ერთ კაცს სამი ვაჟი ჰყავდა. როდესაც კაცი მოხუცდა, სიბერის გასახალისებლად მგალობელი ჩიტების მოშენება გადაწყვიტა.
ერთ კაცს სამი ვაჟი ჰყავდა. როდესაც კაცი მოხუცდა, სიბერის გასახალისებლად მგალობელი ჩიტების მოშენება გადაწყვიტა.ხეებზე შაშვებისა და სხვა მგალობელი ფრინველების ბუდეები გააკეთა. პირველად ბუდეში ერთი ლამაზი ცისფერი ჩიტი-ჩიორა მოკალათდა და ისეთი მშვენიერი ხმით აჭიკჭიკდა, რომ მოხუცს მოფერება მოუნდა, მაგრამ ჩიტი დაფრთხა და ტყისკენ გაფრინდა.
- არიქა, დაიჭირეთო! - დაუძახა მამამ შვილებს.
უფროსი ძმები ცხენებს მოახტნენ და ჩიტის საძებნელად გაეშურნენ. თან საგზალიც წაიღეს, ვინ იცის, რამდენ ხანს მოვუნდებით ჩიტის დევნასო. დიდხანს ეძებდნენ ჩიტს, ამდენ ხეტიალში მოშივდათ. ჩამოხტნენ ცხენებიდან, ცეცხლი დაანთეს, სუფრა გაშალეს და ჭამას შეუდგნენ.
უცებ მათ წინ დედა მელამ ჩაირბინა შვილებთან ერთად. მშიერმა მელაკუდებმა ჭამაში გართულ ძმებს გადახედეს.
- ნეტავ, რას დაეხეტება ეს წუწკი მელაო! - თქვა ერთმა ძმამ და ძაღლს შეუძახა: - დაიჭირე და ტყავი გააძრეო!
მელამ კი უცებ ხმა ამოიღო: - რადგან ასეთი ბოროტები ხართ, ქვებად იქეცითო!
ეს თქვა თუ არა, ცხენი, ძაღლი და ძმები ქვის ლოდებად გადაიქცნენ. გაიხარეს მელაკუდებმა და სულ შესანსლეს ძმების გამზადებული პურმარილი.
დიდხანს ელოდა მამა შვილებს, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ. ახლა მამამ უმცროსი ვაჟი გაგზავნა ჩიტისა და ძმების საძებნელად.
უკვე ღამდებოდა, როდესაც ვაჟი ტყეში შევიდა. დაანთო ცეცხლი და სავახშმოდ მოემზადა. უცებ მის წინ მშიერმა მელამ ჩაირბინა. უკან პატარა მელიები მოსდევდნენ და ხარბი თვალებით შეჰყურებდნენ ბიჭს.
- შე საცოდავო, ალბათ ძალიან მშიერი ხარ, - უთხრა მელას უმცროსმა ძმამ, - ნუ გეშინიათ, მოდით ჩემთან და ერთად ვივახშმოთო.
- სიამოვნებით, - უპასუხა მელამ, - მაგრამ მეშინია, შენმა ძაღლმა შვილები არ დამიკბინოსო.
- ნუ გეშინია, ჩემს ძაღლს ხეზე მივაბამ და ვერაფერს გავნებთო, - დაამშვიდა ბიჭმა.
როდესაც მელა კარგად დანაყრდა, ვაჟს ჰკითხა: - შენ გგონია, ის ჩიტი-ჩიორა ხის ტოტზე ზის და შენ გელოდება? რა ხანია გაფრინდა, მაგრამ შენ არ იდარდო, მე ვიცი, სად ცხოვრობს. მას ბუდე ცისფერ ქვეყანაში, ერთი არაჩვეულებრივი მსხლის ხეზე აქვს მოწყობილი. ყოველ წელს ბარტყებს ჩეკს და ზრდის. თვით ჩიორას კი მთელი სახელმწიფო დარაჯობს. მე მიგასწავლი იმ ხეს, მაგრამ არამც და არამც მსხალი არ მოწყვიტო და გემო არ გაუსინჯო, თორემ ზარების ისეთი რეკვა ატყდება, მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებაო.
