რა ასაკიდან უნდა იძინებდეს ბავშვი ცალკე ოთახში და რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს - თამარ ედიბერიძის რეკომენდაციები - მშობლები

რა ასაკიდან უნდა იძინებდეს ბავშვი ცალკე ოთახში და რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს - თამარ ედიბერიძის რეკომენდაციები

2026-04-08 12:12:03+04:00

რა ასაკიდან უნდა იძინებდეს ბავშვი ცალკე ოთახში, როდიდან ჯობს, ცალკე საწოლში გადაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს მშობლებმა - თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს:

- ერთ საწოლში წოლა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნაკლებად რეკომენდებულია, რაც არ უნდა პატარა ბავშვი იყოს. იქ ძალიან ბევრი ასპექტი მუშაობს. ბავშვი, სადღაც, 6 თვიდან მაინც ცალკე საწოლში უნდა იწვეს. საწოლის გაზიარება შემდეგ აღარ არის რეკომენდებული.

ის, თუ როდის გავიყვანოთ ცალკე ოთახში, ძალიან ინდივიდუალურია. 3 წლიდან, წესით, ბავშვის ინტელექტუალური საფუძველიც, მისი ემოციური ინტელექტიც მეტ-ნაკლებად მზად არის, რომ ასეთ განშორებას ნელ-ნელა შევაჩვიოთ. მაგრამ, 3 წლამდე ძალიან ინდივიდუალურია. ცუდი არ არის, აქ არ იგულისხმება, რომ ბავშვზე ვძალადობთ და მასზე უარს ვამბობთ. თუ ის მეტ-ნაკლებად ამ სეპარაციას მშვიდად ხვდება, გვაქვს საშუალება, რომ მის ოთახში ხშირად შევიდეთ და ეს არ არის მეტისმეტად დისტანცირებული, აკრძალული არ არის. თუმცა, უფრო რეკომენდებულია, განსაკუთრებით ჩვენი მენტალიტეტისა და რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, ჯობს, 3 წლიდან ინდივიდუალურ ოთახზე დავიწყოთ ზრუნვა. მანამდე ინდივიდუალურია. აკრძალული არ არის, თუმცა რთულია ხოლმე. იგივე ეხება, დაახლოებით, საბავშვო ბაღში წაყვანასაც. ბავშვის ემოციური მზაობა, რომ რაღაც დრო მშობლების გარეშე გაატაროს, იზრუნოს თვითდამშვიდებაზე, მინი-პრობლემების მოგვარებაზე, უფრო სტაბილური და გონივრული შეიძლება, 3 წლიდან იყოს. მანამდე ინდივიდუალურია.

ამავე გადაცემაში თამარ ედიბერიძე საუბრობს, რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს:

- ახალშობილებსა და ჩვილებს ძალიან ბევრი სძინავთ, თითქმის, 17 საათამდე. ასაკის მატებასთან ერთად, ეს ციფრები შედარებით იკლებს. 2 წლამდე ბავშვებში, არანაკლებ 11 საათისა, სასურველია. ამაში ჯამური ძილი იგულისხმება - დღის ძილს +ღამის ძილი. ბავშვები დღის მანძილზე რამდენჯერმე იძინებენ. წინა სასკოლო ასაკში არანაკლებ 10 საათამდე ძილია რეკომენდებული. სასკოლო ასაკის ბავშვს, დაწყებით კლასებში, არანაკლებ 9 საათისა, მოზარდებში არანაკლებ 8 საათისა, ზრდასრულებში არანაკლებ 7 საათისა. იგულისხმება, რაც ოპტიმალურია და ითვლება, რომ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. აქვე, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ პარალელურად ინდივიდუალური საჭიროებები და მოთხოვნები გავითვალისწინოთ. მათი რაოდენობა ბევრი არ არის. მაგრამ, როგორც ზრდასრულებს შეიძლება, საშუალოო სტატისტიკურზე მეტი ან ნაკლები ძილი გვჭირდებოდეს, ასე შეიძლება, იყვნენ ბავშვებიც. ამიტომ, ამ საერთო ციფრების პარალელურად, ყოველთვის გვირჩევენ, რომ დავაკვირდეთ ჩვენი შვილის ბიოლოგიურ საათს, ბიოლოგიურ რიტმს, ვინაიდან არის მინიშნებები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს. ამიტომ, ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია და მხოლოდ მშრალი ციფრები შეიძლება, ორიენტაციად არ გამოვიყენოთ.

ვის შვილსაც ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, როგორ ეხმარებით? ღამეში რამდენჯერმე იღვიძებს - ძილის ხარისხის პრობლემები ბავშვებში
ძილი ფიზიკური ზრდისთვის აუცილებელია, მეხსიერებისთვის... 5 წლამდე ბავშვს საღამოს 9 საათზე უნდა ეძინოს... ძილის რეჟიმი არდადეგებზეც არ უნდა შევცვალოთ - ნევროლოგი ძილის მნიშვნელობაზე და რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში
ბავშვებს ძილის წინ საწოლზე გადარბენა, ხტუნვა უყვართ. მივცეთ მათ ამის საშუალება, ეს უფრო ეხმარება ბავშვს, რომ გემრიელად დაიძინოს - ფსიქოლოგი განმარტავს