"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი..." - ოლივია ჰასის ჰოლივუდური ცხოვრება - მშობლები

"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი..." - ოლივია ჰასის ჰოლივუდური ცხოვრება

2026-04-12 21:37:41+04:00

ოლივია ჰასის ცხოვრება ფილმის - "რომეო და ჯულიეტა" - ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ სრულიად განსხვავებულად წარიმართა.

რომიდან სახლში დაბრუნებულს უჭირს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში ჩაბმა და როგორც ახალბედა მსახიობების უმრავლესობა, ლოს-ანჯელესისკენ იღებს გეზს...

ოლივია ჰასი "კვირის პალიტრის" მკითხველთან თხრობას განაგრძობს. რა ელოდა ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზ "ჯულიეტას" და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ჰოლივუდში, ამის შესახებ გვიამბობს.

"მე მაქვს ღმერთთან ჩემი პასუხი..."

ამერიკაში 1969 წლის სექტემბერში ჩავედი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ლოს-ანჯელესში მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობდი - დინო მარტინსა და რუდი ალტობელის. რას ვიფიქრებდი, რომ ამ ქალაქში მომავალ 45 წელს გავატარებდი?! რუდიმ დამითმო თავისი სახლი, რომლის კედლებიც ტრაგიკულ ამბავს ინახავდა. იქ ამერიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა - 1969 წლის 9 აგვისტოს მსახიობი შერონ ტეიტი ოთხ ადამიანთან ერთად მოკლა "მენსონების ოჯახმა" (ჩარლზ მენსონმა 1960-იან წლებში ჩამოაყალიბა სექტა. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს. მისი შთაგონებით მენსონის სექტის წევრებმა მოკლეს ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი). ტეიტი ამ დროს ფეხმძიმედ იყო და რეჟისორ რომან პოლანსკისგან პირველ ვაჟიშვილს ელოდებოდა...

მკვლელობიდან ხუთი კვირის შემდეგ სწორედ აქ დავბინავდი და ოთხი წლის განმავლობაში ეს ჩემი სახლი იყო...

აღფრთოვანებული ვიყავი ჰოლივუდური ატმოსფეროთი. დინო მარტინის ყველა იცნობდა. დავდიოდით ცნობილ კაფე-ბარებში, სადაც იკრიბებოდა მაშინდელი ჰოლივუდის ელიტა - ფრენკ სინატრა, პოლ ნიუმენი, ტონი ბენეტი და ა.შ. მე და დინო მაშინ მხოლოდ ვმეგობრობდით.

დავიწყე მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილებზე სიარული და არხეინად ვცხოვრობდი, სანამ ერთ დღეს არ გამომეცხადა ქრისტოფერ ჯონსი - ჩემი ძველი მეგობარი, რომელსაც ცოტა ხანი ვხვდებოდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. ქრისტოფერს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მე ეს ვიცოდი, თუმცა იმ დღეს ვერ მოვერიე... მცემა და გამაუპატიურა. აAრც კი მეგონა, თუ გადავრჩებოდი. მეორე დღეს დინომ და რუდიმ საავადმყოფოში წამიყვანეს. დინოსგან ყოველთვის ვგრძნობდი მეგობრობაზე მეტს და არ მინდოდა, ჩემ გამო პრობლემები შექმნოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. საავადმყოფოში ვიწექი, როცა ქრისტოფერი მოვიდა და მთხოვა, აბორტი არ გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ ვაპატიე და ვთხოვე, აღარასდროს ეცადა ჩემი ნახვა. მერე აბორტი გავიკეთე. რატომ? მე მაქვს ღმერთთან ჩემი პასუხი...

"ჩემი გულის ერთ ნაწილს ყოველთვის ეყვარება დინო"

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე კვირა დეპრესიაში ვიყავი... ერთ დღეს გაზეთში დინოსა და ახალგაზრდა ქალის რომანის შესახებ სტატიას მოვკარი თვალი. ვერ წარმოიდგენთ, რა ვიგრძენი! მაშინ გავაცნობიერე, რომ დინოს დაკარგვა არ მინდოდა. დავურეკე და ვუთხარი: "დინო, მიყვარხარ და ვერ წარმომიდგენია შენ გარეშე ყოფნა". ათ წუთში შენთან ვიქნებიო, მიპასუხა. თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ ფრაზას, მოსვლიდან ათ წუთში კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი დიდი სიყვარული. ჩემი გულის ერთ ნაწილს ყოველთვის ეყვარება დინო მარტინი. მახსოვს, როგორ გამაცნო დედამისი - ულამაზესი ქერათმიანი ჯინი, იმ დროს ძალიან პოპულარული მომღერლის - დინ მარტინის მეორე ცოლი, რომელთანაც 24 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ეს იყო საოცარი ოჯახი. "ძვირფასო ოლივია, შენ არაფერზე იდარდო, ქორწილისთვის ყველაფერს მე მოვაგვარებ. მიყვარხარ, ჩემო ტკბილო გოგონავ", - მითხრა მან და მართლაც ყველაფერი მოაგვარა. ჯინი ცნობილი იყო ბოჰემური წვეულებების სიყვარულით და მას ჰოლივუდის ელიტა ხშირად სტუმრობდა. განაგრძეთ კითხვა

რომეო და ჯულიეტას ვარსკვლავები Paramount Pictures-ს მოზარდობისას, შიშვლად გადაღების გამო უჩივიან - ამის გამო ფსიქიკური ტანჯვა მივიღეთ
რომეო და ჯულიეტა - როგორები არიან ახლა ლეგენდარული ფილმის გმირები