ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკვე მეოთხედ, წარმატებით გაიმართა ყოველწლიური სასკოლო პროექტი - START-UP მარათონი, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარება.
პროექტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული უფროსკლასელები გააერთიანა და მათ შესაძლებლობა მისცა, საკუთარი START-UP იდეები სიცოცხლისუნარიან ბიზნეს მოდელებად ექციათ. წელს პროექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. მარათონში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა X-XII კლასის მოსწავლემ გამოთქვა.

სარეგისტრაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლების კვალიფიციურმა წარმომადგენლებმა ინოვაციური იდეების საფუძველზე 78 მოსწავლე შეარჩიეს, რომლებიც 23 გუნდად გაერთიანდნენ. ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა ონლაინ ტრენინგ სესიებში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარ იდეებზე პროფესიონალებთან ერთად იმუშავეს. საბოლოოდ კი, ფინალურ ეტაპზე 10 გუნდი გადავიდა, რომლებმაც საკუთარი პროექტები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს.
START-UP მარათონის კულმინაცია გამარჯვებული გუნდების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია გახდა. ფინალისტ გუნდებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინიციატივებმა, რომლებიც ჯანდაცვის, განათლების, ფიტნესის, რეაბილიტაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს აერთიანებდა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მაღალია ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების პოტენციალი.

ალტე უნივერსიტეტისა და პარტნიორების რჩეული გუნდები

ფინალში მონაწილე ყველა გუნდის წევრს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.
იდეები, რომლებმაც ფინალში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო
ფინალისტ გუნდებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ისეთი ინიციატივები, რომლებიც რეალურ გამოწვევებს ინოვაციური, ტექნოლოგიური და პრაქტიკულად გამოყენებადი გადაწყვეტებით პასუხობდნენ.
ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდის - Bluepatch-ის წევრების შეფასებით, მიღწეული შედეგი მათთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რომ საკუთარი იდეა კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და განავითარონ. გუნდი მუშაობს ინოვაციურ პლასტირზე, რომელიც ლურჯი ნათების გამოყენებით ანადგურებს ბაქტერიებს და დაზიანებული კანის მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ფინალში მიღებულმა აღიარებამ და ერთდროულად რამდენიმე ჯილდოს მოპოვებამ კი მათთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ იდეას რეალური განვითარების პოტენციალი აქვს.
გამორჩეული იყო ასევე Armmo-ს პროექტი - ტარებადი ეგზოსკელეტი, რომელიც მომხმარებელს ზედა კიდურების რეაბილიტაციაში ეხმარება და ამ პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და ეფექტურს ხდის. გუნდის წევრების შეფასებით, მარათონისთვის მზადება ინტენსიური და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო, თუმცა საბოლოოდ მათ იდეის დამაჯერებლად წარმოდგენა შეძლეს. მიღებული დაფინანსება მათ საშუალებას მისცემს გააფართოონ პროდუქტის განვითარება, დაამზადონ დამატებითი პროტოტიპები, დახვეწონ აპლიკაცია და პარალელურად იმუშაონ მარკეტინგულ სტრატეგიაზეც.

ფინალისტ გუნდებს შორის ასევე იყო ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა:
ProtoBlast წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტას, რომელიც ამარტივებს და აჩქარებს კიბოს მკურნალობის დაგეგმვის პროცესს. სისტემა ავტომატურად აანალიზებს სამედიცინო გამოსახულებებს, განსაზღვრავს სიმსივნის ზუსტ ლოკაციას და ითვლის პროტონული თერაპიის ოპტიმალურ დოზას, რაც მკურნალობის გეგმას რამდენიმე კვირის ნაცვლად რამდენიმე წუთში ამზადებს და მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის სიზუსტესა და ხელმისაწვდომობას.
AthleTrack არის ინოვაციური ფიტნესისა და კვების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს და სენსორებით აღჭურვილ სპორტულ ტანსაცმელს. სისტემა რეალურ დროში აგროვებს სხეულის მონაცემებს და მათ საფუძველზე ქმნის პერსონალიზებულ ვარჯიშისა და კვების გეგმებს, რომლებიც მუდმივად ერგება მომხმარებლის ფიზიკურ მდგომარეობასა და პროგრესს.
Future Intelligent Teacher არის მრავალფუნქციური ინტერაქტიული რობოტი, რომელიც ბავშვებს ანატომიის სწავლას უადვილებს. მოწყობილობა აერთიანებს სწავლასა და გართობას, რაც საგანმანათლებლო პროცესს უფრო საინტერესო, ინტერაქციულ და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.
START-UP მარათონის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მეწარმეობის საფუძვლებს, გაიარეს ტრენინგები და მენტორინგი, განივითარეს გუნდური მუშაობის, ინოვაციური აზროვნების, რესურსების მართვისა და იდეის პრეზენტაციის უნარები. პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულად გაევლოთ ის გზა, რომელსაც იდეა რეალურ ბიზნეს გარემოში გადის, სანამ პროდუქტად ან სერვისად ჩამოყალიბდება.
ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილის შეფასებით, START-UP მარათონი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობრივი ხედვისა და რეალურ შესაძლებლობებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებას ემსახურება.
მისი თქმით, პროექტის მთავარი ღირებულება მხოლოდ ცოდნის გაზიარებაში არ მდგომარეობს და ის ქმნის სივრცეს, სადაც მოტივირებულ ახალგაზრდებს საკუთარი იდეების აღმოჩენის, განვითარებისა და მხარდაჭერის რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ასეთი ინიციატივები ეხმარება მოსწავლეებს, ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ მეწარმეობაზე ფიქრი, საკუთარი პოტენციალი კონკრეტულ მიმართულებად აქციონ და ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პერსპექტივაში დაინახონ.
პროექტის სპონსორის, EasyPay-ის შეფასებით, გამარჯვებული იდეების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების პრაქტიკულობას, განვითარების პოტენციალსა და ბაზარზე რეალური მოთხოვნის არსებობას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურ გარემოში გამოცადონ საკუთარი იდეები და განივითარონ ის უნარები, რომლებიც მომავალში მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.
ალტე უნივერსიტეტის მიზანია, START-UP მარათონი მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიან პლატფორმად ჩამოყალიბდეს, რომელიც დამწყებ ანტრეპრენერებს, ინვესტორებსა და გამოცდილ პროფესიონალებს გააერთიანებს და ახალგაზრდებისთვის ინოვაციების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ დარჩება.
R