რატომ ბრუნდება დავიწყებული დაავადებები? როგორ დავიცვათ შვილები? მითები აუტიზმსა და აცრებზე და რეალური სტატისტიკა - პედიატრ მანანა ნანობაშვილის ინტერვიუ აცრებზე იმ მშობლებისთვის, რომლებსაც არჩევანის გაკეთება უჭირთ - მშობლები

რატომ ბრუნდება დავიწყებული დაავადებები? როგორ დავიცვათ შვილები? მითები აუტიზმსა და აცრებზე და რეალური სტატისტიკა - პედიატრ მანანა ნანობაშვილის ინტერვიუ აცრებზე იმ მშობლებისთვის, რომლებსაც არჩევანის გაკეთება უჭირთ

2026-04-10 11:11:38+04:00

როდესაც მშობელს ეშინია: როგორ გავარჩიოთ დეზინფორმაცია რეალური საფრთხისგან? - პედიატრი მანანა ნანობაშვილი ვაქცინაციის უსაფრთხოების გარანტიებზე

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია წამებში ვრცელდება, მშობლებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა იქცა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობასა და იმუნიზაციას ეხება. რატომ იკავებენ მშობლები თავს აცრებისგან? რა საფრთხეებს მალავს „ბუნებრივი იმუნიტეტის“ იმედზე ყოფნა და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვაქცინაციის კალენდრის ზუსტი დაცვა?

ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე კლინიკა „კურაციოსა“ და „მზიური მედის“ პედიატრი, 25-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმი — მანანა ნანობაშვილი გვესაუბრება. იგი დეტალურად განგვიმარტავს, თუ რატომ იწყება ზოგიერთი აცრა დაბადების პირველივე საათებში და როგორ უნდა დავიცვათ შვილები იმ დაავადებებისგან, რომლებიც წარსულში საბედისწერო იყო, დღეს კი ვაქცინით იმართება.

- ქალბატონო მანანა, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად ხვდებით მშობლებს, რომლებიც უარს ამბობენ შვილების აცრაზე?

- ბოლო წლებში ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების ცვლილება ნამდვილად თვალშისაცემია და, როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა მაჩვენებს, ეს პროცესი არაერთმნიშვნელოვნად განიხილება - ის აერთიანებს როგორც სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტს, ისე სოციალური, ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორების გავლენას.

ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრევენციული ინსტრუმენტია, რომელმაც პრაქტიკულად შეცვალა ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებების ბუნებრივი მიმდინარეობა, როგორიცაა პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა და ყბაყურა. ამ დაავადებათა კონტროლი და რიგ შემთხვევაში ელიმინაციაც კი სწორედ იმუნიზაციის პროგრამების შედეგია. შესაბამისად, ვაქცინაციის მნიშვნელობა სცდება ინდივიდუალურ სარგებელს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების საფუძველს ქმნის.

მიუხედავად ამისა, დღეს სულ უფრო ხშირად ვხვდები მშობლებს, რომლებიც ან აყოვნებენ, ან სრულად უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე. აღნიშნული ტენდენცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა - ეს გლობალური ფენომენია, რომელსაც მრავალფაქტორული მიზეზები აქვს.

  • პირველ რიგში, ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის უსაფრთხოების შიში. მშობლები შფოთავენ შესაძლო გვერდით ეფექტებზე, გრძელვადიან შედეგებზე და ზოგჯერ ისეთ კავშირებზე, რომლებიც მეცნიერულად არ არის დადასტურებული, მაგალითად, ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის. ამგვარი შეხედულებები ხშირად ეფუძნება არასანდო წყაროებს, სოციალურ მედიაში გავრცელებულ გამოცდილებებს ან ემოციურ ისტორიებს, რომლებიც მეცნიერულ მტკიცებულებებს ვერ ცვლის.
  • მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობის დეფიციტი - როგორც სამედიცინო სისტემის, ასევე ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ. როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის ნდობა სუსტდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციური და სუბიექტური არგუმენტები ხშირად სჭარბობს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებს.
  • ასევე აღსანიშნავია აღქმის პარადოქსი: იმუნიზაციის წარმატების შედეგად მრავალი ინფექცია იშვიათად გვხვდება, რის გამოც ზოგ მშობელს უჩნდება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ეს დაავადებები აღარ წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს. შედეგად, პრევენციის საჭიროებაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ეჩვენებათ.
  • გარკვეულ შემთხვევებში მშობლები უპირატესობას ანიჭებენ „ბუნებრივ იმუნიტეტს“, მიაჩნიათ, რომ ორგანიზმი თავად უნდა გაუმკლავდეს ინფექციას. თუმცა კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ინფექციური დაავადებების ბუნებრივი მიმდინარეობა ხშირად უკავშირდება სერიოზულ გართულებებს, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით შესაძლებელია.
  • არსებობს ასევე რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებიც გარკვეულ ოჯახებში მტკიცედ განსაზღვრავს გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ხშირად რთულდება, რადგან საკითხი სცდება სამედიცინო არგუმენტების ფარგლებს.
  • დამატებით, მშობლების ნაწილში ვხვდები შეშფოთებას აცრების რაოდენობასთან დაკავშირებით - თითქოს ბავშვის იმუნური სისტემა „იტვირთება“. თუმცა იმუნოლოგიური თვალსაზრისით, ბავშვის ორგანიზმი ყოველდღიურად ბევრად უფრო დიდ ანტიგენურ დატვირთვას იღებს გარემოდან, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად.
  • და ბოლოს, დეზინფორმაცია, განსაკუთრებით სოციალური მედიის გავლენით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ხშირად უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს, ვიდრე მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო რეკომენდაციები.

ვაქცინაციაზე უარის მიზეზები კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ეფექტურ კომუნიკაციას, ნდობის აღდგენას და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული ოჯახის მიმართ. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი იმუნიზაციის მნიშვნელობის სწორად გააზრება და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა.

acra-1775805665.jpg

- რა საფრთხის წინაშე აყენებს ანტივაქსერული მოძრაობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და რა „სიკეთე“ მოაქვს ვაქცინაციას გრძელვადიან პერსპექტივაში?

- ანტივაქსერული მოძრაობა პირდაპირ ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს, ამცირებს კოლექტიურ იმუნიტეტს და იწვევს უკვე კონტროლქვეშ მყოფი დაავადებების ხელახალ გავრცელებას. პრაქტიკამ არაერთხელ გვიჩვენა, რომ ვაქცინაციის შემცირების ფონზე იზრდება ისეთი ინფექციების შემთხვევები, როგორიცაა ყივანახველა ან წითელა, რაც განსაკუთრებით საშიშია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სამედიცინო მიზეზებით აცრა ვერ უტარდებათ (მაგალითად ონკოლოგიური ავტოიმუნური დაავადებების მქონე, იმუნოდეფიციტის მქონე, მცირეწონიანი და დღენაკლი ბავშვები).

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ვაქცინაცია უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის დაცვას, არამედ მთლიანად საზოგადოების სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ის ამცირებს გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკს.

- B ჰეპატიტი და ტუბერკულოზი (BCG): რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ აცრების ჩატარება სიცოცხლის პირველივე საათებში (0-12 სთ) და დღეებში (0-5 დღე)?

- B ჰეპატიტისა და BCG (ტუბერკულოზის) ვაქცინების ადრეული ჩატარება სიცოცხლის პირველ საათებსა და დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ახალშობილი განსაკუთრებით დაუცველია ინფექციების მიმართ და ადრეული ინფიცირება ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

B ჰეპატიტი (0–12 სთ): ვაქცინის პირველი დოზა მაქსიმალურად ამცირებს ვერტიკალური გადაცემის რისკს დედიდან ბავშვზე. თუ ახალშობილი ინფიცირდება დაბადებისას ან მალევე, მაღალია ქრონიკული ინფექციის განვითარებს ალბათობა, რაც მომავალში ციროზისა და ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების სერიოზულ რისკს ქმნის. ადრეული ვაქცინაცია პრაქტიკულად პრევენციას უკეთებს ამ პროცესს.

