21 წლის დანილ იანდუკოვი გარეგნულად 10 წლის ბავშვს ჰგავს და ეს თავისებურება, რომელიც მისთვის შეიძლებოდა წყევლად ქცეულიყო, მის სავიზიტო ბარათად და წარმატების ფორმულად იქცა.
დანილის სიმაღლე 140 სანტიმეტრია, წონა კი მხოლოდ 23 კილოგრამი. გარეგნულად მართლაც მეოთხე კლასის მოსწავლეს ჰგავს. ამ თავისებურების გამო მას თითქმის ყოველდღიურად უხერხულ სიტუაციებში უწევს მოხვედრა. თავად ამბობს, რომ მეშვიდე კლასიდან სერიოზულად აღავინ აღიქვამს. თანაკლასელები სწრაფად გაიზარდნენ, ხოლო ის იგივე დარჩა.
„ალბათ მეშვიდე კლასისთვის შევამჩნიე, რომ ყველა თანაკლასელზე დაბალი ვიყავი. ფიზკულტურაზე ყოველთვის ბოლო ვიდექი. ყველა იზრდებოდა, იცვლებოდა, დიდდებოდა, მე კი ისევ პატარა ვრჩებოდი“, — იხსენებს დანილი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა.

მისი მშობლები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მიზეზის პოვნას. ბიჭი სხვადასხვა კლინიკაში დაჰყავდათ, გამოიკვლიეს, გენეტიკური ანალიზებიც ჩაუტარდა, თუმცა ექიმები კონკრეტულ პასუხს ვერ სცემდნენ. ერთადერთი, რაც დადგინდა, ზრდის ჰორმონის დეფიციტი იყო. დანიილს სპეციალურ პრეპარატებს უკეთებდნენ, მაგრამ მკრნალობამ შედეგი არ გამოიღო. 18 წლისთვის მან თერაპიაზე უარი თქვა და საკუთარ მდგომარეობას შეეგუა.
დანილის მთავარი პრობლემა არც სიმაღლეა და არც წონა — არამედ საზოგადოების დამოკიდებულება. ადამიანები მას ბავშვის მსგავსად აღიქვამენ და შესაბამისადაც რეაგირებენ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოებრივ ადგილებში. მას მუდმივად უწევს პასპორტის ჩვენება, რათა თავისი ასაკი დაამტკიცოს. მაღაზიებში, როცა ალკოჰოლს ყიდულობს, გამყიდველებს ხშირად არ სჯერათ დოკუმენტის ნამდვილობა, კლუბებში კი დაცვა „მოსწავლეს“ არ უშვებს.
„სერიოზულად არ მიღებენ, დრო მჭირდება, რომ ყველაფერი ავუხსნა. მაღაზიებში ზოგჯერ უხეშადაც კი მელაპარაკებიან, რადგან ბავშვი ვგონივარ. მაგრამ რატომ უნდა იყო უხეში ადამიანთან, ვინც შენ თვალში სკოლის მოსწავლეა?“ — ამბობს დანილი.

ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრი სირთულე აქვს. სახლში კიბეს იყენებს, რომ ზედა თაროებამს მიწვდეს, მაღაზიებში კი სხვა მყიდველებს სთხოვს დახმარებას. ტანსაცმელს ბავშვთა განყოფილებაში ყიდულობს ან იკერავს. ავტომობილის მართვაც გამოწვევად იქცა — სავარძელს მაქსიმალურად წინ სწევს, გზაზე კი სხვა მძღოლები გაოცებით უყურებენ „ბავშვს საჭესთან“.
მიუხედავად ყველაფრისა, დანილი არ ნებდება. ისწავლა საკუთარ მდგომარეობაზე იუმორით რეაგირება და მისგან სარგებლის მიღებაც კი შეძლო. ერთ დროს ბარში მიმტანად მუშაობდა და, როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგი „ჩაი“ ჰქონდა.
დანილს უყვარს გარშემომყოფების გაოცება: შეიძლება გამვლელებს სიგარეტი სთხოვოს (მიუხედავად იმისა, რომ არ ეწევა) ან ბარში ლუდი შეუკვეთოს და პერსონალის რეაქციას დააკვირდეს. ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებს და საკუთარ ბლოგში აქვეყნებს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თავიდან სოციალურ ქსელებს მისი ანგარიში ბლოკავდათ კიდეც, რადგან არასრულწლოვანი ეგონათ.

მას შემდეგ, რაც მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, დანილი ერთ დღეში ცნობილი გახდა. მასთან ინტერვიუსა და გადაღებების შეთავაზებებაზე რიგი დადგა. მიმტანის სამსახური მიატოვა, რათა მეტი დრო ბლოგსა და კარიერას დაუთმოს. ყველაზე ხმაურიანი შეთავაზება გახდა როლი ფილმში „18-“. ფილმის სიუჟეტი თითქოს დანილის ცხოვრებით არის შთაგონებული.
ერთ პროვინციულ ქალაქში უცნაური ანომალია მოხდა: გამოჩნდნენ „მარადიული მოზარდები“ — ადამიანები, რომელთა სხეულის ზრდა 13 წლის ასაკში შეჩერდა, გონება კი განაგრძობდა ზრდასა და განვითარებას. ეს „მარადიული ბავშვები“ საზოგადოებამ გარიყა — ზოგისთვის ისინი საფრთხეა, ზოგისთვის კი ბიზნესის წყარო.

ფილმის მთავარი გმირი უკვე 33 წლისაა. ის არ ცდილობს „გამოსწორებას“ და მსგავს ადამიანებთან ერთად უფლებებისთვის იბრძვის, რომ დარჩეს იმად ვინც არის.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სხვა დეტალები ჯერ საიდუმლოდ რჩება, ფაქტი, რომ დანილის გარეგნობამ კინემატოგრაფისტების ყურადღება მიიპყრო, ბევრ რამეზე მეტყველებს. თავად იმედოვნებს, რომ ეს თავისებურება მისთვის სამსახიობო კარიერაში უპირატესობად იქცევა, რადგან მისი ტიპაჟი მართლაც უნიკალურია.
ამასთან ერთად, დანილი სწავლასაც აგრძელებს. ის ბლაგოვეშჩენსკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ინჟინრის სპეციალობას ეუფლება და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.