გლეხი და დათვი დაძმობილდნენ. გადაწყვიტეს ჭარხლის საზიაროდ დათესვა. ასეც მოიქცნენ... გლეხი და დათვი დაძმობილდნენ. გადაწყვიტეს ჭარხლის საზიაროდ დათესვა. ასეც მოიქცნენ. მერე ღობის ძირში ჩამოსხდნენ და მოილაპარაკეს, ჭარხალი როგორ გაეყოთ.
- რაც მიწის ქვემოთ იქნება, ჩემი იყოს, რაც მიწის ზემოთ, ის შენი იყოსო, - თქვა გლეხმა.
- კარგიო, - დაეთანხმა დათვი.
მოსავალი რომ მოიწიეს, გლეხმა ჭარხალი წაიღო, დათვს კი მხოლოდ ფოთლები ერგო.
ჭკუაში მოვტყუვდი, გაიფიქრა დათვმა და გლეხს უსაყვედურა:
- წლეულს ხომ მშრალზე დამტოვე, გაისად თუ რამეს დავთესავთ, იცოდე, არჩევანი ჩემი იქნებაო.
დადგა გაზაფხული. გლეხმა დათვი დაიბარა და უთხრა:
- მოდი, ახლა ხორბალი დავთესოთო.
- კარგიო, - უთხრა დათვმა.
მეგობრებმა ერთი დიდი მინდორი მოხნეს და ხორბალი დათესეს. დათვი წელებზე ფეხს იდგამდა, შვიდი კაცის საქმეს აკეთებდა.
მოსავლის აღების დრო რომ დადგა, გლეხმა დათვს უთხრა, - ახლა შენ აირჩიე, ძირი გინდა, თუ ღეროო.
- შარშან ჭკუა ვისწავლე! ახლა მიწის ქვეშ რაც იქნება, ის ჩემი იყოს, მიწის ზემოთ რაც იქნება - შენიო! - მიუგო დათვმა.
როგორც თქვეს, ჭირნახული ისე გაიყვეს.
გლეხმა ხორბალი გალეწა, გამტკიცული პური გამოაცხო და სადილად დათვი დაპატიჟა.
- ეს გემრიელი პური საიდან გაქვსო? - ჰკითხა დათვმა.
- შენ რომ ღეროები დაიწუნე, იმ ღეროების არისო, - მიუგო გლეხმა.
- ე-ე, ჩემო ძმაო, შენ მეორედ მომატყუე და მშიერი დამტოვე, ახლა შენ უნდა შეგჭამო, აბა, შიმშილით ხომ არ მოვკვდებიო! - დაიღრიალა დათვმა.
შიშისგან აცახცახებული გლეხი ღობეს მოეფარა. ამ დროს გზაზე მელია მიცუნცულებდა, - რა გაკანკალებსო - ჰკითხა გლეხს.
- დათვი შეჭმას მიპირებსო, - მიუგო გლეხმა.
- ნუ გეშინია, ძიაკაცო, ვერ შეგჭამს, - დაამშვიდა მელიამ და იქვე ბუჩქებში მიიმალა. გლეხს კი დაუბარა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო... მერე ბუჩქებიდან გამოძვრა და რიხიანად იკითხა:
- შენ ეი, გლეხო, აქ მგელი ან დათვი ხომ არ დაგინახავსო.
დათვმა ეს რომ გაიგონა, გლეხთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა, არ გამცე და ხელს არ გახლებო. მერე ურემთან დაეგდო და გაიტრუნა.
გლეხი მიბრუნდა და მელიას გასძახა, აქ არავინ დამინახავსო.
მელიამ ჩაიცინა, - მაშ, ურემთან რა გდიაო.
- უთხარი, კუნძია-თქო, - წასჩურჩულა დათვმა.
- კუნძი თუ არის, ზედ ცული უნდა იყოს დარჭობილიო! - დაიძახა მელიამ.
დათვი ისევ შეევედრა გლეხს, დამკარი ცული, ოღონდ ძალიან არ მატკინოო.
გლეხმა მოიქნია ცული, დათვს თავში ჩასცხო და სული გააცხებინა.
- ხომ გადაგარჩინე, გლეხო, სამაგიეროს რას მომცემო, - ჰკითხა მელამ მასპინძელს.
- ორ თეთრ დედალს გაჩუქებო, - უთხრა გლეხმა და მელიას თავმოკრული ტომარა გაუწოდა: - გზაზე არ გახსნა, თორემ შეიძლება ამოფრინდნენო.
მელიამ გამოართვა ტომარა და გზას გაუდგა. მიდის, მიდის და თან ფიქრობს, მოდი, ვნახო მსუქანი დედლებია, თუ არაო.
ტომარას თავი მოხსნა და რას ხედავს, შიგ ორი თეთრი ძაღლია, მელას ტომარა ხელიდან გაუვარდა და ტყისკენ მოუსვა. ძაღლები ტომრიდან გამოცვივდნენ და მელიას დაედევნენ. მელაკუდამ ირბინა, ირბინა და ძლივს შეასწრო სოროში.
სული რომ მოითქვა, ჯერ ყურებს ჰკითხა:
- ყურებო, ჩემო ყურებო, თქვენ რას აკეთებდითო?
- ჩვენ სიტყვასიტყვით ავკრიფეთ, რაც გლეხმა გითხრაო.
მერე ფეხებს ჰკითხა:
- ფეხებო თქვენაო?
- ჩვენ, რაც ძალა და ღონე გვქონდა, მოვრბოდითო...
- თვალებო, თქვენ რაღას აკეთებდითო?
- ჩვენ თვალს არაფერი გამოპარვიაო.
- შენა, ჩემო კუდო, შენ რაღას აკეთებდიო?
- რას ვაკეთებდი და სირბილში ხელს გიშლიდიო.
- ხელს მიშლიდიო? მე შენ გიჩვენებ სეირსო! - გაბრაზდა მელია და კუდი გარეთ გაყო.
ძაღლებმა დრო იხელთეს, მელას კუდში ჩააფრინდნენ, სოროდან გამოათრიეს. ის იყო ნაკუწებად უნდა ექციათ, რომ მელაკუდა, რისი მელაკუდა იყო, ეშმაკობა არ ეხმარა. ცემლები გადმოყარა და ძაღლებს შეევედრა:
- მოიცადეთ, მოიცადეთ, ნება მიბოძეთ, ჩემს პატარა შვილიკოებს გამოვემშვიდობო, აგერ ბუჩქებში არიან შეყუჟულებიო.
ძაღლებს გული აუჩუყდათ, თავისი ლეკვები გაახსენდათ და უთხრეს - კარგი, გამოემშვიდობეო.
მელაკუდამ მადლობა გადაუხადა ძაღლებს და... ბუჩქებში შეძვრა... როგორ გგონიათ, იქიდან უკან დაბრუნდებოდა?
ასე გააბრიყვა მელაკუდამ ძაღლები.