აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია - სიკვდილზე გამარჯვებისა და მარადიული სიცოცხლის ზეიმი. ამ დღესასწაულს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება.
სადღესასწაულო სამზადისის დროს, მორწმუნეებს ხშირად უჩნდებათ კითხვები: როდის არის კვერცხის შეღებვისთვის ყველაზე საუკეთესო დრო? რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს სააღდგომო კვერცხი, რამდენად სწორია კვერცხების ჭრელ ფერებში შეღებვა და ა.შ.
აღდგომის მთავარი სიმბოლოების, საეკლესიო წესებისა და გავრცელებული ხალხური შეხედულებების შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
- ტრადიციულად, კვერცხის შეღებვას პარასკევ დღეს უკავშირებენ, რადგან სწორედ პარასკევს აღესრულა უფალი ჯვარზე. ამას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და არა რაიმე საიდუმლოებითი: კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, მაცხოვარმა კი პარასკევს დაღვარა სისხლი ჯვარზე ადამიანთა გამოსახსნელად და ამავე დღეს დაეფლა. სწორედ ამ დიდი მოვლენის სიმბოლურად გამოსახატავად, მორწმუნეები კვერცხს წითელ პარასკევს ღებავენ.
- ყველაზე მისაღები დროა წითელი პარასკევის დილის მსახურების დასრულების შემდეგ, გარდამოხსნის დაწყებამდე. ამ დღეებში მთავარია, დრო ისე გადავანაწილოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ტაძარში მსახურებას დავესწროთ, საოჯახო საქმეები კი შუალედებში მოვაქციოთ.
- მართალია, საქართველოში კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია ჩამოყალიბდა, მაგრამ სხვა ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიებში ამ დრომდეც სხვა ფერებადაც ღებავდნენ კვერცხს. სხვადასხვა ფერად შეღებვა ნამდვილად არ არის არც დოგმატური დარღვევა და არც დანაშაული. ასე, ადამიანი ცდილობენ აღდგომის დღესასწაული მიწერადაც მრავალფეროვნებით გამოხატონ, მიწიერადაც გაალამაზონ.
- ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ბოლოს კი იტალიაში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა.
უძველესი ჩვეულების თანახმად, აღმოსავლეთსა და იუდეაში უმაღლეს პირთან პირველად წარდგომისას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მქონე საჩუქარი უნდა მიერთმიათ, ამიტომაც არ გაჰკვირვებია იმპერატორს მარიამის ძღვენი. მან ტიბერიუსს კვერცხი გაუწოდა და მიმართა: "ქრისტე აღსდგა!". იმპერატორს ეჭვით უპასუხია: "ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო". მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო ფერის იცვალა და სულ გაწითლდა.
როდესაც მორწმუნეებმა შეიტყვეს ამ ამბის შესახებ, მათაც დაიწყეს მარიამ მაგდალინელის მიბაძვა და აღდგომის დღესასწაულზე ურთიერთს წითლად შეღებილ კვერცხს გადასცემდნენ სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა!". ეს ჩვეულება თანდათანობით მართლმორწმუნე ქრისტიანთათვის საყოველთაო წესად იქცა.
- ზოგადად, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. სააღდგომო კვერცხი კი უფლის აღდგომას, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომასა და ჩვენს მომავალ განახლებას განასახიერებს. როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან იბადება სიცოცხლე, ასევე საფლავში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილის საუფლოდან. მართლმადიდებლური სწავლებით, ეს სიმბოლო იმასაც შეგვახსენებს, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლისას ჩვენც განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან და მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით.
-რაც შეეხება შაბათს, მართალია, ეკლესია მკაცრად არ კრძალავს, თუ ადამიანმა პარასკევს ვერ მოახერხა, მაგრამ სასურველია ტრადიციის დაცვა, რადგან შაბათი უკვე დიდ მოლოდინსა და მაცხოვრის საფლავად ყოფნას ეძღვნება.
