სააღდგომოდ ყველა ოჯახში პასკის სურნელი ტრიალებს. ყოველწლიურად მეტი და მეტი ადამიანი აცხობს მას სახლში. უამრავ რეცეპტს, გემოსა თუ ვიზუალის განხილვისას ყველაზე მწვავე კამათი პასკის გაფორმებაზეა. ზოგს მიაჩნია, რომ ზედმეტად მორთული პასკა „პასკა აღარ არის“ და მას მხოლოდ შაქრის პუდრა სჭირდება. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ დღესასწაული ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს და პასკაც არ უნდა იყოს გამონაკლისი.
ამ საკითხსა და პასკის რელიგიურ დატვირთვაზე არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) გვესაუბრება:
- პასქა, თავისი არსით, არ არის რელიგიური პური. იგი საეკლესიო პურის - არტოსის- ხალხური ვარიაციაა, რომელიც შედარებით გვიან შემოვიდა ტრადიციაში. პასკა არის საგანგებოდ გამომცხვარი, აფუებული, ტკბილი პური, რომელიც მდიდარია ინგრედიენტებითა და სურნელოვანი სანელებლებით. თუმცა, მიუხედავად მისი საერო ბუნებისა, ხალხურმა ტრადიციამ მას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა: პასქა სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს - სწორედ იმ ადგილს, სადაც კაცობრიობის გამოხსნა მოხდა. სახელწოდება „პასქაც“ სწორედ დღესასწაულის სახელიდან - პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს. უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა, რის შემდეგაც განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მანამდე დახურული იყო.
პასკის აფუებული, მაღალი ფორმა და ტკბილი გემო იმ სულიერი სიხარულისა და მადლის გამომხატველია, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას მოჰყვა.
- არანაირი რელიგიური შეზღუდვა არ არსებობს. პასქის მორთვა-გაფორმება ადამიანების მხრიდან დღესასწაულის კიდევ უფრო მეტად გალამაზების სურვილია და ამით არაფერი შავდება.
- მართალია, საქართველოში კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია ჩამოყალიბდა, მაგრამ სხვა ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიებში ამ დრომდეც სხვა ფერებადაც ღებავდნენ კვერცხს. სხვადასხვა ფერად შეღებვა ნამდვილად არ არის არც დოგმატური დარღვევა და არც დანაშაული. ასე, ადამიანი ცდილობენ აღდგომის დღესასწაული მიწერადაც მრავალფეროვნებით გამოხატონ, მიწიერადაც გაალამაზონ.
-ცხვრის ფორმის ნამცხვრის გამოცხობა ძველი აღთქმის პასექის კრავს უკავშირდება. ბიბლიური ისტორიით, ებრაელები პასექის დღესასწაულზე კლავდნენ კრავს, რაც იყო მაცხოვრის (იესო ქრისტეს, კაცობრობისთვის მსხვერპლად შეწირვის) წინასახე. ისევე, როგორც ძველად კრავის სისხლმა იხსნა ებრაელები ფიზიკური სიკვდილისგან, ახალ აღთქმაში ქრისტემ, როგორც „ღვთის კრავმა“, საკუთარი მსხვერპლშეწირვით კაცობრიობა ცოდვისა და მარადიული სიკვდილისგან დაიხსნა. „კრავი“ მაცხოვრის ერთ-ერთი მთავარი ეპითეტია და ნამცხვარსაც სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვით აძლევენ მის ფორმას.
-კურდღელი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო არ არის, ის საქართველოში გლობალიზაციამ და დასავლურმა კულტურამ შემოიტანა, სადაც კურდღელი უძველესი დროიდან გაზაფხულისა და სიცოცხლის ენერგიის სიმბოლო იყო. რადგან აღდგომა ბუნების გაღვიძებას ემთხვევა, ადამიანებმა ეს ენერგიული არსება სიცოცხლის განახლების ნიშნად მიიჩნიეს.
თავად ტრადიცია გერმანიიდან მოდის, სადაც შეიქმნა ლეგენდა კურდღელზე, რომელიც ბალახში ფერად კვერცხებს მალავდა. მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი კვერცხს არ დებს, ხალხურმა ფანტაზიამ ეს ორი სიმბოლო გააერთიანა, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი. კურდღლის სხვადასხვაგვარი ფიგურა დეკორატიული ელემენტებია.