ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა მელია თავისი პატარა მელიკოთი. ზღაპრები, zgaprebi ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა მელია თავისი პატარა მელიკოთი. დედა მელა ხშირად მიდიოდა სანადიროდ - ხან მინდვრის თაგვს დაიჭერდა, ხან კი სოფელში შეიპარებოდა და ყვინჩილას მოიტაცებდა, შინ მოჰქონდა და პატარა მელიკოს გემრიელ სადილს უმზადებდა.
ერთხელ დედამ წასვლა რომ დააპირა, პატარა მელიკოს დაუბარა:
- შინიდან ფეხი არ გაადგა, ჯერ პატარა ხარ, შეიძლება ტყეში გზა აგებნას ან მონადირეს გადაეყარო სადმე.
როგორც კი დედა წავიდა, მელიკოს მაშინვე დაავიწყდა მისი დარიგება, სოროდან გამოძვრა და მიიხედ-მოიხედა, თითქოს არსაიდან საშიშროება არ ელოდა. მზე სასიამოვნოდ ათბობდა არემარეს, მელიკომ კარგა ხანს მწვანე ბალახზე იკოტრიალა, მერე ტყეში გაინავარდა, ხან ერთი ბუჩქის ძირში შეძვრა და მწიფე მაყვლით ჩაიგემრიელა პირი, ხან ტკბილ პანტას გაუსინჯა გემო. ამ სეირნობა-სეირნობაში შეუმჩნევლად ისე შორს წავიდა, რომ გზა აებნა და თავის სოროს ვეღარ მიაგნო.
ამასობაში მელაც შინ დაბრუნდა, მელიკოს ერთი ქილა მაწონი მოუტანა, სოფლის დედაკაცისთვის აეწაპნა. შვილი სახლში რომ არ დახვდა, ძალიან შეწუხდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ მელიკოს ვერსად მიაგნო. მელა მწარედ ატირდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცრემლებით საქმეს ვერ უშველიდა და გზას დაადგა. წინ მგელი შემოეყარა:
- ძმაო, მგელო, მითხარი, ჩემი პატარა მელიკო ხომ არ გინახავს?
- არა, დობილო, არ მინახავს! - უპასუხა მგელმა და გაძუნძულდა.
მელას ახლა ტახი შემოხვდა:
- ძმაო ტახო, ჩემი პატარა მელიკო ხომ არ შეგხვედრია? სახლიდან გაპარულა და ალბათ ტყეში გზა აებნა.
- არა, დაო მელავ, არ მინახავს! - უპასუხა ტახმა.
მელამ თითქმის მთელი ტყე მოირბინა, ხან ირემს შეხვდა და შვილის ამბავი ჰკითხა, თხუნელასაც მიაკითხა: - შენს სოროში ხომ არ შემოძვრა ჩემი შვილიო? - იქაც რომ ვერ ნახა თავისი მელიკო, ტბისკენ გასწია, სადაც ბაყაყები ცხოვრობდნენ და იქაურობას ყიყინით იკლებდნენ.
- ბაყაყებო, ჩემი პატარა მელიკო არ გინახავთ? ტბაზე წყლის დასალევად ხომ არ მოსულა?
- არა, არ მოსულა, - აყიყინდნენ ბაყაყები.
საღამო ახლოვდებოდა, პატარა მელიკოს ნამდვილად დიდი საფრთხე ელოდა, თუ დაღამებამდე ვერ იპოვიდა, შეიძლება რომელიმე ბოროტ და მშიერ ცხოველს გადაჰყროდა.
მელამ აღარ იცოდა, საით წასულიყო, უცებ ხიდან კაჭკაჭმა ჩამოსძახა:
- ეი, შენ, მელავ. რა გიჟივით დარბიხარ ტყეში და მოსთქვამ, ვის ეძებ, რა დაგიკარგავს?
- შვილი დავკარგე, კაჭკაჭო, სადმე ხომ არ შეგხვედრია ჩემი მელიკო, მითხარი, შენს გახარებას! - ცრემლები გადმოყარა მელამ.
- როგორია შენი მელიკო? იქნებ, მინახავს კიდეც?! - ჰკითხა კაჭკაჭმა.
- ჩემი ვაჟი ყველაზე ლამაზია, ფაფუკი ბეწვი, ფუმფულა კუდი და მსუბუქი თათები აქვს, თვალები კი - ყურძნის მარცვლებივით მოგრძო და ცისფერი, - უპასუხა მელამ.
- ტყუილად ეძებ, ასეთი ლამაზი მელიკო ტყეში ნამდვილად არ არის. მე რომ შემხვდა, ის ყურებჩამოყრილი, ჭუჭყიანი, კუდგაქუცული და ისეთი გამხდარი იყო, რომ ფეხებს ძლივს მიათრევდა. - უთხრა კაჭკაჭმა.
- ვაი, ვაი, - დაიძახა მელამ - სწორედ ეგ არის ჩემი ვაჟი, ჩემი საწყალი მელიკო! სად ნახე, შენ შემოგევლე, ახლავე მიჩვენე!
- როგორ, შენი შვილი ხომ მშვენიერი, კუდფუმფულა და ლამაზთვალება მელიკოა? - გაუკვირდა კაჭკაჭს.
- ჩემო მეგობარო, - ტირილით უპასუხა მელამ - განა არ იცი, რომ დედისთვის ულამაზო და მახინჯი შვილი არ არსებობს?
კაჭკაჭი ტოტიდან წამოფრინდა და მელია იმ ბუჩქთან მიიყვანა, სადაც ლაფში ამოსვრილი, ღონემიხდილი პატარა მელიკო საცოდავად მოკუნტულიყო და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. მელიკომ დედა რომ დაინახა, სიხარულისაგან უფრო ხმამაღლა აღრიალდა და გულში ჩაეხუტა.იხილე ყველა ზღაპარი