მათ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე გგონიათ როცა ოჯახი პროდუქტების მარაგს ივსებს, რატომღაც აქცენტი მხოლოდ საკვებზეა გადატანილი. ამ დროს მხედველობიდან გვრჩება სასარგებლო მცენარეები, რომლებსაც გარკვეულ მომენტებში სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ. წარმოგიდგენთ 4 ასეთ მცენარეს, რომელიც სახლში არ უნდა გამოგელიოთ. ისინი აფთიაქში ყოველთვის არის და შეგიძლიათ, მოიმარაგოთ.
გვირილა
საკმარისია მუცლისა და კუჭის არეში დისკომფორტი იგრძნოთ, გვირილის ჩაის მზადებას შეუდექით. კუჭში სიმძიმის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, მოუნებლობა - ის პრობლემებია, რომლის დროსაც გვირილას უნდა მიმართოთ. მცენარეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს(გასტრიტი, წყლული) გვირილის ჩაით მკურნალობის კურსიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ: დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ ნაკლებადტკბილი გვირილის ჩაი. 1-2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით მდურარე წყალი და 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. გვირილის ჩაის ყოველდღიურად სმა დიდი ხნის განმავლობაში არ ღირს. ერთ თვე საკმარისია. თუ თავბრუსხვევები დაგეწყოთ, ესე იგი, ზედმეტი მოგივიდათ. გვირილის ჩაი სწრაფად მოგგვრით შვებას შებერილობისა და გულისრევის, ან კუჭის აშლილობის დროს.
• გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს. რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გ კრაზანა, გვირილა, უკვდავა (ნეგო) და არყის ხის კვირტი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
• თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, აბების ჩაყლაპვას თუ მიქსტურების სმას ნუ იჩქარებთ, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
• დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
• აიღეთ 6 წილი გვირილის ყვავილი, 4 წილი კატაბალახას ფესვი და 1 წილი ძირა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
• ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი, დააყენეთ, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 5-6-ჯერ.
სამკურნალო გვირილა დატოტვილია. ასწორედ ამ გვირილის ყვავილები უნდა მოკრიფოთ, თანაც უყუნწოდ და ისეთ დროს, როცა ჰორიზონტალურად არის გაშლილი. უფრო გვიან მოგროვებული ნედლეული უვარგისია. ყვავილები დაკრიფეთ ხელით ან სპეციალური სავარცხლით. შეაგროვეთ ტილოს პარკში. გააშრეთ ჰაერზე ან შენობაში, 40-45 გრადუს სითბოში. მშრალი ყვავილები შეინახეთ მუყაოს ან ხის კოლოფში. ვარგისია ორი წელი.
კალენდულა (გულყვითელა)
გულყვითელას პრეპარატები დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს გულის მუშაობას, აქვს ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი. გულყვითელას პრეპარატებს (ნაყენსა და მალამოს) მედიცინაში იყენებენ ჭრილობების, დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულებისა და ნაპრალების სამკურნალოდ, ასევე - პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანგინისა და სტომატიტის დროს. გულყვითელას პრეპარატები კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. მათ ფართოდ იყენებენ აგრეთვე გულის რიტმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ, ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ, კლიმაქტერულ პერიოდში.
ჰიპერტონიული დაავადების დროს
არტერიული ჰიპერტენზიის დროს წნევის დასარეგულირებლად ნაყენი დიდხანს უნდა სვათ. ორ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი. მიიღეთ 20-40 წვეთი დღეში სამჯერ. უმჯობესდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, იმატებს შრომის ნაყოფიერება, წესრიგდება ძილი, ქრება თავის ტკივილი.
სასარგებლო რეცეპტები
გულყვითელას ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული გულყვითელა, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ. ნაყენი სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. რეკომენდებულია ამ ნაყენის ყელსა და პირის ღრუში გამოვლება ანგინისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების დროს. გულყვითელას სპირტიანი ნაყენი: აიღეთ 10 გრამი გულყვითელას ყვავილი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. ეს ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება. მოხმარების წინ აუცილებელია მისი განზავება - ერთი ჩაის კოვზი ნაყენი უნდა გაიხსნას 200 მლ მდუღარე წყალში. განზავებული ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობებისა და ნახეთქების მკურნალობა. გულყვითელას მალამო: აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, დააქუცმაცეთ, შეურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში, მიღებული ნარევი ჩადგით წყლის აბაზანაში და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შეაგრილეთ და მაცივარში შედგით. ეს მალამო კარგია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს კანში სისხლის ცირკულაციას, ანიჭებს კანს ელასტიკურობას, იცავს მას ქიმიური და მექანიკური გაღიზიანებისგან, უხდება დამწვრობას, ნახეთქებს, აშუშებს გადატყავებულ, ამძვრალ კანს.
სალბი
სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი აქვს. სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს. გინე-კოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კლიმა-ქსურ პერიოდში, მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს. სალბის ნაყენს შესა-ნიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვის), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, 4-6 საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და ყოველ 3-4 საათში 20-30 მლ მიირთვით. სასუნთქი გზების ანთებისას სალბის ეთერზეთებით ინჰალაციაა რეკომენდებული, ამისათვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ფხვნილი. სალბი ეფექტურია გარეგანი გამოყენებისთვისაც, რასაც სიმსივნეების დროს მიმართავენ. სამკურნალო დანიშნულება აქვს სალბის ღვინოს: 80 გრამ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ღვინო, 8 დღეს გააჩერეთ და ჭამის შემდეგ 20-30 მლ მიირთვით.
პიტნა
პიტნის ფოთლების ნაყენი ჩაის მსგავსად გემრიელი და ამავე დროს მეტად სასარგებლო სასმელია. თუ ამ ნაყენს (250 მლ) ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად მიირთმევთ , სულ რაღაც 10-12 დღეშიც კი მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, მოიხსნით მეტეორიზმს.
ნევროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია პიტნის აბაზანები; როგორც დამაწყნარებელი საშუალება ის სხვა მცენარეებთან ნაკრებშიც შეიძლება იქნას გამოყენებული.
სამკურნალო თვისებები
ბაღის პიტნას საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს, ღეჭვისას პირის ღრუში გახანგრძლივებულ სიცივის შეგრძნებას ტოვებს.
მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამორჩეული გამაგრილებელი, მაცოცხლებელი სურნელი და გემო აქვთ. ეთერზეთების ძირითად კომპონენტს მენთოლი წარმოადგენს. გარდა ამისა პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავებს.
მენთოლი, რომელსაც პიტნის ფოთლები შეიცავს, გამოირჩევა ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურად გაფართოებას. იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს.