"არ ვიცი, გადავწყვიტო თუ გადმოვწყვიტო..." ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის ნათქვამი შეიძლება ძალიან ჭკვიანურიცაა, ძალიან ეშმაკურიც და ძალიან სასაცილოც. აქ წარმოდგენილი ბავშვური "სიბრძნეები" ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მკითხველებმა მოგვაწოდეს. მშობლებო, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მსგავსი "მარგალიტების" შეკრება და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდება (არ დაგავიწყდეთ ბავშვის სახელის, გვარის და ასაკის მითითება). საუკეთესოებს საიტზე და ჟურნალ "საბავშვო კარუსელში" გამოვაქვეყნებთ. ჩვენი საფოსტო მისამართია mshoblebi.ge@mail.ru.
***
ანუკი მამამ პირველად წაიყვანა ტყეში. როცა დაბრუნდნენ, ბავშვს ჰკითხეს, სად იყავიო.
- მეშინიაში! - უპასუხა ბავშვმა.
(ანუკი გელაშვილი, 5 წლის)
***
სკოლიდან დაბრუნებულ ლალის ჰკითხეს, რა გაქვს მათემატიკაშიო.
- დადებითი და აღებითი რიცხვები, - იყო პასუხი.
(დალი ელისაშვილი, 7 წლის)
***
პატარა ნანა ბებოსთან ისვენებდა წაღვერში. ერთ დღეს ქალაქიდან დედამ ჩამოაკითხა და მონატრებული ბავშვი ვეღარ მოიცილა.
- თუ გინდა, წაგიყვან თბილისში, - უთხრა დედამ.
ნანა ჩაფიქრდა.
- ჰა, რას იზამ, მითხარი პასუხი! - გოგონამ მხრები აიჩეჩა და ნაღვლიანი თვალებით შეხედა დედას:
- არ ვიცი, გადავწყვიტო თუ გადმოვწყვიტო!
(ნანა ქურდაძე, 5 წლის)
***
ქეთი ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობს.
ერთხელ ბავშვს აუხსნეს, რომ მისი სახელი ქეთი კი არა, ქეთევანია, ასევე - გიას სახელი გიორგია, მარისა - მარიამი...
- მამა, შენ ვახოს რომ გეძახიან, ვახტრიონი გქვია?
(ქეთინო ლომიძე, 5 წლის)
***
თამრიკოს დედამ ტაფაზე კატლეტები მრგვლად შემოაწყო და შესაწვავად ცეცხლზე შედგა.
- დედა, კატლეტების ზილინას აკეთებ?
(თამრიკო ჭკადუა, 4 წლის)
***
ზურიკომ ნახა ნახატი, რომელზეც მხოლოდ ხელები იყო გამოსახული.
- დედამ ეს ვისი ხელებია?
- მლოცველის.
- რატომ დატოვა?
(ზურიკო გვასალია, 5 წლის)
***
გიორგი დედას ეხვეწება, ნამცხვარი გამოაცხვეო.
- არა მაქვს მაგის ნერვები! - თავიდან იცილებს დედა.
- მე გიშოვი! - ამშვიდებს გიორგი.
(გიორგი მოდებაძე, 5 წლის)
***
პატარა ია დედამ პურზე გაგზავნა და გააფრთხილა:
- გაიხედ-გამოიხედე, ჯერ მანქანამ გაიაროს და გზაზე მერე გადადი!
ბავშვი კარგახანს არ დაბრუნდა სახლში. შეშფოთებვულმა დედამ გააკითხა და ბავშვი კიბეზე ჩამომჯდარი დაინახა.
- აქ რას აკეთებ?
- მანქანას ჯერ არ გამოუვლია!
(ია ტატალაშვილი, 6 წლის)
***
- როგორ აკეთებენ ტყემალს? - კითხულობს დათო.
- სოფელში იზრდება და ეგ როგორ არ იცი? ტყემალს ხომ ხე ისხამს?
- როგორ, ეგრევე, ბოთლებიანად?!
(დათო მეტრეველი, 6 წლის)
***
სანდროს მასწავლებელი ეკითხება:
- როგორი გეომეტრიული ფიგურაა კუთხე?
- როგორი და დასჯილი ბავშვის დაყენება რომ შეიძლება.
(სანდრო ბუდაღაშვილი, 7 წლის)
***
სანდრო კალთაში უზის ბაბუას და თავზე ეფერება:
- ბაბუ, აქ რატომ არა გაქვს თმა?
- ბებიაშენმა დამაცალა.
- თავზე დაგაცალა და ტანზე დაგაყარა?
(სანდრო გურაშვილი, 5 წლის)
***
სანდრომ დაინახა, როგორ გამოუცვალა დედამ ოთახის ყვავილებს მიწა და შემდეგ მორწყა.
რამდენიმე დღის შემდეგ სანდროს ბებო ეფერება:
- რომ მოვკვდები, ეს ხელები ხომ დამაყრიან მიწას?
- კი, ბებო, წყალსაც დაგისხამენ.
(სანდრო გურაშვილი, 5 წლის)
***
- ნატუკა, იცოდე, აგისრულებ, რაც გითხარი! - იმუქრება დედა.
- ოქროს თევზი ხარ?
(ნატო ლუაშვილი, 5 წლის)
***
დედა სოფიკოს ამოცანის პირობას უკითხავს:
- პარკში 24 ფიჭვის ხეა, ამდენივე - ნაძვის ხე...
- პარკში ამდენი ფიჭვი და ნაძვი როგორ ჩაეტია?!
(სოფიკო ბათუაშვილი)
***
- დიტო, მოიტანე ეგ სკამი და მოდი!
- ვიტან, ვიტან!
(დიტო კაციაშვილი, 4 წლის)
***
ლადოს ბალიშის ბუმბული შეერჭო თითში:
- სისხლის ანალიზი გამიკეთა ამ ოხერმა?
(ლადო ჯავახიშვილი, 4 წლის)