- მორწმუნეები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხს კვირამდე არ მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ის წითელ პარასკევს იღებება, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მარხვაა და, თავისთავად, ქრისტიანები მას არ ჭამენ. კვერცხის პირველად გასინჯვა ხდება მხოლოდ აღდგომის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, როდესაც მარხვა ოფიციალურად სრულდება და იწყება საყოველთაო ზეიმი. მანამდე მისი ჭამა დაუშვებელია, რადგან ეს დღესასწაულის მოლოდინისა და მარხვის სულიერ დისციპლინას ეწინააღმდეგება.
-კვერცხების ერთმანეთზე მიჭახუნება სიმბოლურად გამოხატავს მაცხოვრის აღდგომით ჯოჯოხეთის ბჭეთა დამსხვრევას. როგორც კვერცხის ნაჭუჭი ტყდება დარტყმისას, ისე შეიმუსრა სიკვდილის ძალა და დაიმსხვრა ჯოჯოხეთის ბჭენი.
ეს ტრადიცია ასევე არის სიმბოლო მაცხოვრის დაბეჭდილი საფლავის გახსნისა, როდესაც ლოდი გარდამოგორდა და კაცობრიობისთვის ახალი სიცოცხლის გზა გაიხსნა. სწორედ ამიტომ, ამ სიმბოლურ ქმედებას თან ახლავს უდიდესი ხარება: „ქრისტე აღსდგა!“, რაც სიკვდილზე საბოლოო გამარჯვების დასტურია.
- ენდროთი შეღებვა ტრადიციულად იმიტომ დამკვიდრდა, რომ ის ყველაზე ხელმისაწვდომი, ხელსაყრელი და უსაფრთხო საშუალება იყო. თუმცა, თუ ადამიანს სხვა ხარისხიანი და უსაფრთხო საღებავი აქვს, მისი გამოყენებაც შესაძლებელია, რადგან მთავარი სიმბოლური დატვირთვა ფერს აქვს და არა კონკრეტულ მცენარეს.
-ხახვის ფურცლებს მხოლოდ ფერის გასამძაფრებლად იყენებენ და ხახვის გემოს თუ „სიმწარეს“ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეხედულება უფრო ხალხურია, ვიდრე საეკლესიო. მთავარია, კვერცხი შეიღებოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნივთიერებით, რათა ადამიანები არ მოიწამლონ. შესაბამისად, ხახვის გამოყენება სრულიად მისაღები და მართებულია.

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაფორმება ვიზუალურად ლამაზი და მიმზიდველია, მისი გამოყენება მაინც გაუმართლებელია. კვერცხის გატეხვის შემდეგ ნაჭუჭი ნაგავში უნდა გადაიყაროს, მასზე კი წმინდა გამოსახულებებია. მაშინაც კი, თუ ნაჭუჭს არ გადავყრით და მას, როგორც სიწმინდეს, ისე მოვეპყრობით (მაგალითად, დავწვავთ), მაინც უხერხულია თავად პროცესი - როდესაც ერთმანეთს ვურტყამთ კვერცხებს, რომლებზეც მაცხოვარი, ღვთისმშობელი ან ანგელოზები არიან გამოსახულნი.
მსგავსი გაფორმება გაცილებით მისაღებია კერამიკულ კვერცხზე, რომელიც აღდგომის შემდეგ შეგვიძლია ხატების კუთხეში მოვათავსოთ და შევინახოთ. ასე აღდგომის სიმბოლოიანი ხატიც გვექნება.
- რა თქმა უნდა, კვერცხის არმიღება დღესასწაულს არანაირად არ აკნინებს. უფლისა და ამ დიდი დღესასწაულის მიმართ უპატივცემულობა უფრო უზიარებლობით, სულიერი ცხოვრების უგულებელყოფითა და ღვთის მცნებების გარეშე ცხოვრებით შეიძლება მოხდეს. სააღდგომო კვერცხი სიმბოლოა, მისი ჭამა-არჭამა კი გემოვნების ან ჯანმრთელობის საკითხია და არა რწმენის საზომი.
შორენა მერკვილაძე