ოთახის მცენარეები მხოლოდ გარეგნული სილამაზით კი არა, სარგებლიანობის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ სპეციალისტები გირჩევენ, რომ ოთახში, სადაც ადამიანები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, სამი მცენარე მაინც უნდა იდგას. ოთახის მცენარეები მხოლოდ გარეგნული სილამაზით კი არა, სარგებლიანობის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ.
წარმოგიდგენთ 4 ყველაზე სასარგებლო ქოთნის მცენარეს, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს.
ალოე
ღამით აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს და სივრცეს დაგროვილი ნახშირბადისგან ათავისუფლებს. ამიტომ მისი ადგილი საძინებელშია. გარდა ამისა, ალოე ნამდვილი "სასწრაფო დახმარებაა" სახლში. მისი ფოთლები შეუდარებელია ჭრილობისთვის, წვენი კი გაციებასა და თავის ტკივილს შველის.
ფიკუსი
აქვს ფიტონციდური თვისებები, რითაც გარემოში სოკოვანი და მავნე ბაქტერიული ნივთიერებების გავრცელებას უშლის ხელს, წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან, ამიტომ მისი ადგილი სამზარეულოშია. მითუმეტეს, თუ ფანჯრები მანქანებით სავსე ქუჩაზე გადის.
ფიკუსის ფოთლები მტვრის ნაწილაკებსაც უხვად "იჭერენ", თუმცა მათი წმენდა სირთულეს არ წარმოადგენს. ეს მცენარე ჰაერსაც ატენიანებს და ჟანგბადით ამდიდრებს.
მას ნათელი ადგილები "მოსწონს", თუმცა არა მზის პირდაპირი სხივები. მორწყვაც - ზომიერი. შემოდგომასა და ზამთარში ზედმეტი ნესტისგან შეიძლება ფოთლები დასცვივდეს. ამიტომ გამოცდილი მეყვავილეები გირჩევენ, რომ ფიკუსი ზამთარში არ მორწყათ, მხოლოდ ფოთლებზე შეასხურეთ წყალი.
ნემსიწვერა (Geranium)
ისიც საძინებელშია რეკომენდებული, რადგან დამამშვიდებელ ნივთიერებას გამოყოფს. ძალიან სასარგებლოა სტრესისა და უძილობის დროს. ასევე გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებს ანადგურებს, სათავსოს დეზიფექცირებას ახდენს, აფრთხობს ბუზებს. ასე რომ. სამზარეულოშიც უპრიანია მისი დადგმა, მითუმეტეს, რომ ნესტსა და ნამწვს იწოვს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.
ძალიან ადვილად მრავლდება, სინათლის მოყვარულია. როგორც წესი, დაავადებებისა და მავნებლების პრობლემა არ ახასაითებს.
ქლოროფიტუმი
ჰაერის გაჯანსაღების საკითხში ეს მცენარე ჩემპიონია. რამდენიმე ასეთი მცენარე საკმარისია ფორმალდეგიდის გასანეიტრალებლად, რომელსაც თბოსაიზოლაციო და სინთეტური მასალები გამოყოფენ. თუ ქოთნებში აქტივირებულ ნახშირსაც მოათავსებთ, მცენარის ეფექტურობა რამმდენჯერმე გაიზრდება.