მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ანი ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტ-ში საუბრობს ბავშვობაზე, ცნობილ მშობლებზე - მარინე თბილელსა და აკაკი დვალიშვილზე, მათ შვილობაზე და ასევე იმაზე, თავად როგორი დედაა ქალიშვილისთვის, მაკრინესთვის.
- ძალიან ბევრ კარგ, ძალიან ნიჭიერ ხალხში ვიზრდებოდი. მშობლებს კი არ ვგულისხმობ, მათ სამეგობროს, გარემოცვას - მხატვრები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები. ჩვენი სახლი იყო, სადაც ყველაფრის ლაპარაკი შეიძლებოდა, გულის გადაშლა შეიძლებოდა. მამაც ეხმარებოდა, დედაჩემი ძალიან ხელგაშლილი და კისკისა იყო...




დედა მიუხედავად მისი დაკავებულობისა, არ მენატრებოდა იმიტომ, რომ რამდენიც იყო, იმდენი იყო და მართლა იყო, აბსოლუტურად საკმარისი. სხვათა შორის, ჩემს შვილსაც, როცა ვეუბნები, რომ მისი პატარაობისას მართლა უზომოდ დაკავებული ვიყავი, ეს მოგაკელი, ის მოგაკელი... არაფერი არ მომაკელიო, მპასუხობს... იმიტომ, რომ რამდენ ხანსაც ვიყავი, ალბათ ვიყავი ბოლომდე და ბავშვი ამას ხედავს...

როცა მაკრინე პატარა იყო, არ ვიცი, როგორ ვასწრებდი, როგორ არ ვიღლებოდი: სამსაათიანი პირდაპირი ეთერი, მანამდე - 12-მდე რეპეტიცია მქონდა, ან ეთერის მერე, ძალიან ბევრი სპექტაკლი და პლუს ძალიან ბევრი გადაღება. სადილებს ღამე ვაკეთებდი, ეს იყო ჩემი რიტუალი...და მიუხედავად ყველაფრისა, არც მაკრინეს არ ვაკლდი. დედაჩემიც არ მაკლდა, სულ ბევრი იყო... მერე რა არის, იცი, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მამა და დედა დაკავებულია, მოთხოვნადები არიან, უყვართ თავიანთი პროფესია, უნდა ხედავდეს, რომ შენ ხარ შენი საქმით დაკავებული და ეს შენთვის მნიშვნელოვანია...
ძალიან დიდი განსხვავება ჩემს მშობლებსა და ჩემს მშობლობას შორის. სხვა ეპოქა იყო, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა სტანდარტები კარგის და ცუდის და ძალაუნებურად ამას მისდევდი, ძალაუნებურად რაღაც ერთი სქემა იყო ბავშვების გაზრდის...
ჩვენები კი იყვნენ ცოტა არაორდინარულები და სახლიც, ცხოვრებაც ისეთი იყო, მთლად არასტანდარტული, მაგრამ მე მაინც ასე ვიზრდებოდი...
მიუხედავად იმისა, რომ მაკრინე ასაკში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ასაკი მაინც დიდ როლს თამაშობს. სად როცა 18 და 20 წლის ხარ, თვითონ რომ გინდა ჯერ გართობა, ბებიას უტოვებ ან გადიას, რაც მე ვერ წარმომიდგენია... ძალიან ცოტა ხანი მყავდა დამხმარე, რატომ იცი, ვერ წარმომიდგენია, ღამე რომ არ ძინავს შენთან, აი, ეს სიამოვნება რომ არ გაქვს, ღამე რომ ფშვინავს შენ გვერდზე... არ ვიცი, რა ჯობია ამას? თან ისე ჩქარა იზრდებიან, ისე ჩქარა იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას... ახლაც ჩემს შვილს რომ ვუყურებ, სულ მინდა, ის პატარა მაკრინე, ხუჭუჭა და ლოყებიანი დავინახო. ჰოდა, აი ამას როგორ უნდა შეელიო?
