რა პრობლემები ახლავს თან ცხვირის გამხსნელი სპრეის ხანგრძლივად გამოყენებას და როგორ გადავლახოთ მასზე დამოკიდებულება - თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ოტორინორალინგოლოგი, არჩილ წულაძე საუბრობს:
- ცხვირის გამხსნელი სპრეი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ისეთი მედიკამენტია, რომელიც ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას ებრძვის, რის შემდეგაც ადამიანი კარგად სუნთქავს. იგი შვებით ამოისუნთქავს, ღამით მშვიდად იძინებს და კმაყოფილია. თუმცა, თუ ანოტაციას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მწარმოებელი კომპანია, რომლის ინტერესშიც პროდუქტის გაყიდვა შედის, მედიკამენტის მაქსიმუმ 7-10 დღის განმავლობაში გამოყენებას გვირჩევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვავე პერიოდში, წიაღების აერაციის შენარჩუნებისა და იქ გამომუშავებული გაზებისა თუ ლორწოს გარეთ გამოსვლის უზრუნველსაყოფად, რათა არხები არ დაიხშოს, სპრეი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში უნდა მოვიხმაროთ.
მიუხედავად ამისა, მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთი ისეთი პაციენტი გვყოლია, რომლებიც ამავე სპრეის 7, 10 ან სულაც 13 წლის განმავლობაში ისხამდნენ. ხომ წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში იქნება მათი ლორწოვანი გარსი, როდესაც თავად მედიკამენტი ხდება ცხვირის გაჭედვის მიზეზი. ეს არის სპრეიზე ჩამოყალიბებული ჩვეულებრივი დამოკიდებულება, რომელიც ცხვირს კი ხსნის, მაგრამ თან სხვა პრობლემებსაც იწვევს.
ეს წამლები ყველგან უნდა გადაყაროთ, სადაც კი გიდევთ. მხოლოდ ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული, ჩვილ ბავშვთა დოზა უნდა დაიტოვოთ, რათა ღამით, ძილის წინ გამოყენებით, ნორმალური ძილი შეძლოთ და შფოთვა თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი მაქსიმუმ 5-7 დღეს გრძელდება. ზოგიერთ პაციენტს ლორწოვანი გარსის შეშუპება 3 დღეში ჩაუცხრა, ზოგს - 7 დღეში, ზოგს კი 10 დღე დასჭირდა. თუ სხვა მიზეზი არ გაქვთ, მაგალითად, არ იმყოფებით მწვავე ალერგიულ ან ვირუსულ მდგომარეობაში, ეს დამოკიდებულება გადალახვადია და მას მხოლოდ 5 დღის განმავლობაში უნდა გაუძლოთ.
პაციენტებს ხშირად ვეუბნები, წარმოიდგინონ, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე არიან, სადაც ეს წამალი უბრალოდ არ იყიდება. როდესაც მპასუხობენ, რომ ამით მოკვდებიან, ვამშვიდებ, რომ არაფერიც არ მოხდება, მხოლოდ 4-5 დღე გაუჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია ძილის დროს სწორი პოზის შერჩევა - თავი მაღალზე უნდა გედოთ, რათა ცხვირს სისხლი ნაკლებად მიეწოდოს. რაც უფრო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვართ, მით მეტად იჩენს თავს გაჭედილობა, რადგან ლორწოვანის შეშუპებას ვენური შეგუბება იწვევს. სპრეი კი სისხლძარღვების სპაზმს სწორედ ამ პროცესის შესამცირებლად აკეთებს. ამიტომ, ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ყველას შეუძლია. ადამიანმა ეს საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს და არა ექიმს.
თუ წამალს თავს დაანებებთ და ბოლო შესხურებიდან 2-3 კვირის შემდეგაც ვერ ისუნთქებთ, სხვა მიზეზებზე და მათ მოგვარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ.