წიწიბურას ლამის თითქმის სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ამბობენ, რომ ანემიის დროს ჰემოგლობინის მომატებას უწყობს ხელს, სისხლში შაქარს ამცირებს და გახდომისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. სინამდვილეში ამ მოსაზრებების ნაწილი გადაჭარბებულია. სტატიაში წიწიბურასთან დაკავშირებულ ხუთ გავრცელებულ მითს განმარტავს.
მითი 1: „წიწიბურა ჰემოგლობინს ზრდის, რადგან ბევრ რკინას შეიცავს“
წიწიბურა მართლაც შეიცავს რკინას — დაახლოებით 6–8 მგ-ს 100 გრამ მშრალ პროდუქტში. თუმცა ეს არის არაჰემური, მცენარეული რკინა, რომლის ათვისებაც ორგანიზმს გაცილებით უჭირს. ასეთი რკინის მხოლოდ 2–7% შეიწოვება, მაშინ როცა ხორციდან მიღებული რკინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20–30%-ია.
გარდა ამისა, წიწიბურა შეიცავს ფიტატებს — ნივთიერებებს, რომლებიც რკინას უკავშირდება და ნაწლავში მის შეწოვას აფერხებს. ამიტომ რკინის უკეთ ასათვისებლად წიწიბურას C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად მიღებას ურჩევენ.
ჰემოგლობინის ასამაღლებლად რკინის წყაროდ დასახელებულია ღვიძლი, წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის გული და პარკოსნები. მცენარეული რკინის შემთხვევაში სასარგებლოა მათი ბულგარულ წიწაკასთან, ფორთოხალთან ან C ვიტამინის სხვა წყაროსთან შეთავსება.
მითი 2: „წიწიბურა ყველაზე დაბალკალორიული და დიეტური ბურღულია“
100 გრამი მშრალი წიწიბურა დაახლოებით 308–330 კილოკალორიას შეიცავს და კალორიულობით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ბრინჯის, ფეტვისა თუ შვრიისგან. სხვაობა დაახლოებით 10–20 კილოკალორიაა.
წიწიბურას უპირატესობა მხოლოდ დაბალ კალორიულობაში არ არის. მასში არის უჯრედისი და შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსი, რის გამოც დანაყრების შეგრძნება დიდხანს შეიძლება შენარჩუნდეს. თუმცა თუ წიწიბურას დიდი რაოდენობით კარაქთან და სხვა კალორიულ საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის ავტომატურად „გასახდომ“ კერძად ვერ ჩაითვლება.
მითი 3: „წიწიბურა სისხლში შაქარს ამცირებს“
წიწიბურა სისხლში უკვე მომატებულ შაქარს არ ამცირებს. მისი გლიკემიური ინდექსი დაახლოებით 50–55-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე შედარებით ნელა და თანდათან იზრდება.
შესაბამისად, წიწიბურამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჭამის შემდეგ გლუკოზის მკვეთრი მატების თავიდან აცილებას, მაგრამ თუ ადამიანს სისხლში შაქარი უკვე მაღალი აქვს, წიწიბურა მას ვერ „დაუწევს“ და მკურნალობის საშუალება არ არის.
მითი 4: „მწვანე წიწიბურა ყავისფერზე ბევრად სასარგებლოა“
მწვანე წიწიბურა დაუმუშავებელი მარცვალია, ყავისფერი კი თერმულად დამუშავებული — ორთქლზე გატარებული ან მოხალული.
მწვანე წიწიბურაში მეტი ვიტამინი, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინები და რუტინია, თუმცა მასში მეტია ფიტინის მჟავაც, რომელიც ზოგიერთი მინერალის ათვისებას უშლის ხელს. თერმულად დამუშავებულ წიწიბურაში ვიტამინების რაოდენობა ნაკლებია, სამაგიეროდ ცილებისა და ნახშირწყლების მონელება უფრო მარტივია.
მითი 5: „წიწიბურა ცილის წყაროა და ხორცს ცვლის“
წიწიბურაში დაახლოებით 12–14 გრამი ცილაა 100 გრამ პროდუქტზე. ეს ბურღულეულისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მისი ცილა ამინომჟავური შემადგენლობით სრულფასოვანი არ არის. ამიტომ წიწიბურა ხორცის სრულფასოვან შემცვლელად ვერ ჩაითვლება. ცილის უკეთესი ბალანსისთვის მისი შეთავსება შეიძლება რძის პროდუქტებთან, კვერცხთან ან პარკოსნებთან.