ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
26 მაისი, შაბათი, 1990 წ. რა მშვენიერი დღით ვიწყებ დღიურის წერას! დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. 1918 წ. საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა (მხოლოდ სამი წელი, 1921 წ. 25 თებერვლამდე) ყველას გვიხარია. მესტიაში კონცერტი ჩატარდა. ჩვენ საქართველოს დროშა გამოვკიდეთ აივანზე; ამაყად ფრიალებდა ქუჩის თავზე.
აღფრთოვანებული ვარ. ჩემში გუგუნებს თავისუფლების სურვილის ცეცხლი. ასე მგონია, ყველაფერი ჩემია; თითქოს უფრო მსუბუქი ვარ და საცაა ფრენასაც შევძლებ. უცნაური გრძნობები მაქვს... როდის აღვდგებით ნეტა კიდევ და განვთავისუფლდებით?! ვინ იცის, იქნებ...
გუშინ დაგვითხოვეს. სულ ფრიადზე დავამთავრე მეშვიდე კლასი. ნიკას ორი ოთხიანი გამოჰყვა.
მამამ წინადადება წამოაყენა, აღვნიშნოთ ეს დღე და გავისეირნოთო. რა თქმა უნდა, ყველანი დავეთანხმეთ, ჩავალაგეთ სანოვაგე, ბურთი, ბადმინტონი და მამას მანქანით წავედით.
ჯერ ქუჩებში მოგვატარა. ყველა გარეთ იყო გამოფენილი, კაცს 1-ლი მაისი ეგონებოდა. ხალხი იღიმებოდა. ყველას უხაროდა... მერე ტყისკენ წავედით, ტბასთან; ხის ძირში ერთ ძალიან ლამაზ ადგილას დავსხედით. მშვენიერი იყო იქაურობა. ვგიჟდები, ისე მომწონს სვანეთი, განსაკუთრებით ზაფხულში. მესტია თითქოს მთების ჯამშია მოქცეული, საითაც გაიხედავ, ყველგან მთაა. ყველა მთა სხვადასხვა ფერია. რამდენნაირ მწვანე ფერს არ ნახავ. ყველაფერი ხასხასებს. შემოდგომაზე კი ამ მწვანეებს ყვითელი და წითელი ფერები ემატება და მართლა საოცრებაა!..
ტბასთან ისეთ ადგილას ვისხედით, პირდაპირ გავყურებდით უშბას. ისეთი ლამაზი იყო, ვერ გაძღებოდა კაცი იმის ცქერით.
მთელი სამი საათი ვიყავით. ვისადილეთ, ვითამაშეთ, ვილაპარაკეთ. მერე ავბარგდით და დაქანცულები მოვედით სახლში. ეგრევე დავეყარენით ლოგინებზე და საღამომდე დავიძინეთ.
28 მაისი, ორშაბათი. საშინლად გაბრაზებული ვარ. ჯერ მამა მეჩხუბა, რას იკუზები, მხრებში გაიშალე, ადამიანს დაემსგავსეო. მერე დედა მეკამათა რაღაც უაზრობაზე და საზიზღრად მომეშხამა ხასიათი. მომბეზრდა უკვე ეს შენიშვნები. არც წერა მინდა, არც ლაპარაკი. დავწვები და ვიტირებ...
1 ივნისი, პარასკევი, 1990 წ. დღეს ძალიან ცუდი დღეა. დიდი უბედურება მოხდა. თბილისში, ფუნიკულიორზე (მთაწმინდაზე), საბაგირო გამწყდარა. დაღუპულთა და დასახიჩრებულთა შორის 24 ბავშვია, თან ბავშვთა დაცვის დღეს... სულ 15 მკვდარია. ძალიან განვიცადეთ, მთელი დღე მოღუშულები ვართ. დედა ძალიან დარდობს, თან გვეშინია, ჩვენიანი არ იყოს ვინმე.
წუხელ საზიზღარი სიზმარი ვნახე და, ალბათ, ამაზე ამიხდა. ვითომ ძალიან ლამაზ ყვავილებით მოფენილ მინდორში ვიჯექი და ცას ვათვალიერებდი. მერე უცებ წვიმა წამოვიდა; მაგრამ სანამ შევეფარებოდი რამეს, გადაიღო და გამოჩნდა ცისარტყელა, ოღონდ ძალიან უცნაური. თითქოს საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ცისარტყელა ზოგ ადგილას გამწყდარი იყო, ზოგან კი გადახლართული, ან უფრო - გადაკვანძული. მერე უცებ გამეღვიძა ძალიან ცუდი განცდით... ცისარტყელა, ალბათ, ის საბაგირო იყო. რა საშინელებაა!...
დედა ჩემს ნახატებს ჟურნალ "პიონერში" აგზავნის. ადრეც გაგზავნა და ოთხივე გამოაქვეყნეს, უკანა ყდაზე. ჰო, გუშინ დედა და მამა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და მთელი დღე იმაზე ვფიქრობ.
ისინი ლაპარაკობდნენ თურქი მესხების ჩამოსახლებაზე. ქართველებს ეს არ გვინდა. როგორც ხალხი ამბობს, ძველად რომ ცხოვრობდნენ მესხეთში, თურმე ქალებს აუპატიურებდნენ, ხალხს რჯულს უცვლიდნენ. 1940 წელს გადაუსახლებიათ. 1988 წლიდან გადმოსახლება დაიწყეს, აქ უნდათ ჩამოსვლა. საქართველოს მილიცია საზღვრებზე დგას. ძალიან გვეშინია. სროლაც არ შეიძლება. თუ წინ ქალებს და ბავშვებს დააყენებენ, ქართველები ხომ ვერ ესვრიან და მაინც შემოვლენ?! ნეტა არ ჩამოვიდნენ!
ნიკა სოფელშია, არ ჩამოსულა. გიომ ახლა დაიძინა, ეზოში მყავდა და ალბათ დაიღალა.
დღეიდან ვარჯიშს ვიწყებ (მხრებში რომ ვარ ოდნავ მოხრილი, იმიტომ), ოღონდ მაგარ ვარჯიშს, თან ვწევარ უბალიშოდ, უხეშ, ხის საწოლზე...
სხვა არაფერია ახალი.
8 ივნისი. პარასკევი. დღეს ნატასთან ვიყავი დაბადების დღეზე. ძალიან ვიმხიარულეთ, ნატა 11 წლის გახდა. დედამისმა მაგნიტოფონით 1 წლის ნატას ტიკტიკი მოგვასმენინა. მერე ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, ვიჭორავეთ და საღამოსკენ დავიშალეთ.
ნიკა ჩამოვიდა და დაიწყო ჩემი წვალება, ძალიან მაბრაზებს. სანამ ჩამოვიდოდა, ვიღაცამ მისი ველოსიპედი მოიპარა. ეს ამბავი რომ გაიგო, მთელი ღამე მოღუშული დადიოდა. ძალიან იდარდა. თან ახალი ნაყიდი იყო, სულ ორი კვირა ატარა.
ამ დღეებში ფეხბურთის ჩემპიონატია იტალიაში და ახლა ტელევიზორში თითქმის სულ ფეხბურთებია. მამა როცა არ არის სახლში, ყველაფერს ვუყურებთ ფეხბურთის გარდა. საქართველო ხომ გამოეყო ფეხბურთში, ამიტომ ჩვენები ვერ წავიდნენ, ჯერ არ არიან მზად. რუსებმა წააგეს ჩეხებთან.
ხვალ სოფელში მივდივარ.