რა უნდა იცოდეთ ქუნთრუშაზე - ექიმის აუცილებელი რეკომენდაციები - მშობლები

რა უნდა იცოდეთ ქუნთრუშაზე - ექიმის აუცილებელი რეკომენდაციები

2015-05-25 04:21:46+04:00

სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას გამომწვევია ბაქტერია და მისი ვაქცინა არ არსებობს ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას გამომწვევია არა ვირუსი, არამედ ბაქტერია. მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი - ანტიბიოტიკი. გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი:

- ქუნთრუშა გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტით, ჭურჭლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. იმის დასადგენად, ვისგან დაავადდა ბავშვი, მშობელმა უნდა გაიხსენოს მისი კონტაქტები უკანასკნელი თორმეტი დღის განმავლობაში.

- როგორ გამოვლინდება დაავადება?

- ქუნთრუშა იწყება ერთბაშად, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე. მისი ნიშნები რამდენიმე საათში იშლება დედის თვალწინ. იმატებს ტემპერატურა, ზოგჯერ - ისეთ მაღალ ციფრებამდე, რომ პატარას ეწყება ბოდვა. მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური გულყრა - მაღალ ტემპერატურაზე კრუნჩხვითი რეაქცია. ავადმყოფი ბავშვი უჩივის თავის ტკივილს და ტკივილს ყლაპვის დროს, დიდდება კისრის ლიმფური ჯირკვლები. ქუნთრუშას სავიზიტო ბარათია მისი გამონაყარი. დაავადების გამომწვევია საკმაოდ აგრესიული ბაქტერია - A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც შეუძლია ერითროციტების დაშლა. იგი გამოიმუშავებს “წითელ შხამს” - ერითროტოქსინს, რომლის ზემოქმედებითაც ბავშვს კანი უწითლდება და უჩნდება მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი უხვი, წვრილი გამონაყარი. გამონაყარი უმთავრესად ბუნებრივ - იდაყვის, საზარდულის და სხვა - ნაოჭებშია თავმოყრილი. თუ ხელს გადავუსვამთ გამონაყარით დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ ბატის კანისმაგვარ, უხეშ კანს. გამონაყარი ედება მთელ სხეულს, განსაკუთრებით უხვია ზურგზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე, სხეულის გვერდით ზედაპირზე, მუცლის ქვედა ნაწილში, კიდურების შიგნითა ზედაპირზე. გამონაყარისგან თავისუფალია ცხვირი და მის გვერდით არსებული ბუნებრივი ნაოჭები, რომლებიც ქმნის ერთგვარ სამკუთხედს. მისი სიფითრე თვალში საცემია აალებული სახის ფონზე. ქუნთრუშით დაავადებული ბავშვი იღებს დამახასიათებელ იერს: თვალები უბრწყინავს, გუგები ოდნავ გაფართოებული აქვს, ლოყები - აღაჟღაჟებული, ტუჩები - ალუბლისფერი. ყოველივე ეს ერითროტოქსინის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგია. კვირის თავზე იწყება აქერცვლა. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლა ფირფიტისებურია. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია! გარდა კანისა, დამახსიათებელი ცვლილებები შეინიშნება ლორწოვან გარსებზეც. თუ ბავშვს ენას გამოაყოფინებთ, ნადებს დაინახავთ. ნადებისგან თავისუფალია ენის წვერი და გვერდითი ზედაპირები. მე-4-5 დღეს ნადები სცილდება და გამოიკვეთება დვრილები, რომლებიც ენას ჟოლოსებრ შესახედაობას აძლევს. ესეც დაავადების დამახასიათებელი ნიშანია. მე-10 დღიდან ენის ზედაპირი ხდება მბრწყინავი, ერთგვაროვანი, თითქოს ლაქი გადაუსვამთო. აალებულია ყელი, ნუშურა ჯირკვლები. ვითარდება მწვავე ტონზილიტი. მსუბუქი ფორმები ზოგ შემთხვევაში სრული სურათის გაშლით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ნუშურა ჯირკვლებზე ნადების წარმოქმნით შემოიფარგლება. გააჩნია ბავშვის იმუნური სისტემის თავისებურებებსა და ასაკს - რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გართულებათა წარმოშობის რისკიც მაღალია.

- რით შეიძლება გართულდეს ქუნთრუშა?

- უახლოესი გართულებებია ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, მაგალითად, ხახისუკანა აბსცესი, ოტიტი, სეფსისი. მოგვიანებით, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს აუტოიმუნური გართულებები, რომლებიც მოიცავს თირკმელებს (გლომერულონეფრიტი), სახსრებსა და გულს (რევმატიზმი). გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად დაწყებული სწორი მკურნალობით, თუმცა მანამდე ზუსტი დიაგნოზი უნდა დაისვას.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რას გულისხმობს სწორი მკურნალობა?

- კლინიკური ნიშების არსებობისას ქუნთრუშა ადვილი ამოსაცნობია, წაშლილი ფორმების დროს კი დიაგნოზის დასმა ჭირს. ხშირად დაავადება მხოლოდ ტონზილიტით ვლინდება, თუმცა შეცდომის უფლება არც ასეთ დროს გვაქვს. უნდა გაკეთდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - თუ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ამოითესა, ესე იგი საქმე გვაქვს ქუნთრუშის წაშლილ ფორმასთან. ასეთ დროს, ისევე როგორც მკაფიოდ გამოხატული ნიშნების არსებობისას, ინიშება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების კურსი. მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ ექიმის დანიშნულება. გირჩევთ, მკაცრად დაიცვათ პრეპარატის დოზა და მიღების რეჟიმი. აუცილებლად მიიყვანეთ მკურნალობის კურსი ბოლომდე - ის გრძელდება არანაკლებ ათი დღისა, თუნდაც დაავადების ნიშნები ალაგდეს და ბავშვის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ანტიბიოტიკი ერთადერთი საშუალებაა სტრეპტოკოკის წინააღმდეგ ბრძოლაში! რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა და ალაგდება კლინიკური სურათი, მით ნაკლებია მომავალში გართულებათა განვითარების ალბათობა. ორგანიზმის ალერგიული განწყობის შესამცირებლად გირჩევთ, ბავშვს 7-10 დღის განმავლობაში ასვათ ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) პრეპარატი. ალერგიზაციის პიკი მოდის დაავადების მე-2-3 კვირას. ეცადეთ, დაიცვათ ბავშვი გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან. თანდართულმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქუნთრუშის მძიმე ჰიპერტოქსიკური ფორმა და მძიმე შედეგები მივიღოთ. ანტიბიოტიკით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველი დღიდანვე, უკიდურეს შემთხვევაში (თუ რაიმე მიზეზით დაგვიანდა ანტიბიოტიკის მიცემა) - არა უგვიანეს მე-4-6 დღისა. წაიკითხეთ გაგრძელება