წელს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლისთვის სევდიანი, სრულიად განსხვავებული აღდგომა გათენდება ეპოქალური პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარეშე, რომლის ღვაწლი, ერისთვის რწმენის გამყარებაში შეუფასებელია.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც ურთულესი მისიის შესრულება ხვდა წილად - ერთ დროს ათეისტური იმპერიის მოქალაქენი კვლავ ღვთისკენ უნდა მოექცია, რისთვისაც უწმინდესმა მთელი ცხოვრება იღვაწა. გავა წლები და ილია II ისტორიაში შევა როგორც პატრიარქი, რომელმაც ერი ტაძრებში დააბრუნა. ყველაფერი 1977 წლის 25 დეკემბერს დაიწყო, როცა სვეტიცხოველში მისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების რიტუალი ჩატარდა. პირველი წირვა უწმინდესმა ამავე დღეს, სვეტიცხოველში აღავლინა.
მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომელია ხატწერისა და გალობის აღდგენა-დაბრუნებაშიც. პატრიარქი ოცამდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია. პატრიარქის ფუნჯს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა: „ჩვენთან არს ღმერთი“, „მაცხოვარი“, „ძველთა დღეთა“, „ღვთისმშობელი ოდიგიტრია“, „მთავარანგელოზები“, „წმიდა დავით წინასწარმეტყველი“ და „ღვთივდაცული საქართველო“, „ყოვლადწმინდა სამება“. განსაკუთრებული სიყვარულით აქვს დაწერილი წმიდა მეფეების - დავითის, სოლომონის, ვახტანგისა და თამარის ხატები, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე ვარიანტადაც შეიქმნა.
წელს „კვირის პალიტრის“ მკითხველი სააღდგომო საჩუქრად სწორედ პატრიარქის მიერ დაწერილ „ყოვლადწმინდა სამების“ ხატს მიიღებს, წმინდა ცეცხლზე თავმომწვარ სანთელთან ერთად, რომელიც გაზეთის სააღდგომო ნომერს უკვე წლებია, მოჰყვება.

მოკლედ გიამბობთ წმინდა სამების ხატის საიდუმლოსა და სიმბოლიკის შესახებ:
ხატის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი წერის მაღალოსტატური მანერაა - მოქნილი კონტური, სახეებზე „შუქ-ჩრდილის“ ფაქიზი მოდელირება და ფერების ჰარმონიული შეხამება. სწორედ ამ თვისებების გამო, პატრიარქის ეს ქმნილება თანამედროვე საეკლესიო მხატვართათვის მისაბაძ ნიმუშად იქცა.
საქართველოს ისტორია განუყოფელია სამების სახელისა და მადლისაგან. ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში, ქართველი ერი სამებას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. ჩვენი ქვეყნის არაერთი უმთავრესი ტაძარი სწორედ სამების სახელზეა აგებული. მათ შორის არის უახლესი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაც სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. ასევე უდიდესია ერის ძალისხმევაც, ტაძრის მშენებლობაში.
„ყოვლადწმინდა სამება“ საქართველოს ეკლესიის ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული ხატი, რომელიც ხასიათდება ორიგინალური იკონოგრაფიით და ყოვლადწმინდა სამების მანამდე არსებულ ხატებს შორის სრულიად გამორჩეულია. ხატი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის და სწორედ იქ არის დაბრძანებული.პატრიარქი ილია II „ყოვლადწმინდა სამების“ ხატის მნიშვნელობაზე ბრძანებდა:„ხშირად ჰგონიათ, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც შუაში ზის, არის მამა ღმერთი. სინამდვილეში, მამა ღმერთი არის მარცხენა მხარეს მჯდომი ანგელოზი, რომელიც მაგიდას უყურებს, შუაში გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარჯვენა მხარეს - სულიწმინდა. უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა შესცქერიან მამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ. ასევე უნდა იცოდეთ, რომ წმინდა სამება არის შემოქმედი, მფარველი და გამგებელი მთელი მსოფლიოსი, ცისა და ქვეყნისა, ყოველი დაბადებულისა. ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე წლის წინ, რომ უნდა აგვეშენებინა წმინდა სამების ტაძარი და ღვთის მადლით, ის გახდა ჩვენი ხელთუქმნელი ხატი!“
„კვირის პალიტრის“ 13 აპრილის ნომერს „ყოვლადწმინდა სამების“ ხატი და წმინდა ცეცხლით თავმომწვარი სანთელი მოყვება კონვერტით, რომლის გახსნაც ყველა მართლმადიდებლისთვის მართლაც რომ ემოციური იქნება.