თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ. სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული... შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება... თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ "ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება".
სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება.
- როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?
- ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას - დიზაინერს, ავადმყოფობისას - რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად - საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას. არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, "დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება", "მიხედავს", "ოქროს ჯვარს აჩუქებს", "კარგი ნათლია" ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება. ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ. ოქრო და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.
- რა მოვალეობა აკისრია ნათლიას?
- სულიერი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხორციელ ნათესაობას უტოლდება. ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე. მისი განცდა, ტკივილი, მწუხარება, სიხარული ერთნაირად უნდა გავიზიაროთ. თუ ვიცი, რომ კვარტალში ერთხელ ვნახავ ნათლულს და ვერაფრით დავეხმარები, უმჯობესია უარი ვთქვა, ვიდრე ტაძარში აღთქმა დავდო აღმზრდელობითი და სიტყვა არ შევასრულო. შეუსრულებელი სიტყვისთვის ადამიანი ისჯება ღვთისგან. იმდენი სული უნდა ვიტვირთოთ, რამდენზეც შევძლებთ პასუხისგებას. კარგად უნდა ვერკვეოდეთ სახარების სწავლებაში, ვიცოდეთ მრწამსის მნიშვნელობა და თან გარანტი უნდა ვიყოთ ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ჩვილი მშობლებისა და ნათლიის სარწმუნოებით ინათლება, რადგან მას არჩევანის უფლება არა აქვს.
თუ პატარას ვნათლავთ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ თუ მშობლები მორწმუნენი არ არიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაყვანა ტაძარში, რომ ეზიაროს. სამწუხაროდ, არსებობენ მონათლული "ათეისტებიც", რომელთაც ეკლესიის სწამთ, მაგრამ არა მღვდლის. არადა სწორედ იმ მღვდლის ხელით მოინათლა, რომლისაც არ სწამს. კატეხიზაცია კი ხელს უწყობს ადამიანს, ნათლიის მეშვეობით გაეცნოს სარწმუნოებრივ ანბანს, თუმცა უკუღმა ხდება დღეს, ნათლულისგან უფრო ხშირად ნათლიები სწავლობენ ქრისტეზე.
- გამართლებულია თუ არა რამდენიმე ნათლიის ყოლა?
- ნათლია ანათესავებს თავის ნათლულებს და ხორციელი ნათესაობის ხარისხს უტოლებს. ხორციელის მსგავსად ერთი სულიერი მამა უნდა ვიყოლიოთ. სულიერი მოძღვარი ერთი გვყავს, ხორციელი მამა ერთი, ასევე უნდა იყოს სულიერი ხელმძღვანელიც ერთი. ძველად გოგოსთვის გოგოს ირჩევდნენ, ხოლო ჭაბუკებისთვის - კაცებს. არის ნიუანსები, რომელსაც კარგად უხსნიან ნათლულებს ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლები. ნათლია იქნება ის, ვინც უწინამძღვრებს და საკურთხევლის წინ წარმოთქმულს უერთგულებს. პასუხი ყველას მოეთხოვება. მრავალი ნათლიობა შემოვიდა მეთოთხმეტე საუკუნიდან. ახლობელს რომ არ ვაწყენინოთ, იმიტომ ყველას ვანათლინებთ ერთდროულად. ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ ბევრი შვილის ყოლას არ ვაპირებთ და ქრისტიანული ცნობიერება არ გვაქვს. მრავალშვილიანობა მრავალნათლიობის პრობლემასაც ხსნის და უხერხული მომენტებიც ნაკლებად იქნება. თუ ქრისტიანულად ვცხოვრობთ, მერე აღარ გვერიდება უარის თქმაც.
- მრავალნათლიობამ ჯვრების სიმრავლეც ხომ განაპირობა? რამდენად საჭიროა ორი-სამი ჯვარი?
- ჯვარი გვეძლევა ხსნის სიმბოლოდ და ამავე დროს სულის გასაძლიერებლად,. ერთი ჯვარი საკმარისია. თუმცა, მრავალნათლიობამ ჯვრების სიმრავლე განაპირობა. ყველა ერთმანეთს უყურებს, ვინ როგორი ოქრო აჩუქა და ა.შ.
- რა დანიშნულება აქვს ნათლობის დროს პირსახოცს და ნათლობის შემდეგ როგორ უნდა გამოვიყენოთ?
- პირსახოცი სულიერი, ნათლის სამოსია. ერთი საკმარისია, იგი სიკვდილამდე ინახება უხმარად, არაფერში არ გამოიყენება. წესით, კარგი იქნება, თეთრი კვართი შევაკერინოთ ნათლობამდე და ისე მოვინათლოთ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ კვართით დაგვმარხონ.
- ნათლობის სანთლები...
- სანთელი დაბადების დღეებზე, ქორწილისა და სასიხარულო პერიოდებში შეგვიძლია დავანთოთ და თან გავიხსენოთ სულიერი ნათლიის ემბაზში შობის დღე.
- რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?
- საუკეთესო საჩუქარი ქრისტიანულად აღზრდაა. ნივთიერ მხარეს რაც შეეხება, რომელიც ისევ სულიერებამდე მიგვიყვანს, ეს გახლავთ: ხატი, ლოცვანი, სულიერი ლიტერატურა, სიწმინდეები და ა.შ.
- შეიძლება თუ არა ნათლულებს შორის ქორწინება?
- ნათლულებს შორის ქორწინება არ შეიძლება. უწმინდესის განსაზღვრება მოტივირებულია გამრავლების მიზნით და იკონომიის პრინციპით. პატრიარქის შემოთავაზებით საქართველოში შვილიერებამ იმატა, ის სახელდებული იქნება ნათლიად. ეს არ გამორიცხავს რომ თითოეულს თავისი ცალკეული ნათლია ჰყავდეს, პატრიარქი ყველასათვის სწევს მამობას და ის იქნება აღმზრდელი სიტყვით, როგორც სულიერი მამა, ხოლო მეორეს მხრივ კონკრეტული ნათლია წარდგება ემბაზთან აღთქმებით.
***
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.
თეა ცაგურიშვილი
ასევე იხილეთ: ნათლიის ლოცვა ნათლულთათვის