ქრისტიანული დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე ფილმები იესოს ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი მელ გიბსონის ნამუშევარი "ქრისტეს ვნებანია", რომელმაც არა მხოლოდ მაყურებელზე მოახდინა დიდი გავლენა, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც ფილმზე მუშაობდა.
იესოს როლის შემსრულებლის შემდეგ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სატანის როლის შემსრულებელმა, რომელიც ადრიანო ჩელენტანოს ქალიშვილი, როზალინდა ჩელენტანო გახლდათ. ამ როლით მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

იტალიელი მხატვარი, მსახიობი და მომღერალი როზალინდა ჩელენტანო 1968 წელს დაიბადა რომში, ცნობილი წყვილის, პოპულარული მუსიკოსი და მსახიობის ადრიანო ჩელენტანოსა და კინომსახიობისა და მომღერლის კლაუდია მორის ოჯახში. ეს წყვილი ბევრისთვის სამაგალითო ოჯახად ითვლება. ისინი 50 წელზე მეტია ერთად არიან და ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი შეძლეს სიყვარულის შენარჩუნება.
მათ სამი შვილი გაზარდეს: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. კლაუდია მორიმ სამსახიობო და მომღერლის კარიერა შეწყვიტა და შვილების აღზრდას მიუძღვნა თავი. მაგრამ ვარსკვლავური წყვილის უმცროსი ქალიშვილის, როზალინდას ცხოვრება ისე წარიმართა, პრესაში ხშირად საუბრობდნენ, რომ სავარაუდოდ, არც ისე იდეალურად იყო ოჯახში საქმე. მოგვიანებით კი თავად როზალინდამაც გულახდილად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ოჯახში იყო.




ცნობილი ადამიანების შვილებმა, მშობლების კავშირების წყალობით, ბავშვობაშივე დაიწყეს ფილმებში გადაღება და მუსიკაშიც სცადეს ძალები. ყველა მათგანს მშობლების მუსიკალური გენები დაჰყვა და შემოქმედებითი ნიჭი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
უფროსი ქალიშვილი, როზიტა, საბოლოოდ წარმატებული ტელეწამყვანი გახდა და დაქორწინდა, თუმცა შვილები არ ჰყავს.
ჯაკომო მუსიკოსი მამის კვალს გაჰყვა; კარგად მღერის და რამდენიმე ალბომი აქვს ჩაწერილი. ის ძალიან რელიგიური ადამიანია, ღმერთზე ხშირად მღერის. ის ასევე ერთადერთია, ვინც მშობლებს შვილიშვილი აჩუქა.
ცნობილი წყვილის შვილებიდან ყველაზე პოპულარული მაინც როზალინდა ჩელენტანოა, რომელიც მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას თავისი მეამბოხე ხასიათით.

დანარჩენი ორი შვილისგან განსხვავებით, ჩელენტანოს უმცროსი ქალიშვილი ხშირად აძლევს ინტერვიუებს პრესას, სადაც საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს ბევრ საკითხზე, მათ შორის მშობლებზე.
მისი მშობლები, განსაკუთრებით დედამისი, კლაუდია მორი, ცდილობდნენ შვილების მკაცრად აღზრდას, რათა ისინი არ გამხდარიყვნენ ამპარტავნები. თუმცა როზალინდა ამბობს, რომ მას ყოველთვის ენატრებოდა მამის სიყვარული და სითბო, რომელიც მუდმივად გასტროლებზე იყო, ხოლო დედის სიმკაცრე დამთრგუნველი იყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზრდასრული როზალინდა მკაცრად ამბობდა, რომ ასეთ მშობლებს არ ჰქონდათ შვილების ყოლის უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარს მშობლები. უბრალოდ, პირადად მისთვის რთული იყო მშობლების, განსაკუთრებით კი მუდმივად დაკავებული მამის გარეშე გაზრდა.
ამონარიდი როზალინდას ინტერვიუდან:
"4 წლის ვარ, ვდგავარ და ვტირი. დედამ საჯდომზე წამომარტყა. ალბათ, რაიმე დავაშავე, მაგრამ ვერ ვხვდები რა. დედას კი მწარე ხელი აქვს. დედაჩვენი ძალიან ავტორიტარული ქალია, მე, ჩემს დასა და ძმას მკაცრად გვზრდიდა.
მამა ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად იყო. მუდამ დაკავებული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ფიქრობდა. ძალიან გვაკლდა მისი ყურადღება და სიყვარული… არტისტები ძალზე ეგოისტური არსებები არიან. ერთხელ ინტერვიუში განვაცხადე, რომ, ჩემი აზრით, მათ საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ჩვენ გავჩნდით, საკუთარი კარიერით დაკავებულები, შინ ხშირად არ იმყოფებოდნენ, ჩვენ კი მშობლები გვჭირდებოდა და გვენატრებოდა.
- არა, ეს დედის პირადი გადაწყვეტილება იყო – საკუთარი თავი სრულებით ქმრისთვის მიეძღვნა. დედასთვის მამა შვილივითაა. მის გამო ის ნებისმიერი მსხვერპლისთვის მზად არის!
- როგორც უკვე აღვნიშნე, დედა საკმაოდ ავტორიტარული ქალია, ყველაფერი კარგის მიუხედავად, რაც მას ოჯახისთვის გაუკეთებია. და ეს ძალიან მიმძიმდა. ერთხელ ვიგრძენი, რომ დიდი პირადი სივრცე მჭირდებოდა. მომინდა, ხელოვნებით დავკავებულიყავი, მშობლები კი წინააღმდეგი იყვნენ. და მე წავედი… არსად. 6 თვე ქუჩაში, უსახლკაროებთან ვცხოვრობდი. თავი გადავიპარსე. ყოველთვის მეამბოხე ვიყავი. უნდა გავრკვეულიყავი, თუ რა მსურს.
- არაფერზე. მხოლოდ იმაზე, რომ მოვმკვდარიყავი. მიმძიმდა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ვერ ვაიგივებდი თავს სამყაროსთან, ადამიანებთან. ვერ ვპოულობდი საკუთარ ადგილს ცხოვრებაში… სიკვდილთან რთული ურთიერთობა დამიმყარდა, მუდამ ვგრძნობ მის სიახლოვეს და მე მასზე ხშირად ვფიქრობ. 8 წლის წინ, როდესაც 36 წლის გავხდი, მომეჩვენა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა მნიშვნელოვანმა უკვე ჩაიარა, და თვითმკვლელობა ვცადე..."
როგორც ინტერვიუშიც აღნიშნა, 18 წლის ასაკში როზალინდამ, გადაწყვიტა, სრულად გათავისუფლებულიყო მშობლების მზრუნველობისგან და სახლიდან წავიდა. ექვსი თვის განმავლობაში ქუჩებში დახეტიალობდა, უსახლკაროებთან ცხოვრობდა და არსად მუშაობდა. ყველაზე მეტად სიკვდილი სურდა.
დეპრესიისკენ მიდრეკილებამ დიდხანს არ გაუარა და 36 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა , საძილე აბების დოზის გადაჭარბებით. ექიმებმა ის გადაარჩინეს, მშობლებმა და მეგობრებმა კი ისეთი ყურადღებითა და მზრუნველობით აავსეს, რომ როზალინდას თქმით, სიცოცხლის ნამდვილი ფასი გაიგო.
როზალინდამ კატეგორიულად უარი თქვა მშობლების ფინანსურ მხარდაჭერაზე და საკუთარი ცხოვრება ააშენა. კინოში 20 წლიდან მოთხოვნადია. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად სატანის როლი ითვლება მაიკლ გიბსონის „ქრისტეს ვნებაში“.


მამამისმა, ადრიანო ჩელენტანომაც კი, ძალიან შეაქო ქალიშვილის შესრულება. ის არაერთხელ იყო ნომინირებული სხვადასხვა კინოჯილდოზე, ყველაზე ხშირად კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში.
თავი დაიმკვიდრა ასევე, როგორც მუსიკოსმა: რეგულარულად გამოდის კონცერტებზე. განსაკუთრებით უყვარს ხატვა და მისმა გამოფენებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.
როზალინდას მეამბოხე ბუნება მას მუდმივად სკანდალებისა და შოკისმომგვრელი ქმედებებისკენ უბიძგებს. მაგალითად, წლების წინ თავი გადაიპარსა და მამაკაცს დაემსგავსა. მერე ღიად აღიარა, რომ მის ცხოვრებაში როგორც მამაკაცები, ასევე ქალები იყვნენ. ქალებს შორის მან ახსენა ურთიერთობები იტალიელ მსახიობებთან მონიკა ბელუჩისთან, აზია არჯენტოსთან და ბიაჯო ანტონაჩისთან.

2013 წელს ყველა გააოცა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში, სადაც მსახიობ სიმონა ბორიონიზე დაქორწინების სურვილის შესახებ ისაუბრა.


თუმცა, იტალიის კანონმდებლობით ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია.
საკუთარი ბისექსუალობის გამხელის შემდეგ, როზალინდამ შემდეგ უკან დაიხია და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. თუმცა, საზოგადოებას ამის დაჯერება უჭირდა: ბოლოს და ბოლოს, ის ხშირად ჩნდებოდა ქალების გარემოცვაში, რომლებთანაც საკმაოდ ღიად იქცეოდა.
მას შემდეგ, რაც ქალებთან სექსუალური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, ადრიანო ჩელენტანოს ჰკითხეს მეამბოხე შვილზე. მან თქვა, რომ ვერაფერი ვერ იმოქმედებს მის ურთიერთობაზე ქალიშვილთან; ის ყოველთვის ძვირფასი და საყვარელი იქნება მისთვის...