BCG (0–5 დღე): ტუბერკულოზის ვაქცინა არ იცავს ინფიცირებისგან სრულად, თუმცა ეფექტურად ამცირებს დაავადების ყველაზე მძიმე ფორმების - მილიარული ტუბერკულოზისა და ტუბერკულოზური მენინგიტის განვითარების რისკებს, რომლებიც ახალშობილებში მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

საბოლოოდ, ადრეული ვაქცინაცია იცავს ბავშვს იმ ინფექციებისგან, რომლებიც სიცოცხლის პირველ ეტაპზე ყველაზე აგრესიულად მიმდინარეობს და იწვევს მძიმე, ხშირად შეუქცევად გართულებებს.

- როტავირუსი: ეს ვაქცინა 2 და 3 თვის ასაკში კეთდება. რა სიმპტომებისგან იცავს ის ჩვილს და რამდენად რთული შეიძლება იყოს აუცრელი ბავშვისთვის მისი გადატანა?

- როტავირუსის ვაქცინა სიცოცხლის პირველ თვეებში (ჩვეულებრივ 2 და 3 თვის ასაკში) კეთდება და მიმართულია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე გასტროენტერიტის პრევენციისკენ ჩვილებში. ის ამცირებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობის რისკს, კერძოდ ხშირი და წყლიანი დიარეა, განმეორებითი ღებინება და დეჰიდრატაცია, რომელიც ჩვილებში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება.

აუცრელ ბავშვებში როტავირუსი ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რადგან დეჰიდრატაცია შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში. პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ჩვილთა ინფექციურ სტაციონარში მოხვედრის.

როტავირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება და მარტო ჰიგიენური ზომები ხშირად არ არის საკმარისი მის შესაჩერებლად, ამიტომ ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური დაცვის გზაა.

როტავირუსის ვაქცინა შედის რეკომენდებულ იმუნიზაციის კალენდარში, თუმცა, როგორც ზოგიერთ სხვა ვაქცინაზე, საბოლოო გადაწყვეტილება მშობელს ეკუთვნის. აქ მთავარი აქცენტი კეთდება ინფორმირებულ არჩევანზე - ექიმი აწვდის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ხოლო მშობელი იღებს გადაწყვეტილებას.

- პნევმოკოკი: რატომ არის აუცილებელი მისი გაკეთება 2, 4 და 12 თვის ასაკში?

- პნევმოკოკური ვაქცინაცია (2, 4 და 12 თვე) კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი ყველაზე დაუცველია ინვაზიური პნევმოკოკური ინფექციების მიმართ. ეს სქემა უზრუნველყოფს: ადრეულ დაცვას (2 და 4 თვე), იმ პერიოდში, როცა ინფექციის რისკი ყველაზე მაღალია და იმუნური მეხსიერების გაძლიერებას (12 თვე), ხანგრძლივი და უფრო სტაბილური დაცვისთვის

პნევმოკოკმა (Streptococcus pneumoniae) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორებიცაა: მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი, ოტიტი. აუცრელ ბავშვებში ეს ინფექციები უფრო ხშირია და ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

- კომბინირებული ვაქცინა (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა b, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი): ეს ვაქცინა რამდენიმე დაავადებას მოიცავს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამდენი კომპონენტის ერთდროული იმუნიზაცია?

- კომბინირებული ვაქცინა (DTP-Hib-HepB-IPV) არ არის უბრალოდ „რამდენიმე ვაქცინის ერთად გაკეთება“ - ეს არის კარგად გათვლილი სამედიცინო მიდგომა. ბავშვის იმუნური სისტემა ყოველდღიურად ხვდება უამრავ ანტიგენს, ამიტომ რამდენიმე კომპონენტის ერთდროული მიწოდება პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ორგანიზმი ეფექტურად სწავლობს ერთდროულად რამდენიმე ინფექციის ამოცნობას და წინააღმდეგობის გაწევას. ნაკლები ინექცია ნიშნავს უკეთეს ვაქცინაციის დაცვას და უფრო მაღალ მოცვას საზოგადოებაში. ეს კი პირდაპირ ქმნის კოლექტიურ იმუნიტეტს.

vaqcinacia.jpg

- რა ხდება, თუ ეს დაავადებები ბრუნდება?

