რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა და თუ ხელებს შორის მაჩვენებელი განსხვავებულია, რომელს უნდა ვენდოთ - ექიმის პასუხი - მშობლები

რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა და თუ ხელებს შორის მაჩვენებელი განსხვავებულია, რომელს უნდა ვენდოთ - ექიმის პასუხი

2026-04-13 20:56:01+04:00

რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა? უმრავლესობა იზომავს მარცხენაზე, რადგან თვითგაზომვისას ეს უფრო კომფორტული პოზაა. ბევრი მარცხენაზე იზომავს იმ მოტივით, რომ გულთან ახლოსაა და ფიქრობენ, რომ უფრო სწორს მაჩვენებელს მიიღებს. ზოგი მარჯვენაზე იზომავს, ვინაიდან გულისგან უფრო მოშორებულია და ეს მაჩვენებელი ჰგონია უფრო სწორი. სინამდვილეში რომელ ხელზე არის სწორი არტერიული წნევის გაზომვა?

ამ კითხვაზე პასუხს ექიმი ირაკლი მიქაძე სოციალურ ქსელში პასუხობს:

"წესით, ნორმალურ მდგომარეობაში, ორივე ხელზე წნევა თანაბარი უნდა იყოს. 5 ერთეულით, 10-მდე სხვაობა დასაშვებია, მაგრამ არა მეტი. 10 და 10-ზე მეტი თუ არის სხვაობა, არ შეიძლება. ზოგადად, რა არის არტერიული წნევა? ამ დროს ვზომავთ, თუ რამდენად ძლიერია სისხლისა და სისხლძარღვების ერთმანეთზე ზეწოლა, რა ძალით აწვება სისხლი სისხლძარღვებს. ესდ არის სისხლის არტერიული წნევა. ის ერთ-ერთი მდგენელია იმ მრავალ ფაქტორში, თუ როგორ იკვებება თქვენი სხეული, სხეულის ნებისმიერი ნაწილი. წარმოიდგინეთ, თუ თქვენი სხეულის მარჯვენა ნაწილი უკეთ იკვებება, ვიდრე მარცხენა და პირიქით, აშკარად დარღვევაა. ამიტომ უნდა იყოს წნევა ორივე ხელზე თანაბარი, რომელ ხელსაც, ფეხსაც, თავსაც ნორმალურად უნდა მიეწოდებოდეს სისხლი და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია სისხლის არტერიული წნევა. თუ ეს სხვაობა დიდია, ანგიოლოგს უნდა მიმართოთ. მან იცის, შემდგომში რა კვლევები უნდა ჩაგიტაროთ. ვგულისხმობ, როცა ერთ ხელზე 120 გაქვთ და მეორეზე მაგალითად, 160.

მაინც რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ, თუ ამ ორ კიდურს შორის სხვაობა არსებობს? ყოველთვის უნდა გაიზომოთ იმ ხელზე, რომელზეც წნევა უფრო მეტია. სადაც ნაკლებია, იქ შეიძლება სისხლძარღვოვანი პრობლემა იყოს და ამის გამო არასწორ წნევას აჩვენებდეს", - ამბობს ირაკლი მიქაძე.

როგორ გავიზომოთ წნევა სწორად სახლში

გაზომვამდე აუცილებელია სწორად მოემზადოთ, რადგან ყველაზე ხშირად შეცდომები სწორედ ამ ეტაპზე ხდება. დაჯექით მშვიდად მინიმუმ 5 წუთით, არ დალიოთ ყავა ან ჩაი მინიმუმ 30 წუთით ადრე, მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას და სწრაფ მოძრაობას. გაზომვის დროს არ უნდა ისაუბროთ.

სწორი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დაჯდეთ სკამზე, ზურგი მიაყუდოთ, ფეხები იატაკზე გქონდეთ დადებული და არ გადაიჯვარედინოთ. ხელი დადეთ მაგიდაზე ისე, რომ იყოს გულის დონეზე.

მანჟეტი სწორად უნდა დაიმაგროთ მხარზე, არა ტანსაცმელზე. ის უნდა იყოს მჭიდროდ, მაგრამ არა ზედმეტად მოჭერილი. მანჟეტის ქვედა კიდე იდაყვიდან დაახლოებით 2-3 სანტიმეტრით ზემოთ უნდა მდებარეობდეს.

გაზომვის პროცესში არ უნდა ილაპარაკოთ და არ უნდა იმოძრაოთ. სუნთქვა უნდა იყოს მშვიდი და ბუნებრივი. სასურველია, რომ გაზომვა გააკეთოთ მინიმუმ ორჯერ და მათ შორის დაიცვათ 1-2 წუთიანი ინტერვალი.

შედეგის შეფასებისას ჩაიწერეთ ორივე მაჩვენებელი და გამოიყენეთ მათი საშუალო მნიშვნელობა, რათა მიიღოთ უფრო ზუსტი სურათი.

ყველაზე გავრცელებული შეცდომებია სწრაფად გაზომვა დაჯდომის გარეშე, ხელის არასწორი მდებარეობა (გულის დონეზე ზემოთ ან ქვემოთ), საუბარი გაზომვის დროს, ტანსაცმელზე გაზომვა და მხოლოდ ერთი გაზომვით დაკმაყოფილება.

პირველ დღეებში რეკომენდებულია წნევის გაზომვა დილით და საღამოს, 3-5 დღის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ რეალური სურათი და არა ერთჯერადი, შემთხვევითი მაჩვენებელი.

cnevis-gazomva-1776101503.png
წნევის გაზომვის სწორი პოზა

არტერიული წნევის 5 მიზეზი, რომელთა შორის მარილი არ არის - რატომ გვიწევს წნევა?