შეიძლება თუ არა ადამიანი სკამში დამალული ნემსის ჩხვლეტით შიდსით დაავადეს და ვის სჭირდება ხალხის დაშინება სოციალურ ქსელში ახალი ტალღა აგორდა - საშიში შეტყობინება, რომელიც საოცარი სისწრაფით გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო. ამ შეტყობინების მიხედვით, მსოფლიოში ტერორიზმის ახალი ფორმა იკიდებს ფეხს - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შიდსით ინფიცირებული ნემსებია "დამონტაჟებული", რომლებიც მოულოდნელად გერჭობათ და თქვენ მომენტალურად ავადდებით სასიკვდილო ვირუსით. "ყველა სავარძელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მატარებლებში, თვითმფრინავებში უნდა შემოწმდეს, რადგან პოტენციური საშიშროების მატარებლები არიან თქვენი ჯამრთელობისთვის. სანამ დაჯდებით, დააკვირდით სავარძლის საჯდომს და საზურგეს. ეს არის ტერორიზმის ახალი სახეობა, რომელიც მოდის აივ-მატარებლების და შიდსით ინფიცირებულების არაოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციისგან", - ნათქვამია შეტყობინებაში და იქვე მოწოდებაა, რომ ეს გზავნილი ახლობლებში მაქსიმალურად გაავრცელოთ, რათა ყველა ფრთხილად იყოს.
გუშინ ეს შეტყობინება უამრავმა ქართველმა სოცქსელის მომხმარებელმა გააზიარა. მსგავსმა ისტერიამ ცოტა ხნის წინ რუსეთსაც "გადაუარა". ხალხი იმდენად შეშინებული იყო, რომ თემით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და სპეციალისტებს სთხოვეს განემარტათ, მართლაც შესაძლებელია თუ არა ადამიანი ინფიცირებული ნემსის ერთი ჩხვლეტით დაავადდეს შიდსით.
შიდსის ცენტრის ცხელის ხაზის ერთ-ერთი ოპერატორი განმარტავს:
"მსგავსი "საფრთხობელა ნიუსები" მსოფლიოში არ ილევა. ხალხიც მზადაა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ყველა სისულელე დაიჯეროს. შეტყობინებაში აღწერილი ერთი შემთხვევაც რომ დადასტურებულიყო, ამის შესახებ შიდსის ოფიციალურ ცენტრებს ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ. თუ ასეთი მასობრივი ხასიათი აქვს, ერთი შემთხვევა მაინც ხომ უნდა დაფიქსირდეს, თუნდაც რუსეთში.
რაც შეეხება სკამში დამალული ნემსისგან დაინფიცირებას, ესეც აბსურდია. შიდსის ვირუსი გარემო პირობებში ვერ ცოცხლობს. ნემსით ინფექციის გადადება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შპრიცში დაავადებული ადამიანის საკმარისი რაოდენობით სისხლია დარჩენილი, რომელიც ასევე სისხლძარღვებში მოხვდება. ჰეპატიტის ვირუსი გაცილებით მდგრადია, მაგრამ შემთხვევითი ჩხვლეტისგან ამ ვირუსითაც კი არავინ დაავადებულა. ინფიცირების გზები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და ამ ჩამონათვალს არაფერი დამატებია", - აცხადებენ შიდსის ცენტრში.
რასაკვირველია, ჩვენ ქართველ სპეციალისტებსაც დავიკავშირდით. გვესაუბრება ქალბატონი ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:
- ის, ფაქტი რომ შიდსი შეიძლება ადამიანს გადაედოს სადმე ჩამონტაჟებული ნემსის ჩხვლეტით, არარეალურია, აბსურდია. შიდსი გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტით დაავადებულ ადამიანთან, ინფიცირებული დედიდან ბავშვზე, ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთიო კვების შედეგად, ინფიცირებული სისხლის სხვა ადამიანის სისხლთან კონტაქტით, დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული შპრიცის ხელმეორედ გამოყენებით.
- და რატომ გამორციხავთ ჩამოტაჟებული შპირიცებით დაინფიცირებას?
- იმიტომ, რომ ვირუსი მზის სხივების პირდაპირი მოქმედების პირობებში მხოლოდ ორი საათი ინარჩუნებს სიცოცხლეს, მერე იღუპება. თან დაინფიცირებული ნემსის წვერის კანქვეშ მოხვედრა, არ შეიძლება გახდეს შიდსით დაავადების მიზეზი, ნემსი უნდა შევიდეს ღრმად სისხლში, რომ მოხდეს ადამიანის დაინფიცირება. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მხოლოდ უბრალო ჩხვლეტა ვერ დააავადებს ადამიანს.
...ასე რომ, "ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება" სინამდვილეში ჩვეულებრივი სატყუარაა, რომელიც ონლაინ-მკითხველს იზიდავს. იმას ჰგავს, ჩვენს ბავშვობაში საფოსტო ყუთში რომ გვხვდებოდა წერილი: "გადაწერე 10-ჯერ და შენს ოჯახს ბედნიერება ეწვევა, თუ არადა უბედურება არ აგცდებაო"... ჩვენც შეშინებულები ვიწერდით და ვავრცელებდით... ახლა გადაწერაში დროს აღარ ვხარჯავთ და ერთი კლიკით უფრო სწრაფად და მარტივად ვავრცელებთ იგივე სისულელეებს. თუ თქვენი შეშინება უკვე მოახერხეს, სხვა მაინც დაინდეთ და ამ "საფრთხობელას" ახლობლებს ნუღარ გადაუგზავნით.
P.S. სასარგებლო ინფორმაცია თემაზე
კიდევ ერთხელ, გეტყვით, რომ დადასტურებულია, შიდსის ვირუსი არ გადეცემა აივ ინფიცირებულთან კოცნით, მოხვევით, ხელის ჩამორთმევით, დახველებით, ცემინებით, საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით, საერთო აბაზანით ან ტუალეტით სარგებლობით; საცურაო აუზით სარგებლობით, კოღოსა და მწერების ნაკბენებით და აივ-ინფიცირებულთან სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში ურთიერთობით.
საქართველოს შიდსის ცენტრის რეკომენდაციები:
როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან;
იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;
მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და ც ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი.
ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით;
უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე! ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.
დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.
საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, აივ მკურნალობითა და მოვლით;
აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% - მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
ანტირეტროვირუსული თერაპია;
საკეისრო კვეთა;
სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.
ციცი ომანიძე