"სოკო ძალიან კარგად ცხოვრობს თხილეულზე, მის გარსზე შეიძლება ბუდე აიშენოს და ჩვენ სრულიად უხილავად მივიღოთ ეს ტოქსინები" - კოტე მათითაშვილი იმპორტირებულ მავნე თხილეულზე - მშობლები

"სოკო ძალიან კარგად ცხოვრობს თხილეულზე, მის გარსზე შეიძლება ბუდე აიშენოს და ჩვენ სრულიად უხილავად მივიღოთ ეს ტოქსინები" - კოტე მათითაშვილი იმპორტირებულ მავნე თხილეულზე

2026-04-11 14:50:42+04:00

ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი "კოტკასტში" თხილეულის თემას შეეხო. მისი ტქმით, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად და რუტინულად მიირთმევენ თხილეულს, აუცილებლად უნდა დააკვირდეს მწარმოებელ ქვეყანას.

"ცოტას როცა მიიღებ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ როცა თხილეულს ხშირად მიირთმევთ, აუცილებად უნდა დააკვირდეთ შენახვის პირობებს, წარმომავლობას და გამომგზავნ ქვეყანას. არის ბრაზილიური თხილი, ქართული თხილი, ის თხილი, ეს თხილი... მილიონი თხილია. მარკეტები გაძეძგილია ამ პროდუქტით. არის სპეციფიური სოკო, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და ეს სოკო ძალიან კარგად ცხოვრობს ამ თხილეულზე, მის გარსზე და ძალიან საყურადღებოა. რომ დაგუგლო ან ხელოვნურ ინტელექტთან კონსულტაციები გაიარო, ზუსტად ჩამოგიწერს, რომელ თხილზე რა ტიპის სოკომ შეიძლება თავისი ბუდე აიშენოს და მერე ჩვენ ეს სრულიად უხილავად მივიღოთ. ეს არის ტოქსინები ამიტომ, თუკი მოყვარული ხართ, არის მეთოდები რომელიც რეკომენდაციას გაძლევს. ევროპის ბევრ ქვეყანაში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეტანა აკრძალულია იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს სწორედ აი ამ მოთხოვნებს და რაღაც სტანდარტებს", აღნიშნა კოტე მათითაშვილმა.

ვინაიდან ჩვენს ბაზარზე მართლაც დიდი რაოდენობითაა იმპორტირებული თხილეული და მას ბავშვებიც ხშირად მიირთმევენ, ამ თემას უფრო დეტალურად შევეხებით.

თხილეული მდიდარია ცხიმებით და ადვილად იწოვს ტენს, რის გამოც არასწორი შენახვის შემთხვევაში მასზე შეიძლება განვითარდეს სოკო. ეს სოკოები წარმოქმნიან ტოქსინებს, რომლებიც თვალით არ ჩანს და არც ყოველთვის აქვს მკვეთრი სუნი, თუმცა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს აფლატოქსინები, რომლებიც შესაძლოა დაგროვდეს ორგანიზმში და ხანგრძლივი გამოყენებისას პრობლემები გამოიწვიოს. იმპორტირებული თხილეული უფრო რისკიანია, რადგან ხშირად გადის ხანგრძლივ ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ტემპერატურულ პირობებში ინახება, რაც ზრდის გაფუჭების ალბათობას.

მარილიანი მიწის თხილი

მარილიანი მიწის თხილი ცალკე თემაა. ძალიან ხშირად მარილი გამოიყენება იმისთვის, რომ დაძველბულის გემო და სუნი დაფაროს. ამიტომ ზედმეტად მარილიანი პროდუქტი ყოველთვის უნდა იწვევდეს ეჭვს. ასაწონი თხილიც სარისკოა, რადგან უცნობია, რამდენ ხანს იდო ჰაერზე, როგორ პირობებში ინახებოდა და რამდენად სწორად იყო დაცული ჰიგიენა. ასეთ პროდუქტში შესაძლოა ერთმანეთში ერეოდეს ძველი და ახალი პარტიებიც.

ხარისხიანი თხილეულის გარჩევა შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ნიშნით. პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება ფერს. ნიგოზი უნდა იყოს ღია, კრემისფერი, ხოლო მიწის თხილი ერთგვაროვანი, ოქროსფერი. თუ პროდუქტი მუქია, ნაცრისფერი ან აქვს შავი ლაქები, ეს უკვე გაფუჭების ნიშანია. სუნი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მაჩვენებელია. კარგი თხილს მსუბუქი, სასიამოვნო არომატი უნდა ასდიოდეს, ხოლო ცუდს აქვს ნესტის, ობის ან ძველი ზეთის სუნი. გემოც ბევრს გვეუბნება. ხარისხიანი თხილი არ უნდა იყოს მწარე ან მძიმედ ცხიმიანი შეგრძნებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს წარმომავლობასაც. ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ ქვეყანა და მწარმოებელი. სჯობს აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არის სანდო ბრენდისგან. საეჭვოდ იაფი იმპორტირებული თხილი ხშირად სწორედ დაბალი ხარისხის შედეგია. ასევე უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ დახურულ, ქარხნულად შეფუთულ პროდუქტს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო კონტროლირებადია შენახვის პირობები, ვიდრე ასაწონ შემთხვევაში.

ტექსტურაც მნიშვნელოვანია. კარგი თხილი უნდა იყოს მშრალი და ხრაშუნა. თუ ის რბილია ან თითქოს „რეზინის“ მსგავსია, ეს ნიშნავს, რომ უკვე დაკარგული აქვს ხარისხი. სახლში შენახვისას რეკომენდებულია თხილის მოთავსება ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, სითბოსა და მზისგან დაცულ ადგილას. თბილ სეზონზე მაცივარში შენახვაც კარგი გამოსავალია, რადგან ეს ანელებს გაფუჭების პროცესს.

როგორ შევინახოთ ნიგოზი ისე, რომ დიდხანს გაძლოს – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან