ამას გამართლება სჭირდება.“

ამის შედეგად ბავშვი ვერ სწავლობს მთავარს — საკუთარი თავის და შედეგის გამიჯვნას.

ბავშვს უნდა ესმოდეს: შეგიძლია წააგო და მაინც დარჩე ღირსეული, ღირებული და უნარიანი ადამიანი. მაგრამ ამას სიტყვებით კი არა, გამოცდილებით სწავლობენ. წაგება არის გამძლეობის ვარჯიში — უნარი გადაიტანო უსიამოვნო ემოციები და არ „გატყდე“. ეს არის შესაძლებლობა თქვა: „დღეს არ გამოვიდა, კიდევ ვცდი“.

თუ ბავშვს ნებისმიერი დისკომფორტისგან ვიცავთ, ეს უნარი არ უყალიბდება. ხოლო ოჯახს მიღმა სამყარო სხვანაირია — იქ შედარებები არსებობს, უარიც მოდის, არჩევანი ყოველთვის შენზე არ კეთდება. სწორედ აქ იწყება შფოთვა, რადგან ფსიქიკა არ არის მზად ასეთ დარტყმებთან გასამკლავებლად.

საინტერესოა, რომ ბავშვები, რომლებსაც ზოგჯერ აძლევდნენ წაგების უფლებას — დრამისა და „გადარჩენის ოპერაციების“ გარეშე — მარცხს უფრო მშვიდად იღებენ.

თანამედროვე აღზრდამ დიდი ნაბიჯი გადადგა მზრუნველობისკენ, მაგრამ მზრუნველობა არ ნიშნავს „სტერილურობას“. შეუძლებელია გამძლეობის განვითარება ისე, რომ მარცხს საერთოდ არ შეხვდე.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია გააცნობიერონ: ტრავმა თავად წაგება კი არა, უფროსის რეაქციაა. თუ მშობელი მშვიდია, არ პანიკობს და არც აუფასურებს სიტუაციას, ბავშვი თანდათან სწავლობს, რომ მარცხი გზის ნაწილია და არა ისტორიის დასასრული.

და, შესაძლოა, უფრო ხშირად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რეალურია, რომ ბავშვი ყოველთვის იგებდეს? თუ გვინდა, რომ მარცხის შემდეგ წამოდგომა შეძლოს? რადგან ზრდასრულ ცხოვრებაში სწორედ ეს მეორე უნარი აღმოჩნდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი.

ჩემი შვილი ყველაფერზე ტირის, შენიშვნა ისტერიკაში აგდებს. ვერ გავიგე, ხასიათია თუ რაიმე დარღვევა - როგორ დავეხმაროთ ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვს
განა ვინმე ამბობს იმას, რომ ბავშვს შენიშვნა არ მივცეთ. შენიშვნა რომ არ მივცეთ, შეიძლება, საბოლოო ჯამში, ცხოველი მივიღოთ. სიმკაცრესა და შენიშვნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფოკუსი ქცევაზე უნდა იყოს და არ პიროვნებაზე - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს