"მშობლის გადამეტებული შფოთვა ბავშვებში პოტენციალს კლავს" - ფსიქოლოგის საინტერესო დასკვნა - მშობლები

"მშობლის გადამეტებული შფოთვა ბავშვებში პოტენციალს კლავს" - ფსიქოლოგის საინტერესო დასკვნა

2015-05-22 12:19:17+04:00

გვიჭირს აღიარება, რომ თავადაც არ ვიცით... ხშირი შეთხვევაა, როდესაც მშობელი, თავისი გაუცნობიერებელი შიშის, გამოუცდელობის თუ სხვა მიზეზების გამო, ასევე გაუცნობიერებლად ხელს უშლის ბავშვის წარმატებას ამა თუ იმ საკითხში, უზღუდავს თავისუფალ არჩევანს. გთავაზობთ იგავს რომელიც ნათლად ასახავს ამ ფენომენს:

”ერთხელ არწივის კვერცხი მოხვდა საქათმეში, გამოსაჩეკი ქათმის კვერცხების გვერდით. რამოდენიმე ხნის შემდეგ, წიწილებთან ერთად გამოიჩეკა არწივის მართვეც. გავიდა ხანი და შეფრთიანებულმა ბარტყმა იგრძნო ფრენის ენით აღუწერელი სურვილი.

ერთ დღესაც ჰკითხა დედა ქათამს:

- როდის დავიწყებ ფრენას?

საწყალი ქათამი ვერც კი აცობიერებდა, რომ არ იცოდა ფრენა, შესაბამისად წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ რას აკეთებდნენ სხვა ჩიტები იმისთვის, რომ ბარტყებისთვის ფრენის ხელოვნება ესწავლებინათ. მაგრამ მას რცხვენოდა თავისი არასრულფასოვნების აღიარება და უპასუხა:

- ჯერ ადრეა, პატარავ. ჯერ ადრეა. მოიცადე, გასწავლი, როდესაც მზად იქნები...

დროთა განმავლობაში ახალგაზრდა არწივმა იეჭვა, რომ დედამ საერთოდ არ იცოდა ფრენა... მაგრამ მარტო გაფრენას ვერ ბედავდა - ფრენის უსაზღვრო სურვილი დაუპირისპირდა დედის მიმართ მადლიერების და პატივისცემის გრძნობას...”

რატომ ხდება ასე? მშობელი ამგვარი სტრატეგიით ოდესღაც გადარჩა, მას აქვს გამოცდილებაში წარუმატებლობასთან შეგუების თავისებური ხერხი, ერთგვარი თავდაცვა, დაზღვევა. ამას თან ახლავს სიახლის გაუცნობიერებელი შიში, შფოთვა შვილის მომავალზე. არად, როგორც დავინახეთ, გადამეტებული შფოთვა ხშირად აშკარა პოტენციალს კლავს ახალგაზრდაში, რადგან ნებისმიერი მისი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ოჯახში არსებულ სტანდარტს, მასშიც კი აღიქმება როგორც დაუმორჩილებლობა და უპატივცემულობა... ვიფიქროთ ამაზე...

კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე