აღდგომის მეორე დღეს თითქმის ყველა ოჯახი ახლობლების საფლავებს მიაშურებს. როგორ უნდა ვახაროთ მიცვალებულებს აღდგომა, რა წავიღოთ საფლავზე და რას ვაკეთებთ არასწორად საფლავებზე გასვლისას. არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:
- ერთი საუკუნის წინ აღდგომა საფლავებს არ უკავშირდებოდა. ტრადიცია სავარაუდოდ კომუნისტურ ეპოქაში გაჩნდა: როცა ტაძრები დაიკეტა, ხალხი მაინც მიდიოდა ეკლესიებთან, სადაც სასაფლაოებიც იყო. რადგან წირვა არრ სრულდებოდა, თავიანთი მიცვალებულების საფლავებზეც მიდოდნენ.
- ძველი ქრისტიანები საფლავებზე სწორედ იმისთვის მიდიოდნენ, რომ მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ ქრისტეს აღდგომა. მონასტრებშიც კი, აღდგომის მეორე დღეს ლიტანიობით შემოივლიდნენ ტერიტორიას და განსვენებულ საძმოს წევრებსაც ულოცავდნენ.
-დღეს ბევრგან ეს ტრადიცია ქეიფად იქცა, რაც არასწორია. უწმინდესის კურთხევით, უმჯობესია საფლავზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გავიდეთ. საერთოდ კი, ყველაზე კარგი დრო მიცვალებულთა მოსახსენებლად თომას კვირის სამშაბათია (აღდგომიდან მეათე დღე), რომელიც საგანგებოდ ამისთვის არის დაწესებული.
- საფლავზე მხოლოდ პასკა და წითელი კვერცხი უნდა წავიღოთ, როგორც აღდგომის მთავარი სიმბოლოები. სწორედ ამით ვახარებთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას. საფლავებზე დიდი სუფრების გაშლა მართებული არ არის.
-პასქა და კვერცხი საფლავზე არ უნდა დავტოვოთ. ხშირად მათ ცხოველები თელავენ, რაც უპატივცემულობაა. ბევრი ფიქრობს, რომ უპოვარი აიღებს, მაგრამ თუ დარწმუნებულები არ ვართ, რომ მას მართლა გაჭირვებული იპოვის, უმჯობესია შინ წავიღოთ. ნობათი მხოლოდ მაშინ დავტოვოთ, თუ დავინახავთ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება.
- დღესასწაული მხოლოდ სუფრით არ აღინიშნება; ნებისმიერი დღესასწაული ტაძარში ყოფნითა და ლიტურგიაში მონაწილეობით უნდა ვადიდოთ. თუ ადამიანი უძლურების გამო ვერ ესწრება მსახურებას, ის მოძღვრის კურთხევით მოქმედებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია ღმერთთან კავშირი წმინდა ევქარისტიითა (ზიარებით) და ღვთისმსახურებაში მონაწილეობით - სხვანაირად უფალთან კავშირს ვერ შევძლებთ.
- ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია აიღოს ცეცხლი, როდესაც მას საქართველოში ჩამოაბრძანებენ. იერუსალიმში მადლი ყველაზე თანაბრად ნაწილდება: როდესაც პატრიარქი მაცხოვრის საფლავიდან ანთებული სანთლებით გამოდის, მასიურად ხდება ცეცხლის გავრცელება და ნებისმიერს შეუძლია მისი დანთება. დღეს სპეციალური ჭურჭელიც იყიდება, რაც ცეცხლის სახლამდე მიტანასა და შენარჩუნებას აადვილებს.
- მთავარი მადლის მიღებაა და არა დრო. ცეცხლი შეიძლება სახლში რამდენიმე დღე ენთოს ან რამდენიმე საათი. თუ სახლამდე მიტანისას ჩაგიქრებათ, ეს არანაირი განცდის საფუძველი არ უნდა გახდეს. იერუსალიმში მადლმოსილი ცეცხლის გამობრძანებისას, სანთლებს თავებსაც უწვავენ და ისე ინახავენ. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს: უმთავრესია უფალთან ურთიერთობა წმინდა ზიარების საიდუმლოს მეშვეობით.
- მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა იმ ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ თავისი აღდგომით მოგვანიჭა. იგი გამოხატავს სულიერ განახლებას, სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე და იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც სამყაროს მაცხოვრის აღდგომით მოეფინა. ვინაიდან ჯეჯილი სააღდგომო ატრიბუტიკის ნაწილია, დღესასწაულის გასვლის შემდეგ უმჯობესია სუფთა ადგილზე მოვათავსოთ, სადაც ფეხქვეშ არ გაითელება, ან დავწვათ.
შორენა მერკვილაძე