გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე: "რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული არ მოგვისმენია, ბოდიში არ მოგვისმენია... სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია" - მშობლები

გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე: "რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული არ მოგვისმენია, ბოდიში არ მოგვისმენია... სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია"

2026-04-08 20:08:48+04:00

"ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია", - ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ვიდრე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი მსჯავრდებულების სასჯელს განსაზღვრავდა, იქამდე განმარტება გააკეთა, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

"სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებული. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებები... საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სინანული, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის, სასამართლომ ვერ მოისმინა. ბრალდებულებს ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, თუნდაც, ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია.

სინანული არის ის, რომ ისინი პატიმრობაში არიან.

მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, მობილური ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს.

ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია.

მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს "თვალებს უქაჩავდნენ", მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით.

სასამართლო რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება.

სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მოსამართლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალგაზრდა პედაგოგს არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

მოსამართლის თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მეორე ადამიანში მეგობარი ეძებოს, შესაბამისად, ეს სასჯელი ყველასთვის სამაგალითო იქნება, თუ როგორ უნდა იურთიერთონ ადამიანებმა ერთმანეთთან..."

  • გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ინტერპრესნიუსი

არასდროს არაფერი მისწავლებია ჩემი შვილებისთვის... სულ სხვანაირად ვზრდიდი... ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ სხეულში - გიგა ავალიანის დედა განქორწინების მძიმე წლებსა და ტრაგედიამდე განვლილ ოჯახურ ცხოვრებაზე
“უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა - ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე... მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული...“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა