კვების რომელ მოდელს შეუძლია, კიბოსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებისაგან დაგვიცვას და რატომაა დამუშავებული წითელი ხორცი განსაკუთრებით საფრთხილო - მარი მალაზონიას რჩევები - მშობლები

"წითელი ხორცი პოტენციურად მაღალი ონკორისკების პროდუქტია, მეორე ჯგუფის "ა" კატეგორიის კანცეროგენი..." - კვების რომელ მოდელს შეუძლია, კიბოს განვითარებისაგან დაგვიცვას და რატომაა დამუშავებული წითელი ხორცი საფრთხილო

2026-05-25 12:42:04+04:00

კვების რომელ მოდელებს განიხილავენ ​​ექსპერტები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში საუკეთესო მაჩვენებლად, ანუ კვების რომელ მოდელს შეუძლია დაავადებებისგან ყველაზე მეტად დაგვიცვას ან ამ დაავადებების მართვაში დაგვეხმაროს - თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:

- წლების მანძილზე ლიდერად სწორედ ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი ითვლება. პრაქტიკულად, მას კონკურენციას უწევს და თანაბარი მაჩვენებლებით გამოირჩევა ეგრეთ წოდებული დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. მე გაგახსენებთ, რომ DASH დიეტა, ანუ კვების მოდელი, რომელიც თავის დროზე სწორედ, ერთი შეხედვით, არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის იყო შემუშავებული და ასეც ჰქვია - დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, დღეს მრავალი ქრონიკული დაავადების თავიდან ასაცილებლად და მართვისთვის ძალიან ფართოდ გამოიყენება. თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიაშიც კი, ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელთან ერთად, მას, ცხადია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს იყენებენ. იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც, ისევე როგორც ამ ორი დიეტის კომბინაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ​თუმცა, ეს მოდელები ჯგუფებს შორის და იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ამ ჯგუფების ქვეშ იგულისხმება, გარკვეულ თანაფარდობას აერთიანებს. ამიტომ ჩვენ სიმბოლურად ხშირად ვიყენებთ თეფშს, სადაც სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტია გაერთიანებული.

თქვენ ეს ფრაზები ძალიან კარგად გახსოვთ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხაზგასმით ვიხსენებთ, თუ რა დანიშნულებით არის ეს რეკომენდაციები ვარგისი ჰარვარდის თეფშში, რომელიც ამ რეკომენდაციებს კიდევ უფრო აღრმავებს და ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯგუფებში გადანაწილება, არამედ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად წყლისა და ცხიმის მოხმარების საგანგებოდ გათვალისწინებაც. ​კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თეფშის პრინციპით ჩვენი რაციონის აღქმა არ სრულდება. ეს ძალიან გრძელი, ძალიან ტევადი პროცესია, რომელიც დღეს კიდევ ერთ რეკომენდაციად აღიქმება.

ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა ახალი ამერიკული თეფში შეიმუშავა - მათ ამ რეკომენდაციას ასე დაარქვეს, რომელიც, პრინციპში, ჩემ მიერ ნათქვამი რეკომენდაციების გაგრძელებაა იმის ხაზგასმით, რომ ორი მესამედი და მეტი ბოსტნეული, ხილი, მარცვლეულ-ბურღულეული და პარკოსნები უნდა იყოს, ხოლო ერთ მესამედზე ნაკლები, ცხოველური წარმოშობის ცილა უნდა იყოს. ​ეს იმ რეკომენდაციებისაგან, რომლებზედაც აქამდე ვსაუბრობდით, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს, მაგრამ თუ ორ ძალიან მნიშვნელოვან თეფშს შევადარებთ - ეს გახლავთ ჩვენს გადაცემაში ტრადიციული ხუთკომპონენტიანი თეფში, ეგრეთ წოდებული ჩემი თეფში და რეკომენდაცია, რომელიც ორი მესამედისა და ერთი მესამედის გამოყენებას გულისხმობს - სად არის აქ განსხვავება, თუკი იგივე ჯგუფებია გამოყენებული?

მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ახალ რეკომენდაციაში განსაკუთრებული სიმკაცრე წითელ ხორცთან და საერთოდ, ცხოველური წარმოშობის ცილებთანაა. ​ხაზგასმითაა გამოკვეთილი ულუფა და პროდუქტებს შორის თანაფარდობა. როდესაც ჩემს თეფშებზე ვსაუბრობთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩემი თეფშის შემთხვევაში ლაპარაკია სხვადასხვა სახის მჭლე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებაზე. ამ რეკომენდაციასთან მიმართებით ახალი ამერიკული თეფში ბევრად უფრო მკაცრია. ეს რეკომენდაციები კიდევ უფრო მკაცრი ალკოჰოლთან დაკავშირებითაა, რადგან ალკოჰოლის პრაქტიკულად ნულოვანი მოხმარება განიხილება როგორც რეკომენდაცია, რომელიც აი ამ თეფშს თან ახლავს - ნულოვანი მოხმარება.

მე მესმის, რომ ასეთი რეკომენდაციები საზოგადოებას ყოველთვის აღიზიანებს, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ ეს თეფში ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მიერ კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვისაა შემუშავებული. ეს არის ის თეფში, რომელიც ჩვენს გადაცემაში ზუსტად იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც "ლანცეტის" პროფესიონალთა ჯგუფმა, მთელი მსოფლიოს სტრატეგიის სახით, კვებითი რეკომენდაციების შემაჯამებელ დოკუმენტად ახალი რეკომენდაცია შექმნა. ის გულისხმობდა, 2050 წლამდე ჩვენ კვების განვითარებასა და კვებით რეკომენდაციებს როგორ ვხედავთ. რასაკვირველია, აქ ეკონომიკური ფაქტორებიცაა გათვალისწინებული და, მაგალითად, წითელი ხორცის ხელმისაწვდომობაც, მაგრამ მთავარი პრინციპი არის ის, რომ ყოველდღიურ რაციონში ნახევარი და ნახევარზე მეტი ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებაზე, განსაკუთრებით ბოსტნეულის მაღალი წილით, ცალსახა შეთანხმება არსებობს.

მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ახალი თეფშის ფარგლებში, ანუ პლანეტის თეფშის ფარგლებში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წილი მცირდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის თანაფარდობა, რომელიც ულუფასა და საკვებ პროდუქტებს შორისაა დაცული. ​ეს იყო ის რეკომენდაციები, რომლებიც გვახსენებს, რომ კვების მეცნიერება ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებას ცდილობს. კვების მეცნიერებას ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია და კვებას, ჩვენი დღეგრძელობისთვის და ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვა შეუძლია.

როდესაც ჩვენ, მაგალითად, წითელი ხორცის რისკზე ვსაუბრობთ, ალბათ გახსოვთ ჩვენი არაერთი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მიაკუთვნეს ის ამერიკის ონკოლოგთა კვლევის შედეგად და საერთაშორისო შეთანხმებით, წითელი ხორცი ონკოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებული მეორე ჯგუფის "ა" კატეგორიის კანცეროგენებს. იგი მაღალი ონკოლოგიური რისკების მქონე, პოტენციურად სახიფათო პროდუქტად აღმოჩნდა. ​კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დამუშავებული წითელი ხორცი, სადაც დამუშავებაში მისი შეწვა, შებრაწვა, შებოლვა, დაშაშხვა, კონსერვირება და ასე შემდეგ იგულისხმება. ყველა ეს პროცესი რისკებს კიდევ უფრო ზრდის, რის გამოც პროცესირებული წითელი ხორცი უკვე არა როგორც პოტენციური საფრთხის მქონე, არამედ როგორც აშკარა "ბრალდებული" ისეა დასახელებული და იგი პირველ ჯგუფში, პირველ კატეგორიაშია განთავსებული.