მაგალითად, პოლიომიელიტმა შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პარალიზება; ტეტანუსი ხშირად ლეტალურია; დიფტერია აზიანებს გულსა და ნერვულ სისტემას. ეს დაავადებები არ გამქრალა - ისინი კონტროლდება ვაქცინაციით. როცა იმუნიზაცია სუსტდება, ისინი რეალურად ბრუნდებიან. კომბინირებული ვაქცინა არის ძლიერი პრევენციული ინსტრუმენტი. მის გარეშე მივიღებთ იმ დაავადებების დაბრუნებას, რომელთა მძიმე შედეგები მედიცინას უკვე ნანახი აქვს.

- წითელა, წითურა, ყბაყურა (MMR): ეს აცრა 12 თვის და 5 წლის ასაკში ტარდება.

- MMR ვაქცინით (წითელა, წითურა, ყბაყურა) აუცრელი ბავშვი წარმოადგენს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ რისკს — განსაკუთრებით წითელას აფეთქებების პირობებში.

ინდივიდუალური საფრთხე:

წითელა არ არის “უბრალო ბავშვობის დაავადება”. იგი ხასიათდება:

  • ძალიან მაღალი კონტაგიოზურობით (ერთი შემთხვევა საშუალოდ 12–18 ადამიანს აინფიცირებს)
  • გართულებებით: პნევმონია, ენცეფალიტი, იშვიათად — პანენცეფალიტი (ლეტალური გამოსავალი)
  • იმუნური სისტემის დროებითი “დამახსოვრების დაკარგვით”, რაც ზრდის სხვა ინფექციების რისკს

საზოგადოებრივი საფრთხე:

აუცრელი ბავშვი არის ინფექციის აქტიური გამავრცელებელი:

  • აინფიცირებს იმ ბავშვებს, რომლებიც ჯერ ვერ აიცრნენ (1 წლამდე ასაკი)
  • ქმნის საფრთხეს იმუნოდეფიციტური პაციენტებისთვის, რომელთათვისაც წითელა სიცოცხლისთვის საშიშია
  • არღვევს კოლექტიურ იმუნიტეტს, რაც აუცილებელია წითელას კონტროლისთვის (~95% დაფარვა)

- ადამიანის პაპილომავირუსი (HPV): კალენდარი ითვალისწინებს 10-12 წლის გოგონებისა და ბიჭების აცრას.

- HPV ვაქცინა 10–12 წლის ასაკში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს იწყება ორგანიზმის პრევენციული იმუნიზაცია სქესობრივი გზებით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ.

HPV-ს ზოგიერთი შტამი პირდაპირ დაკავშირებულია გინეკოლოგიურ სიმსივნეებთან, განსაკუთრებით საკვერცხის, საშვილოსნოს კიბოსთან, ასევე საშვილოსნოს ყელის და გენიტალური პაპილომების განვითარებასთან. ადრეულ ასაკში აცრა უზრუნველყოფს გრძელვადიან იმუნიტეტს და პრაქტიკულად 90–95% ეფექტურობას სიმსივნური პროცესების პრევენციაში, რაც მომავალში მკურნალობის აუცილებლობას, გართულებებსა და ლეტალობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

HPV ვაქცინა არის პირველი ხაზის პროფილაქტიკა სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა სწორ ასაკში ჩატარების შემთხვევაში.

- კალენდრის მიხედვით, აცრები გრძელდება 14 წლის ასაკში (ტეტანუსი-დიფთერია). რატომ არის საჭირო რევაქცინაცია ყოველ 10 წელიწადში 55 წლის ასაკამდე?