ამიტომ ადრე არ უნდა გათხოვდე და პატარამ არ უნდა გააჩინო, რომ აი ეს სიტკბოს ჩაყოლება შეგეძლოს.
მე და მაკრინეს როგორი ურთიერთობა გვაქვს? მე სულ ვითვალისწინებდი დედაჩემის შეცდომებს, ანუ დედაჩემი კი არ უშვებდა შეცდომებს, მაშინ ასე იყო მიღებული. რაც მე ნერვებს მიშლიდა, მაკომპლექსებდა, ფრჩხილებს ვიჭამდი, ჯიუტობაში გადამდიოდა, პროტესტებში, ამას ვითვალისწინებ. თბილელი რომ უცებ ამოხტება, რომ უნდა, მაკრინე გადაყლაპოს, უკან ვაბრუნებ ხოლმე, იმიტომ, რომ მახსენდება, ვხვდები, რომ ახლანდელ ბავშვებთან, ახლანდელ პირობებში და ცხოვრებაში ეს არაფრით არ შეიძლება... თუმცა მგონია, რომ მაინც ცოტა მკაცრი უნდა ვყოფილიყავი...
თინეიჯერი შვილის ყოლა საკმაოდ დიდ დიპლომატიას მოითხოვს, ძალიან დიდ ნერვებს, თავის მოთოკვას, შენი თავის გახსენებას, უფროსების შეცდომების გათვალისწინებას... ძალიან ბევრ რაღაცას და პირველი არის, რომ შენი თავი აიყვანო და რაღაცნაირად მიუშვა, რაღაცის უფლებები უნდა მისცე, რაც მე არ მქონდა და ჩვენ არ გვქონდა... იმიტომ, რომ ცხოვრება, რომელ ასაკშიც არ უნდა იყო, არის გამოცდილება და ცხვირის წატეხვა, წაბორძიკება, დაცემა, ტკივილი, მეგობრის დაკარგვა, ღალატი. ამაზე სწავლობ. დედა, იცი რა, ჩემ დროს ასე და მე ასე - ამაზე ვერ სწავლობ, იმიტომ, რომ ეს ვიღაც სხვისი ამბავია. ამიტომ თვითონ უნდა გაიარონ რაღაცები, რაც მშობლისთვის მტკივნეულია, ურთულესია... მაგრამ სულ ვეუბნებოდი და მინდა რომ ასე იყოს მუდამ, არ მომატყუო. ყველაფერში დაგიდგები, დაგეხმარები, შევეცდები გაგიგო და იცის, რომ ეს ასე მოხდება, უბრალოდ, მითხარი, არ მომატყუო...
კარგი ურთიერთობები გვაქვს, მეგობრული... შექება მნიშვნელოვანია. სხვებთან არ ვაქებ ასეთი, მას ვეუბნები, რომ აი, ეს კარგია... მიუხედავად ამისა, ხომ იცი, მეგობრის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ამას შეეგუე... მეგობრის აზრი არის მთავარი ამ ასაკში, მაგრამ რომ კარგია, რომ შენ მისი გჯერა, უნდა უთხრა... მე არ მახსოვს ასე ჩემი ქება და ჩემთვის სიკვდილი იყო პრემიერის დღე, როცა მოდიოდნენ დედაჩემი და მამაჩემი... აი, ახლაც არ მიყვარს გახსენება. ასე არ შეიძლება. სწორი შენიშვნები, კი ბატონო, მაგრამ შენ ხომ ქრები, შენ ხომ შიშში ხარ უკვე, ვერ ამართლებ მათ ნდობას, მათ შვილობას, სულ ამტკიცებ... ეს არის ძალიან რთული და მაკრინეს ყოველთვის ვეუბნები რა აქვს კარგი, ყოველთვის ვაქებ, როცა ეს საჭიროა.