ეს რჩევები რეალურად უმსუბუქებენ ცხოვრებას არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც ბლოგერმა ჯოანა გოდერმა შეკრიბა მშობლების რჩევები, რომლებიც რეალურად უმსუბუქებენ ცხოვრებას და უმცირებენ სტრესს არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
1. თუ თქვენი შვილი დავარდა, პირველ რიგში ჰკითხეთ: „გეტკინა თუ შეგეშინდა?“ უმეტესად ტირილის მიზეზი შიში უფროა, ვიდრე ტკივილი. თუ ასეა, მოუყევით ამბავი, როცა ზუსტად ასე დავარდით თქვენ, მამა ან სულაც ბაბუა. პატარებს უყვართ ასეთი ისტორიები. შემდეგ უფრო გაბედულები ხდებიან.
2. თუ ბავშვებთან ერთად მოგიწიათ მგზავრობა თვითმფრინავით, ერთი მშობელი იჯდეს ბავშვებთან ერთად, ხოლო მეორე სხვა ადგილას დაჯდეს. ყოველ 2 საათში ადგილი შეუცვალეთ ბავშვებს, ადვილად არ მოიწყენენ და უფრო გაგიადვილდებათ მგზავრობა.
3. თუ სადილის დროს გინდათ, რომ მიიქციოთ ბავშვების ყურადღება, დაიწყეთ წინადადება შემდეგნაირად: “მე ოდესმე მომიყოლია თქვენთვის ეს ამბავი?“
4. ისწავლეთ რამდენიმე მარტივი ცხოველის დახატვა, მაგ: ჩიტის, ბაყაყის, თვითმფრინავის, თოჯინის. ბავშვები ყოველთვის მოგთხოვენ მათ დახატვას.
5. წამმზომი ან ქვიშის საათი მშვენიერი მოტივატორია, როდესაც ბავშვმა უნდა შეიკრას ფეხსაცმლის თასმები, შეჭამოს საჭმელი ბოლომდე, დაალაგოს თავისი ოთახი, მოკლედ, გააკეთოს ყველაფერი დროულად.
6. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბავშვთან „ჭიდაობა“, ქურთუკის ჩაცმის დროს უბრალოდ უთხარით: “გამიშალე ხელი“ - და ამის შემდეგ უბრალოდ ჩააცვით ქურთუკი.
7. შეადგინეთ ყოველდღიური „ფუნთუშის დღე“, ან "კანფეტის დღე“. იმის მაგივრად, რომ ბავშვს აუკრძალოთ ტკბილის ჭამა და გამუდმებით არ უთხრათ: “შენთვის არ შეიძლება ამდენი ტკბილის ჭამა“ - შეახსენეთ: "ჩვენ ხომ შევთანხმდით: ტკბილეული მხოლოდ ოთხშაბათს“. ასეთი რიტუალი დღეს განსაკუთრებულს გახდის, ბავშვი კი გამოიმუშავებს მოთმინების გრძნობას.
8. სკოლამდელ ბავშვს დიდი ხნის მგზავრობის წინ შესთავაზეთ წამოიღოს ნახატებიანი წიგნი. ამით იგი მიეჩვევა საკუთარი თავის გართობას და გზაშიც არ მოიწყენს.
9. პატარები არასდროს ამბობენ უარს წყალსა და "ფისებზე". მაშინაც კი, როცა ისინი ამბობენ „არას", თუ დაუდგამთ წინ ჭიქა წყალს და ღამის ქოთანს, ისინი ამას გააკეთებენ.
10. როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებით, ეცადეთ ტელეფონი ჩანთაში დატოვოთ და დროის თუნდაც მცირე მონაკვეთი გაატაროთ ბავშვის გვერდით. მაშინაც კი, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, თუ დაიღალეთ, ეცადეთ დაივიწყოთ ცოტა ხნით პრობლემები და უბრალოდ იყოთ მის გვერდით. ამ დროს ბავშვი დაცულად გრძნობს თავს.
11. შეგიძლიათ მოიგონოთ თამაში: ყოველ უქმეებზე წაიყვანეთ ბავშვი ბაზარში და შესთავაზეთ ამოირჩიოს 2 ახალი ბოსტნეული. სახლში დაბრუნებისას ერთად მოიძიეთ ახალი რეცეპტები და ერთად მოამზადეთ. ამით ბავშვი ახალ პროდუქტებს გაეცნობა და არც მათ დაგემოვნებაზე იტყვის უარს.
12. კბილების გახეხვა ის პროცედურაა, რომელიც დიდ სიხარულს არ იწვევს ბავშვებში. შესთავაზეთ, თავისი საყვარელი სიმღერა იმღეროს გახეხვის დროს. ერთის მხრივ არ მოიწყენს და მეორეც - სიმღერა შეასრულებს „წამმზომის“ როლს - სიმღერის მეშვეობით ეცოდინება, თუ როდის მორჩება კბილების ხეხვას.
13. ბავშვებს, რომლებიც ვერ ეგუებიან სტრესულ სიტუაციებს, ყოველ დილით მოკლედ გააცანით დღის გეგმები.
14. ბავშვებს არ უყვართ თავიანთი ოთახის დალაგება, მაგრამ სიამოვნებით გადაყრიან ნაგავს, მოაპრიალებენ იატაკს და სხვა. გაარკვიეთ, რა უყვარს თქვენს შვილს? დაიწყეთ პატარ-პატარა დავალებებით, მაგ: გამოიღოს გარეცხილი სარეცხი მანქანიდან, დაახარისხოს თავისი და თავისი და-ძმის ტანსაცმელი და სხვა.
15. თუ ბავშვი დაიღალა სიარულით და გთხოვთ ხელში აყვანას, შესთავაზეთ: იაროს ხტუნვით, პინგვინივით, მიბაძოს ბაყაყს. ასე ხტუნვა- თამაშით მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე.
16. კარგი იდეაა ბავშვს დაბადების დღეზე დაუპატიჟოთ იმდენი ბავშვი, რამდენი წლისაცაა ის. მაშინ პატარა არ დაიღლება და არ გადაიტვირთება შთაბეჭდილებებით. 1 წელი - ერთი მეგობარი, 4 წელი - 4 მეგობარი...
17. სამსახურიდან შესვენების დროს გაუფრთხილებლად მიაკითხეთ ბავშვებს სკოლაში და ერთად ისადილეთ.
18. ეზოში გასვლისას წაიღეთ 2 სათამაშო - ერთი ახალი მეგობრისათვის.
19. დამშვიდობებისას ყოველთვის უთხარით ბავშვს „ნახვამდის“, - ეს მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვა “კარგად იყავი“ ბავშვში უარყოფით ემოციებს იწვევს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