ქალები ვიბრძვით, რომ ვიყოთ გმირები, მაგრამ გულის სიღრმეში გვერდით ძლიერი მამაკაცი გვინდა
"ჩემ მიერ მიცემულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობ ან ვუსმენ, ვნერვიულობ ხოლმე, არ მინდა, ვინმეს ზედმეტი რჩევები მოვახვიო თავს ან განვსაჯო, მით უმეტეს, რომ არ მიყვარს განსჯა. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ბევრი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, ვარ ამაყი იმით, რომ მყავს ხუთი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებიც მაბედნიერებენ და უფლის წყალობით პრობლემებს არ მიქმნიან. ეს ყველაფერი კი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ვარ იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი..." - აღნიშნა ქეთა ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბრისას. მას ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.
- რთული სათქმელია, რამდენად ვარ ტრადიციული, მაგრამ ვინარჩუნებ იმ ტრადიციებს, რაც ბებია-ბაბუისგან დაგვრჩა და ჩემმა მშობლებმა შემოინახეს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გადავცე შვილებს და არ დაიკარგოს. იმის გამო, რომ შეიცვალა ცხოვრება, რიტმი, წესები, ურთიერთობები, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ტრადიციები დავიწყებას ეცემა, მაგრამ მგონი დიდი ძალისხმევა არაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ.
- წინაპრების მიერ შემონახული ტრადიცია ახსენეთ, კონკრეტულად რომელია ასეთი?
- მაგალითად, ტრადიციაა ის, რომ ყველა დღესასწაულს ვზეიმობთ ერთად, ეს იქნება ახალი წელი თუ აღდგომა. დღემდე ჩემი ბებია-ბაბუის სახლში ყოველ ახალ წელს, ჩემი მშობლები, მე, ჩემი მეუღლითა და შვილებით, ჩემი ძმა, ასევე მეუღლით და შვილით, მამიდა თავისი შვილებით და შვილიშვილებით დღემდე ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს და ეს მომწონს ძალიან, რადგან როცა ბედნიერები ვართ, დადებითი ემოციებით ვართ სავსე, ყველანი ვართ ერთად. აღდგომასაც ასევე ყველანი ერთად ვიკრბიბებით და ერთად აღვნიშნავთ. ჩემი ქმრის ოჯახს თავისი ტრადიციები აქვს, არ შეიძლება მას შენი დააჯახო, ამიტომ ასეთი მეთოდი შევიმუშავე, ერთ აღდგომას მივდივარ ჩემი მეუღლის ნათესავებში, მომავალი წლის აღდგომას კი - ლორთქიფანიძეებში ვიკრიბებით. ვთვლი, რომ ნათესაური კავშირი შენარჩუნებული უნდა იყოს. მეტიც, პირადად მე ძალიან მომწონდა ის სიტუაცია, როცა ოჯახში სამი თაობა ერთად ცხოვრობდა, მგონია, რომ ეს აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის. სამწუხაროდ, მე ასე ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ურთიერთობას უფროს თაობასთან.
- თუმცა, ოჯახში სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს, ხშირია ინტერესთა კონფლიქტი...
- კი ბატონო, არის ეს ფაქტორიც და ჩემ ირგვლივ ბევრი ამ პრობლემით ცხოვრობს, მაგრამ მე არასდროს შემხებია ეს... იცით, რომ მე ახლა მესამე მეუღლე მყავს, მაგრამ არც ახლა და არც წინა ოჯახში არ მქონია ჩემი მეუღლის მშობლებთან კონფლიქტი და რაიმე სახის უთანხმოება. ზოგადად რთულია, ისაუბრო ამაზე, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს საკითხისადმი, თუმცა, დღეს დედამთილ-მამამთილი ჩემთან რომ არ ცხოვრობს, ეს ჩემთვის პრობლემაა. დღევანდელი დატვირთული რეჟიმის მერე სახლში რომ მიდიხარ და არავინ გხვდება, ძალიან ძნელია. მინდა, სახლში ვიღაც დამხვდეს, სამზარეულოში იყოს ცხელი სადილი. მე თვითონაც ვიზრუნო იმ ადამიანებზე, რომლებიც ზრუნავენ ჩემზე. ადამიანები ვართ და საერთო ენის გამონახვა შეიძლება, რაღაცები უნდა დათმოს ოჯახში ახალმა შესულმა, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ გოგო უნდა აღიზარდოს ისე, რომ მზად იყოს, შევიდეს ახალ ოჯახში და იმ ოჯახის ტრადიციები გაიხადოს თავისად, შეერწყას იმ ოჯახის წესებსა და ადათს და არ იყოს ამოვარდნილი. როდესაც ადამიანი ოჯახს ქმნის, ალბათ გათვითცნობიერებული უდნა ჰქოდეს ეს მდგომარეობა, მაგრამ დღევანდელი ოჯახები ძირითადად ასე არ ცხოვრობენ. ყველას თავისი კუთხე უნდა და ესეც მესმის. გარდა ამისა, არის ფართის პრობლემაც, როცა სახლში ყველას თავისი კუთხე აქვს, ერთად ცხოვრება ნაკლებად პრობლემური ხდება.
