ამ დროს ქალი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც შედარებით მზად არის ორსულობისა და მშობიარობისთვის მეცნიერები ამ თემაზე რა ხანია მსჯელობენ. ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მინიმუმ 25 წელი საუკეთესო ასაკია დედობისთვის – ამ დროს ქალი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც შედარებით მზად არის ორსულობისა და მშობიარობისთვის. ცოტა ხნის წინ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მიროვსკიმ საერთოდაც გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ იდეალური ასაკი 34 წელია, შესაბამისად, გაამართლა ევროპელი და ამერიკელი ქალები, რომლებიც ხშირად სწორედ 30 წლის შემდეგ ქმნიან ოჯახებს. მან 2200 ქალის სამედიცინო მონაცემები გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ქალის ჯანმრთელობის პრობლემები 22 წლიდან 34 წლამდე თანდათან იკლებს და 34 წლისთვის ყველაზე ნაკლებია, 35 წლიდან კი უკუპროცესი იწყება. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, "ნებისმიერ ასაკში ქალი, რომელსაც პირველი მშობიარობა 30 წლის შემდეგ ჰქონდა, ჯანმრთელობის თვლასაზრისით უფრო ახალგაზრდა იქნება, ვიდრე ის, ვინც 18 წლისამ გააჩინა პირველი შვილი". ეს კი იმიტომ ხდება თურმე, რომ ასაკთან ერთად თავად ქალიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ორგანიზმს და ისეთ რისკებზე არ მიდის, როგორც 20 წლის ასაკში, გარდა ამისა, როგორც წესი, მუდმივი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს.
მიროვსკის ოპონენტებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ 34 წლის ასაკში პირველი შვილის გაჩენა მეტისმეტად აგვიანებს მეორე და მესამე შვილის გაჩენის ასაკს და შესაბამისად, მეტი შანსია, დედა ერთ შვილს დასჯერდეს მხოლოდ.
საბოლოო ჯამში, მეცნიერებისა და მედიკოსების ერთობლივი შეფასებით, ქალის ჯანმრთელობის, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით, იდეალური მაინც ყოფილა 25-დან 35 წლამდე ასაკი.