საქართველოში ეს სათამაშოები არ მოწმდება როცა სახლში პატარა ბავშვია, უფროსებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. წუთიც საკმარისია, რომ პატარამ ისეთი რამ მოიქმედოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ეს შეიძლება, უბრალო სათამაშოს გამოც მოხდეს.
საშიშროება #1 - ქიმია
როცა სათამაშოების მავნებლობაზე საუბრობენ, როგორც წესი, მხედველობაში აქვთ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამ სათამაშოს დამზადებისას გამოიყენება. ტყვიის, ფენილის, კადმიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველი ჭრელა-ჭრულა სათამაშოების პირში ჩადების შემდეგ ბევრი დაავადების რისკი იზრდება, მათ შორის - ალერგიული რექციების, სასუნთქი გზების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და ა.შ.
როგორც წესი, საქართველოში ეს სათამაშოები არ მოწმდება, შესაბამისად, არც მათი შემცველი ნივთიერებების გამოვლენა ხდება, ამიტომ იმ მონაცემებს ვეყრდნობით, რაც სხვა ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადასტურეს. საეჭვო შემცველობაზე ძირითადად ჩინური წარმოების სათამაშოები მოწმდება. ექსპერტიზის შემდეგ დადასტურებულა, რომ საშიში ნივთიერებები დასაშვებ ნორმას 40-70-ჯერ აჭარბებდნენ.
ამიტომ, როცა მცირე ასაკის ბავშვისთვის ირჩევთ სათამაშოს, რომელსაც ის აუცილებლად პირში ჩაიდებს, უპირატესობა ნატურალურ მასალას მიანიჭეთ. გაცილებით სანდოა ევროპული ბრენდების მიერ ნაწარმოები სათამაშოები, რადგან ამ ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, გარკვული სტანდარტი მოქმედებს (სათამაშო შეიძლება ჩინეთში იყოს დამზადებული, მაგრამ თუ ევროპული ბრენდის ნაწარმია, მაღალი სტანდარტი მასზეც ვრცელდება).
საფრთხე #2 - მცირე დეტალები
თანამედროვე სათამაშოები ხშირად არის გადატვირთული მცირე დეტალებით, უფროსები კი არ აკვირდებიან ხოლმე გამაფრთხილებელ წარწერას, თუ რომელი ასაკიდან არის დაშვებული ეს სათამაშო. ყოველდღიურად უამრავი მშობელი აკითხავს გასტროენტეროლოგის კაბინეტს და ბვშვის მიერ გადაყლაპული ნივთებისგან გათავისუფლებას ითხოვს. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში პატარა პაციენტების გადარჩენა ვეღარ ხერხედება.
თითქმის ყველა სათამაშოს აწერია, რომელი ასაკიდან არის ნებადართული მისი გამოყენება. წვრილი დეტალებისგან შემდგარი სათამაშოები, როგორც წესი, 3 წლიდან არის დაშვებული. უფრო პატარებს მათთვის განკუთვნილი მსხვილდეტალიანი სათამაშოები უნდა შეუძინოთ.
ვერც ეს ზომები იქნება საკმარისი, თუ ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა. შემთხვევათა უმეტესობა მაშინ ხდება, როცა ბავშვი მარტოა.
როგორ მოვიქცეთ
უცხო სხეული შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს, ცხვირში ან ყურში შეიტენოს ან შესუნთქვის დროს გადასცდეს. კლინიკური სურათი სამივე შემთხვევაში სხვადასხვაა. თუ სასუნთქ გზებშია მოხვდერილი, ბრონქოსკოპია ან უფრო რთული მანიპულაცია გამოიყენება. თუ კუჭ-ნაწლავშია, ბუნებრივი გზით გამოიდევნება.
იშვიათად უცხო სხეული რჩება ბავშვის ორგანიზმში, მაშინ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება.
თუ პატარას მოულოდნელად და მწვავედ მოწამვლის მაგვარი სიმპტომები დაეწყო, გული ერევა ან სუნთქვა უჭირს, აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს.