მშობიარეები მთელ მსოფლიოში ხშირად წუხან ექიმების უხეშობისა და უგულისყურო დამოკიდებულების გამო მშობიარობა თავისთავად მტკივნეული პროცესია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მედპერსონალის თბილ და გულისხმიერ დამოკიდებულებას მშობიარის მიმართ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა მსოფლიოს 34 ქვეყანაში. როგორც გამოკვლევის შედეგებმა გვიჩვენა, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უხეშ და უგულისყურო დამოკიდებულებას შეიძლება შეხვდეთ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. ცუდი ქცევის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მშობიარის ფსიქოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფას, ტკივილგამაყუჩებლის მიღებასა ან სასურველ პოზაში მშობიარობიაზე უარის თქმას. მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა: მედპერსონალი არა მარტო ამცირებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მშობიარეს, არამედ შეგნებულად აგდებს სტრესულ სიტუაციაში - სცემს, უკრძალავს ყვირილს და ა.შ.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნიკური უმცირესობები, მიგრანტები. გოგონები, რომლებიც ქორწინების გარეშე აჩენენ ბავშვს. ხშირია დამცირება, ძალადობა და შეურაცხყოფა მედპერსონალის მხრიდან...
რა კომენტარს აკეთებს ამაზე ერთ-ერთი გამოცდილი ექიმი, მოსკოვის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი ლუდმილა გავრილოვა თავის ბლოგში და როგორ ხსნის, რატომ უყვირიან ექიმები მშობიარეებს:
- 15 წელია, რაც სამშობიაროში ვმუშაობ და ყოველგვარ სიტუაციას შევსწრებივარ. წარმოიდგინეთ, რამდენ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში. ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი ბავშვის კარგად ყოფნაა. ასევე ფიქრობენ ადეკვატური მშობიარეები. ზოგიერთ დედას ერთი სული აქვს, როდის გათავისუფლდება მტანჯველი ტკივილისაგან, არ უსმენს და არ უჯერებს ექიმს. კიდევ კარგი, ასეთ სიტუაციებში ბავშვი ტრავმის გარეშე გადარჩება ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის გავამხნევოთ მშობიარე და საკუთარი თავი დააყენოთ პაციენტის ადგილას. თუმცა ისეთ კოლეგებთანაც მომიწია მუშაობა, როცა ექიმი დაუყვირებდა მშობიარეს: “გეყოფა ყვირილი, გაჩუმდი!“ ჩემი კოლეგა იხსენებდა თავისი პრაქტიკიდან ასეთ სიტუაციას: მაშინ იგი ნორილსკშის სამშობიარო სახლში მუშაობდა. მოულოდნელად სამშობიაროში წყლის მილები გასკდა, გარეთ კი ყინვა იყო -40 გრადუსი. ყველა მშობიარე გადაიყვანეს ახლომდებარე სკოლის დარბაზში. ერთ-ერთს მშობიარობა დაეწყო. ბოლო მომენტში მშობიარეს ძალა გამოეცალა და ვერ ეხმარებოდა ექიმს. აი ამ დროს საჭირო იყო მკვეთრი მოქმედება. მაშინ დაუყვირა ექიმმა მთელი ძალით: “ბოლოს და ბოლოს მოიკრიბე ძალები, თორე ბავშვს დაკარგავ!“ და დაიბადა ბიჭი. ასე რომ, ყვირილი დაშვებულია, ოღონდაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.