ბიჭმა მელას მადლობა გადაუხადა და ცისფერი ქვეყნისკენ გაეშურა. დიდი წვალებით იპოვა მსხლის ხე, ჩუმად აძვრა, ბუდეში ხელი ჩაჰყო და ჩიტი-ჩიორა ამოიყვანა. უბეში ჩაისვა და წამოსვლა დააპირა, მაგრამ მსხლის ნაყოფი ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო, მოწყვიტა და ჩაკბიჩა. სულ დაავიწყდა მელაკუდას გაფრთხილება, მაგრამ უკვე გვიან იყო. ატყდა ზარების რეკვა, მოცვივდნენ ცისფერი ქვეყნის მეფის ნაზირ-ვეზირები, შეიპყრეს ჭაბუკი და მიჰგვარეს მეფეს.
- ჩემს ბაღში ამ გრძნეული ჩიტის დასაჭერად მოხვედი? - ჰკითხა გაბრაზებულმა მეფემ. - განა არ იცი, რომ ამისთვის სიკვდილით დაისჯები?! მაგრამ შემიძლია მხოლოდ იმ პირობით გაპატიო, თუ ცისფერ ტბაში მცხოვრებ ქალწულს მომგვრიო.
სად იყო, სად არა, მოულოდნელად ბიჭთან მელა გაჩნდა: - ახლავე წავიდეთ ტბისკენ, მოძებნე დუმფარის დიდი ფოთოლი, გააკეთე ნავი და ტბაში შევცუროთო, - უბრძანა მან. ადგნენ და ცისფერი ტბისკენ გაემართნენ. ბიჭმა მოძებნა დუმფარის უზარმაზარი ფოთოლი, გააკეთეს ნავი და ტბაში შეცურეს. შუა ტბაში, პატარა კუნძულზე ლამაზი ქალწულის სახლი იდგა. როგორც კი ნავი სახლს მიუახლოვდა, ქალწულმა ფანჯრიდან გადმოხედა: - ვინ ხართ, რისთვის მოსულხართო? - იკითხა მან.
- ცისფერი ქვეყნის მეფის ბრძანებით, შენს წასაყვანად მოვედითო, - ასძახა ჭაბუკმა.
ქალმა ტირილი დაიწყო: - აქ იმ ბოროტ მეფეს გამოვექეცი და თუ ისევ მასთან წამიყვანთ, თავს არ ვიცოცხლებო.
- კეთილი, იყოს ნება შენი. რადგან იქ წასვლა არ გინდა, მე გადავიქცევი ლამაზ ქალად და მეფეს ვეახლებიო, - უთხრა მელამ და უცებ ქალად გადაიქცა.
ჩასხდნენ ნავში და ცისფერი ქვეყნის სასახლეში დაბრუნდნენ. მეფემ ძალიან გაიხარა, მთელი სასახლე ფეხზე დააყენა. გაიშალა საქორწილო სუფრა. როდესაც მეფემ და მისმა დიდებულებმა პატარძალს შეხედეს, თქვეს: - ქალი მართლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ მელიის თვალები აქვსო.
- ეს როგორ მაკადრეთო! - განაწყენდა პატარძალი. შეძვრა მაგიდის ქვეშ, ერთი ამოკოტრიალდა და ისევ მელიად გადაიქცა. შემდეგ სასახლიდან გამოიპარა და ბიჭთან ერთად იქიდან მოუსვა. მოქეიფეებს პატარძლის გაუჩინარება არც კი შეუმჩნევიათ.
ამასობაში უფროსი ვაჟები ისევ ადამიანებად იქცნენ და შინ დაბრუნდნენ. ცოტა ხანში უმცროსი ვაჟიც მიადგა მამისეულ სახლს. უბიდან ჩიტი-ჩიორა ამოიყვანა და მამას გადასცა. ჩიტი ჯადოსნური ხმით აჭიკჭიკდა და მოხუცმაც გაიხარა.
მთავარი კი ის იყო, რომ უმცროსმა ვაჟმა ის მშვენიერი ქალწული თან წამოიყვანა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. როდესაც უფროსმა ძმებმა უმცროსის ლამაზი საცოლე დაინახეს, შურით აივსნენ: - ვის გაუგონია, უფროს ძმებს ცოლები არ ჰყავდეთ და უმცროსი ქორწინდებოდესო. გადაწყვიტეს, უმცროსი ძმა როგორმე თავიდან მოეშორებინათ. გრძნეული მელა ყველაფერს მიხვდა. შურიანი ძმები რიყის ქვებად გადააქცია და მდინარის პირას მიმოფანტა,L თვითონ კი შვილებთან ერთად ტყეში გაიქცა. უმცროს ვაჟს მამამ დიდი ქორწილი გადაუხადა. ისინი ძალიან დიდხანს ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. დილიდან საღამომდე კი მათი ეზოდან ჩიტების გალობა და ჭიკჭიკი ისმოდა.