ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის წყვილი ერთ-ერთი ცნობილი წყვილია შოუბიზნესში. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წლებია საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობითაც მიიპყრო ყურადღება და თავი ცეკვითა და მომხიბვლელი გარეგნობით დაგვამახსოვრა.
ასევე წლებია, საზოგადოება კარგად იცნობს მსახიობსა და ტელეწამყვანს ლევან ხურციას.
წყვილი 2015 წელს დაქორწინდა და 2016 წელს ვაჟი, ალექსანდრე შეეძინათ. მარიამისთვის ალექსანდრე მეორე შვილია. ადვოკატს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, არბი-გიორგი ჰყავს.
"ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.
...გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი." - აღნიშნავდა ლევანი ინტერვიუში.

"ურთიერთობის დასაწყისში მეც და მარიამიც ვცდილობდით, ერთმანეთისთვის ხელი შეგვეწყო. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, კამათიც. ეს ხან ეხებოდა მარიამის გახმაურებულ საქმეებს, ხან ჩემს წასვლებს საზღვარგარეთ გადაღებებზე… გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი გრძნობები და ვხვდებოდით, რომ პრობლემების გადალახვა შეგვეძლო. ოჯახის შექმნა იმ ასაკში გადავწყვიტეთ, როდესაც ყველაფერი გააზრებული გვქონდა. ერთსაც გვქონდა ნანახი ცხოვრება და მეორესაც, ორივეს გვინდოდა ოჯახი, სიმშვიდე, სიწყნარე და ჰარმონია. როცა საქმეს, ბავშვებს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, პირად ცხოვრებაშიც ჰარმონიაა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ერთად ჰარმონიულად ცხოვრება გამოგვდის." - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.



წყვილი უკვე მე-11 წელია ერთად არის. ხშირად აზიარებენ ერთობლივი დასვენების ფოტოებს და ჩანს, რომ ლევანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მარიამის უფროს ვაჟთანაც. მსახიობი და ადვოკატი აღნიშნავენ, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ოჯახი მათი ნავსაყუდელია.