- ანუ, რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი რძალს მიუძღვის?
- როგორც პოტენციური დედამთილი, ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამხვედრს. მსგავსი საკითხების ზოგადი განხილვა ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. გოგო, რომელიც თხოვდება და ქმნის ოჯახს, ოცნებობს ბედნიერ მომავალზე და მას არ შეიძლება ჰქონდეს ცუდი განზრახვა. ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი დამხვედრს ეკუთვნის, იმიტომ, რომ შემომსვლელი დაბნეულია, ახალბედაა, უცხო გარემოში ხვდება უცებ. ბევრი რამ არ იცის და სჭირდება ადაპტაცია. ძნელია, შეხვიდე ოჯახში და პირველივე დღეს დარეცხო ჭურჭელი, თუნდაც იმიტომ, რომ არ იცი, როგორ აშრობენ, სად აწყობენ გარეცხილს და ა.შ. ეს ყველაფერი თითქოს პრიმიტიული და სასაცილოა, მაგრამ მნიშვნელოვანია. როცა უცხო გარემოში ხვდები, დაკვირვება და შეცნობა გჭირდება, როგორ ალაგებენ სახლს, როგორ აკეთებენ სადილს. ძნელია ოჯახში შევსლიდან რამდენიმე დღეში სადილი მოამზადო, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ იცი, რამდენად მარილიანი უყვართ და მოსწონთ თუ არა ცხარე. აქედან გამომდინარე, დამხვედრმა უნდა შექმნა ის პირობა, რომ ადამიანი უფრო მალე ადაპტირდეს გარემოში და გამოავლინოს მისი დადებითი თვისებები. ასევე მონდომებული უნდა იყოს მოსვლელი, რომ დამხვედრს გაუჩნდეს სურვილი, ყველაფერი იყოს კარგად. ურთიერთობაც ესაა, როცა ადამიანები ზრუნავენ, რომ ოჯახში იყოს სითბო და ბედნიერება...
- ახლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტზე. ზოგი თვლის, რომ ეს წყვილისთვის აუცილებელიც კია, ზოგიერთისთვის - მიუღებელია. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- არ არსებობს არანაირი რეცეპტი ურთიერთობაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ორი ადამიანის ხასიათზე, ცხოვრების წესზე და ა.შ. ჩემი, როგორც დედის პოზიცია არის ასეთი, მე არ მინდა, ჩემი შვილები იყვნენ გულგატეხილები, სხვა მხრივ ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. რასაკვირველია, სურვილი მაქვს, ჩემი შვილები და მათი რჩეულები იყვნენ ბედნიერები. არ ვოცნებობ, რომ წინსწარი თანაცხოვრება ჰქონდეთ, როგორ ყველა დედას, მეც მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ მყარი და ბედნიერი ოჯახი. მაგრამ, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ თუ ქორწინების მიღმა ჩაისახა ახალი სიცოცხლე, ყველაფერს გავაკეთებ ამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიუხედავად იმისა, იმ ორ ადამინს ექნება თუ არა შემდეგში ურთიერთობა. ბედნიერი ვიქნები, თუ არავის სიცოცხლე არ შეეწირება ურთიერთობების გაწყვეტას.
- ქეთა, აქვე მინდა, გკითხო ოჯახის უფროსის საკითხზე, რა ფენომენია ეს, როცა ამავდროულად ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ?
