მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში - "ვეფხისტყაოსანში" - მთავარი - თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობ ქეთი სვანიძეზე პოსტს აქვეყნებს:
"ქეთი სვანიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, 10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ!
ის არის აფხაზეთიდან, გაგრადან! ეს ის წლებია, ჩემი და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!
ბავშვობიდან უნიჭიერესი და საამაყო იყო! უკრავდა საკრავებზე, კლასიკურ ვოკალს სწავლობდა! ჩვენ ვიყავით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ნორჩი მსახიობები! ცეკვავდა ერისიონში და ბევრი სხვა მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა... ერთად ვთამაშობდით სპექტაკლებში!
ეს ყველაფერი დედამისის, ქალბატონ ესმა მიქელაძის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის, რომელმაც 90-იან წლებში ყველა ენერგია ქეთის ვარსკვლავად გაზრდას შეალია!
ქეთი - საოცრად ითამაშე თინათინი! ქეთი - წინ ბევრი წარმატება გელოდება!
საუკეთესო ოჯახი ჰყავს დღეს! მეუღლე და შვილი".


ამ თემაზე ასევე დაწერა მსახიობმა ლევან ხურციამ, რომელიც სპექტაკლში ავთანდილის როლს ასრულებს:


ამონარიდი ქეთი სვანიძის ინტერვიუდან ჟურნალ "თბილისელებისთვის": "მოგეხსენებათ, ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა. მაშინ სამი წლის ვიყავი, მამა დამეღუპა და დედამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის. მიმიყვანა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, კარგი განათლება მიმეღო. დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, ვოკალური ათწლედი, ოპერაში ბავშვთა გუნდში ვმღეროდი, „ერისიონში“ ვცეკვავდი. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვიყავი. მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პროფესიაში წარმატებული ვუყოფილიყავი. მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყველგან ფეხით დავდიოდით. თუმცა, მარტო მე არ გამივლია ეს გზა, მხოლოდ ჩვენ არ გვიჭირდა, მაგრამ ჩემთვის ორმაგად რთული იყო. ეს ის პერიოდია, როცა თბილისში და მთელ საქართველოში ყველას ძალიან უჭირდა და ამ გაჭირვებულ დროს დევნილობა კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ჩვენს ყოფას. საერთო საცხოვრებელში გავიზარდეთ, რასაც კიდევ თავისი სირთულეები ახლდა. ძალიან ვაფასებ იმ ამაგს, რომელიც დედამ ჩემთვის გასწია და ვხვდები, რომ ამის სათანადოდ დაფასება შეუძლებელია. დღეს, დანის რომ ვუყურებ, ვფიქრობ, იმ უშუქობაში, უგაზობასა და უწყლობაში, საერთო საცხოვრებლის სირთულეების ფონზე, დედამ ამდენი რამ როგორ მოახერხა. ის დღესაც გვერდით მიდგას. თუ რამეს ვაკეთებ, თუ შემიძლია სცენაზე ვიდგე, მაქსიმალურად მისი ხელშეწყობით, რადგან მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ბავშვთან ერთად რამდენად რთულია. გვინდა, ჩვენი დიდი წვალება და ბევრი შრომა სწორად წარიმართოს. ახლა უკვე მხოლოდ დედა არა, მეუღლეც დაემატა – ისიც ძალიან მიდგას გვერდში და ვიტყვი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი. შრომა, რომელიც გავწიე ასმაგად მიბრუნდება და უფლის მადლიერი ვარ. რუსთაველის თეატრმაც ძალიან თბილად, შვილივით მიმიღო. ბატონმა რობიკომ წარმოუდგენელი ოცნება ამიხდინა. რუსთაველის თეატრში რომ მოვხვდი, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში შეიძლება, ყველაფერი გამოგივიდეს. თუ დიდ შრომას გასწევ და ფარ-ხმალს არ დაყრი, ყველაფერი მოვა. ბევრი დაბრკოლებაც უნდა გაიარო. უბრალოდ, ჩვენ ცხოვრებაში ძალიან გვეჩქარება, მაგრამ ყველაფერი ისე მოდის, როგორც საჭიროა, ხან დაცემის და ხან წამოდგომის შედეგად, მაგრამ მსახიობი ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს. სადღაც გამოვა, სადღაც – არა, ეს ცხოვრებაა და მე ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი საქმის გამო. ორივეგან დიდ სიყვარულს ვდებ და მიხარია, რომ ეს სიყვარული უკან მიბრუნდება..."

