მომღერალი მარიამ როინიშვილი ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა. მას და შეფმზარეულსა და ტელეწამყვან ვახო კანდელაკს ქალიშვილი - კირა გაუჩნდათ. პატარა კირა მონათლეს კიდეც და მას მერე მის ფოტოებს უფრო აქტიურად აქვეყნებენ. პატარა კირასთან დიდ დროს ატარებს მისი უფრო და-ძმაც - მარიამის და ვახოს შვილები პირველი ქორწინებიდან.
წყვილი ამჯერად "ბასტი ბუბუს" სტუმრობდა და ისაუბრა იმაზე, რა შეცვალა მათ ცხოვრებაში კირას მოვლენამ.
ვახო:
- სულ სხვანაირად დამანახა ცხოვრება. ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლესთან მქონდა გამოცდილება, კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ, უფრო მზრუნველი გავხდი, უფრო ყურადღებიანი გავხდი დეტალების მიმართ.


მარიამი:
- ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ელენე რომ მეყოლა, მე თვითონაც სხვა ასაკის ვიყავი და ეს შეგრძნება მაქვს მეც, რომ თითქოს ელენესთან ერთად გავიზარდე. კირას რაღაცნაირად უფრო ზრდასრული დედა შეხვდა. თუ ელენესთან მიმართებაში ვიყავი უფრო აფორიაქებული, დაულაგებელი, ამასთან ბევრად გაწონასწორებული ვარ. თურმე ასაკს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მეც სხვანაირად დავინახე ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ელენესთან დედობა უდიდესი ბედნიერება იყო და ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა, კირამ ალბათ გააორმაგა ეს ყველაფერი. ბედნიერი ვარ ამ პასუხისმგებლობით, რომ კირა არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. კირას გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება იქნებოდა ძალიან მოსაწყენი.