- სტუდენტობიდან ვმუშაობ, ვცდილობ, ჩემი თავი და შვილები უზრუნველვყო ყველაფრით, ვარ თანასწორუფლებიანი მეორე ნახევარი, მაგრამ მეც და ზოგადად, ქალებმა გულში რომ ჩავიხედოთ, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ გვინდა, გვერდით გვყავდეს ჩვენზე ძლიერი მამაკაცი. რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, ყველა პრობლემა ბოლოს მიდის იქამდე, რომ ოჯახში კაცი არ დგას თავის სიმაღლეზე. ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ თანსწორობაზე და ასეა თუ ისე, ქალებმა ამას მივაღწიეთ. ქალი დღეს დაკავებულია, რეალიზებულია, ბევრ შემთხვევაში ოჯახში შემომტანია, ეთქმის თავის სიტყვა და ა.შ. მაგრამ რომელ ქალს უნდა, მასზე არ ზრუნავდნენ? ჩვენ ვიბრძვით, რომ ვიყოთ გმირები, მაგრამ გულის სიღრმეში გვინდა გვერდით ძლიერი მამაკაცი. ბევრს ვფიქრობ, ჩვენ რომ გავძლიერდით, იმიტომ დასუსტდნენ კაცები, თუ კაცები რომ დასუსტდნენ, იმიტომ გავძლიერდით ჩვენ. ჯერ ქათამი იყო თუ კვერცხი, დაახლოებით იგივე თეორიაა, მაგრამ ალბათ ერთდროულად მოხდა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში მე მაინც მინდა, რომ ქალი ქალობდეს და კაცი – კაცობდეს.
- ქეთა, ყველა დედას უნდა, მის შვილს კარგი მეგობრები ჰყავდეს და კარგ საზოგადოებაში ტრიალებდეს, მშობლების ერთი კატეგორია ერევა შვილისთვის მეგობრების შერჩევის საკითხში, მეორე – შორიდან აკონტროლებს სიტუაციას და საქმის კურსშია, როგორ წრეშია მისი შვილი. თქვენ რამდენად აძლევთ თავს უფლებას, ურჩიოთ შვილს, ვისთან იმეგობროს და ვისთან - არა..
- ძალიან რთული თემაა, მაგრამ მე არ ვერევი ჩემი შვილების სამეგობრო წრის არჩევაში. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილების მეგობრები ჩემი მეგობრები არიან. გამიმართლა, რომ ჩემს შვილებს ჰყავთ კარგი მეგობრები. ჩხოვრების მანძილზე იყვნენ ისეთებიც, რომელთაც საკმაოდ ცუდი გავლენა ჰქონდათ ჩემს შვილებზე და მე ამას ვგრძნობდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ შენ თვითონ გქონდეს შვილთან ჯანმრთელი და კარგი ურთიერთობა, დანარჩენი ყველაფერი დროებითია, ვიღაც მოვა, ვიღაც - წავა, მთავარია, ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გაგვიფუჭდეს შვილებთან ურთიერთობა. როცა ხდება გაუცხოვება, იქ ჩნდება პრობლემები, ბავშვი უკვე გარეთ იწყებს იმ ადამიანების ძებნას, რომელთაც გაუზიარებს საკუთარ პრობლემებს, აზრებს, ემოციებს.. აქედან გამომდინარე, უნდა მივხვდეთ, რომ მთავარია ჩვენთან იგრძნოს შვილმა თავი კარგად, თუ არ ბოჭავ, არ ზღუდავ და აძლევ მას პირველ რიგში სწორ აღზრდას და მერე თავისუფლებას, მაშინ ვთვლი, რომ ძალიან მწირია საფრთხე იმისა, რაღაც მოხდეს. მე ასე მგონია და ეს არაა ზოგადი რეცეპტი, უბრალოდ ასეთია ჩემი შეხედულება. მთავარია სიყვარული, სითბო. სხვა მხრივ კი ყველა დედამ იცის, როგორ გაზარდოს შვილი, ესაა უნარი, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა, დედის ინტუიცია - ესაა აუხსნელი მოვლენა. ვთვლი, რომ ყველანი ჩვენს გულებს უნდა მივენდოთ, მოვუსმინოთ, გავუგოთ, შევუნდოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს და ყოველთვის გვქონდეს მომავლისა და ღვთის იმედი.
ციცი ომანიძე