რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვის დროს და რა მიგანიშნებთ ქიმიურ დამუშავებაზე
სამწუხაროდ, ხილბოსტნეულს ძალიან ხშირად „ამდიდრებენ“ ნიტრატებით, რათა სწრაფად დამწიფდეს და დიდი გაიზარდოს. ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტები კი ზიანს აყენებს ორგანიზმს. როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნამდვილად ჯანსაღ პროდუქტს ვყიდულობთ და არა პესტიციდებით დამუშავებულს?
მოდით, გავერკვეთ: არა აქვს მნიშვნელობა სად შეიძენთ პროდუქტს: მარკეტში, ბაზარში თუ გლეხისგან, რომელიც ირწმუნება, რომ ნამდვილად თავისი ნაკვეთის ხილია. არსებობს კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ ნაყოფი დამწიფებულია ქიმიის დახმარებით.
არის ასეთი ხელსაწყო - ნიტრატ-ტესტი, რომელიც ზომავს ნიტრატების დაშვებულ ზღვარს კონკრეტულ ნაყოფში. თუმცა ნუ იჩქარებთ ამ მოწყობილობის შეძენას. ჯერ ერთი, ყველაზე უბრალო ნირტატ-ტესტიც კი საკმაოდ ძვირი ღირს. ნორმით დაშვებული ქიმიკატების 320 დასახელება არსებობს, მათ კომბინაციას კი ძნელად გავსაზღვრავთ დამოუკიდებლად. ამიტომ ჯერჯერობით ვენდოთ იმას, რაც უტყუარია: თვალები, ხელები და ყნოსვა.
არჩევანი ყოველთვის შეაჩერეთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე. სათბურში მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს უფრო მეტად ანოყიერებენ.
ეცადეთ, ნაკლებად შეიძინოთ სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირებული ხილი - მათ ამუშავებენ ტრანსპორტირების დროს.
თუ არ გყავთ ნათესავები, ახლობლები, რომლებიც დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობით, მოძებნეთ ასეთი ოჯახები და მოელაპარაკეთ კარტოფილის, ხილისა და ბოსტნეულის შეძენაზე.
თუ ჯერ ესეც ვერ მოახერხეთ - წადით ბაზარში ან მაღაზიაში.
მაშ ასე, პროდუქტის არჩევის წესები: გარეგნული იერით ხილი და ბოსტნეული არ უნდა ჰგავდეს „სურათს“, ანუ ზედმეტად "ლამაზი" არ უნდა იყოს, ეს უკვე მიანიშნებს ნიტრატების სიმრავლეზე ან გენმოდიფიკაციაზე; ზომა - საშუალო; ფერი - ჩვეული, არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი; შეხებით - არ უნდა იგრძნობოდეს ზეთიანი ზედაპირი; სუნი - მძაფრად გამოხატული. უსუნო ნაყოფი - პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენებისა.
ვაშლი - გახსოვდეთ, თუ ვაშლი მოეწონა ჭიას, ის შეიძლება აჭამოთ ბავშვსაც. დახლებზე ასეთ ვაშლს ნუ ეძებთ, მაინც ვერ შეხვდებით. იქ მხოლოდ იდეალური ფორმის, გაპრიალებული, ბზინვარე ვაშლები აწყვია. თუ ხელს მოკიდებთ, იგრძნობთ ზეთიან ზედაპირს. გარეცხვისას ხელიდან გისხლტებათ, ე.ი. ის დამუშავებულია პარაფინით. არ შეიძინოთ ასეთი ვაშლი.
მსხალი - სასარგებლო ხილია, მდიდარი ვატამინებით, დიდხანს ინარჩუნებს გემოსა და არომატს. აარჩიეთ საშუალო ზომის ნაყოფი.
საზამთრო - თამამად შეიძინეთ ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. კანი უნდა იყოს კონტრასტული ფერის, კუდი - მშრალი. მიაკაკუნეთ საზამთროზე, თუ ზარივით ხმას გამოსცემს, ე.ი. ნაყოფი მწიფეა. რბილობით შეიძლება განსაზღვროთ, ნიტრატები გამოიყენეს თუ არა. თუ რბილობი მკვეთრად წითელი ფერისაა, ჯობს უარი თქვათ მის მირთმევაზე. რეკომენდებულია საზამთრო მიირთვათ საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. (საზამთროს შერჩევაზე იხილეთ დაწვრილებით).
პომიდორი - მწიფე და ახალი პომიდორი წითელი ფერის უნდა იყოს. მაგარი და სქელი კანი ნიტრატების გამოყენებაზე მიგვანიშნებს. სუნი - არომატული. გაჭრისას - ნატურალური პომიდორი უნდა იყოს წვნიანი, თეთრი ზოლების გარეშე.
კიტრი - დიდხანს არ ინახება. ქიმიის გარეშე მოყვანილი კიტრი უნდა იყოს მკვრივი და არა რბილი. შეაფასეთ ფერით. ყვითელი, ღია მწვანე ან სალათისფერი ლაქები პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენებისა.
სტაფილო - არ შეიძინოთ პაკეტებში დაფასოებული, გარეცხილი სტაფილო. იყიდეთ მიწიანი. ნამდვილი სტაფილო ფერით უნდა იყოს მკვეთრი ფერის.
კომბოსტო - მოაცალეთ ზედა ფენები. შეარჩიეთ შავი წერტილების გარეშე. შავი წერტილები სოკოა, რომელიც ჩნდება ნაყოფზე ნიტრატების დამუშავების დროს.
კარტოფილი - ყურადღებით დაათვალიერეთ, ჯობს შეიძინოთ საშუალო ზომის ოდნავ „ჭიანი“, ვიდრე დიდი ზომის, იდეალურად სუფთა კარტოფილი. მომზადების წინ მოაჭერით მწვანე ფერის ადგილები. ეს ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერება სილანინია.
გოგრა - არაჩვეულებრივი ნაყოფია იმიტომ, რომ მის რბილობში ნიტრატები პრაქტიკულად არ გროვდება. მათი უმრავლესობა კონცენტრირდება კანში, რომელსაც ვაჭრით მომზადების წინ.
მწვანილი - ღია ნიადაგზე იზრდება მხოლოდ ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი. ასე, რომ, თუ ზამთრის თვეებში ყიდულობთ მწვანილს, ის სათბურშია მოყვანილი. ორიენტირება მოახდინეთ ფერზე: თუ მწვანილი მუქი მწვანე ფერისაა, ე.ი. ბოროტად არ იყო გამოყენებული ნიტრატები.
იმედია, ეს წესები დაგეხმარებათ ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის შერჩევაში. ნიტრატები ერთნაირად როდი გროვდება ამა თუ იმ ნაყოფში. ყველაზე ნაკლები შეიწოვება ნიორში, ლობიოში, მარცვლეულში, ბალში, ქლიავში. მაგრამ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, მწვანილი შეიძლება შეიცავდეს საშიშ დანამატებს. ამიტომ მომზადების წინ საჭიროა იოლი პროცედურების ჩატარება. მაგალითად, კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად და დადგით გამდინარე წყლის ქვეშ 30 წთ. კიტრი და პომიდორიც ასევე კარგად გარეცხეთ და შემდეგ მცირე ხნით დატოვეთ წყალში. მწვანილსაც უხდება გამდინარე წყალი, ასევე სულ მცირე მარილწყალში მოთავსება ცოტა ხანს.
თერმული დამუშავების დროს ნიტრატების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. თუ სალათებში იყენებთ ბოსტნეულს თერმული დამუშავების გარეშე, ნიტრატების გასანეიტრალებლად დაუმატეთ ლიმონის წვენი.