- ტეტანუსისა და დიფტერიის წინააღმდეგ რევაქცინაცია ყოველ 10 წელიწადში არ არის ფორმალობა - ეს ეფუძნება იმუნოლოგიურ და კლინიკურ რეალობას. ვაქცინაციის შემდეგ ფორმირებული ანტისხეულების დონე ეტაპობრივად იკლებს. ტეტანუსის შემთხვევაში დაცვა დამოკიდებულია ცირკულირებადი ანტისხეულების კრიტიკულ ზღვარზე დაახლოებით 10 წლის შემდეგ ეს დონე ხშირად აღარ არის საკმარისი სრულფასოვანი დაცვისთვის

ტეტანუსი არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე - იგი ვითარდება გარემოში არსებული სპორების (ნიადაგი, მტვერი) ორგანიზმში მოხვედრისას. შესაბამისად, “კოლექტიური იმუნიტეტი” არ მუშაობს. ერთადერთი დაცვა არის ინდივიდუალური, პერიოდულად განახლებული იმუნიტეტი

დიფტერიის წინააღმდეგაც იმუნიტეტი სუსტდება დროთა განმავლობაში. მოზრდილებში დაავადება ხშირად უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. რევაქცინაცია ამცირებს როგორც დაავადების, ისე გავრცელების რისკს

რევაქცინაცია საჭიროა, რადგან იმუნიტეტი არ არის მუდმივი. ტეტანუსის შემთხვევაში ეს სიცოცხლისთვის კრიტიკული ინდივიდუალური დაცვაა, ხოლო დიფტერიის შემთხვევაში -როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა.

vaqcinaciaacra.jpg

- რა ხდება მაშინ, თუ მშობელმა გარკვეული მიზეზით გამოტოვა აცრის ვადები? როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი ასეთ დროს?

- თუ მშობელმა გამოტოვა განსაზღვრული აცრის ვადა, პროცესი არ უნდა შეჩერდეს - აცრები უნდა გაგრძელდეს სპეციალური სქემით.

მაგალითად, თუ რამდენიმე დოზა იქნა გამოტოვებული, ექიმი ადგენს ახალ კალენდარს, რათა ბავშვი სრულად აიცრას. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დოზის “შეერთება” უფრო მოკლე ინტერვალით, მაგრამ არასოდეს ერთდროულად ბევრი დოზის გაკეთება უსაფრთხოების შუალედის გარეშე.

სპეციალური სქემა ითვალისწინებს, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე დაავადებების (მაგ., პნევმოკოკი, როტავირუსი, B ჰეპატიტი) დოზები დაცული იყოს პრიორიტეტულად.

- რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ ვაქცინის გვერდითი მოვლენების და ამის გამო შვილების ჯანმრთელობას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებენ?

- მშობლების შიში გასაგებია — ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი შვილები. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რისკების რეალური შეფასება, არა შიშზე, არამედ მტკიცებულებაზე დაყრდნობით.

ვაქცინების გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი და დროებითი (ცხელება, ინექციის ადგილის ტკივილი). მძიმე გართულებები უკიდურესად იშვიათია. სამაგიეროდ, თავად ინფექციები - როგორიცაა წითელა, დიფტერია ან ყივანახველა - რეალურად იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მუდმივ დაზიანებებს და ლეტალობასაც.

აუცრელობით ბავშვი არ არის “ნეიტრალურ მდგომარეობაში” - ის რჩება დაუცველი დაავადებების წინაშე, რომლებიც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი რეაქციები.

აგრეთვე, ვაქცინები ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი მედიკამენტებია. ისინი გადიან მრავალწლიან კლინიკურ კვლევებს და მუდმივ მონიტორინგს. უსაფრთხოების სიგნალები სწრაფად ფიქსირდება და ფასდება.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ პასუხისმგებლობა სხვების მიმართაც. აუცრელი ბავშვი შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციის ჩატარება არ შეუძლიათ (მაგ. იმუნოდეფიციტური პაციენტები, ჩვილები).

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აუცილებელია შეიქმნას სანდო, მყარი და ნდობაზე დაფუძნებული სამკუთხედი, რასაც ბავშვი, მშობელი, პედიატრი ქვია, რათა გონივრულად მიეცეს მშობელს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინის შესახებ, თუ რა გვერდითი მოვლენები, რისკები და გამოსავალი ახლავს თან, და სწორად შეფასდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა.

ნინო გიგიშვილი

რა დაავადებაა ყივანახველა და რატომ ითვლება საშიშ ინფექციად, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი
გოგონები დაცულები იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ძალიან გავრცელებულია - პაპილომავირუსზე უფასოდ 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგონებსაც აცრიან