ყველა ოჯახში ყიდულობენ ამ საშუალებებს, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის... ბაზარზე საწმენდი ტილოებისა და ღრუბლების უზარმაზარი არჩევანია. ყველა ოჯახში ყიდულობენ ამ საშუალებებს, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, რაში მდგომარეობს მათი ხარვეზები და უპირატესობები. ჯობია მეტი იცოდეთ ამ ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე.
პოროლონის ღრუბელი
მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ სარეცხი საშუალების უფრო ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა. რბილი სტრუქტურის წყალობით არ აზიანებს ზედაპირს. გამოიყენება ტეფლონის ზედაპირებზეც. პოროლონით შეიძლება როგორც ჭურჭლის, ასევე ნიჟარისა და გაზქურის გაწმენდა. ნაკლი კი ის გახლავთ, რომ მალე ზიანდება, სუნს იღებს და ვერ უძლებს ძლიერ ცხიმიანი ზედაპირების რეცხვას.
მიკროფიბრა
მიკროფიბრა გაცილებით დიდხანს ძლებს. იდეალურად იწოვს სითხეს და მტვრის ნაწილაკებს. ცხელი წყალი აზიანებს მას. მიკროფიბრას ტილოს ან ღრუბელი უნდა გარეცხოთ გრილ წყალში საპნით და არა ფხვნილით. ეს მასალა შეუდარებელია შუშების, კაფელის, ასევე საოჯახო ტექნიკის კორპუსების წმენდისთვის. სპეციფიური სტრუქტურის წყალობით, არ ტოვებს უმცირეს ნაწილაკსაც კი, იღებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსაც. ითვლება ჰიპოალერგიულ საშუალებად.
მიკროფიბრას სარეცხი საშუალებების გარეშეც შეუძლია ზედაპირის ხარისხიანად წმენდა. ამბობენ, რომ უძლებს 2000-ჯერ გარეცხვას. თუ ახალგარეცხილი მიკროფიბრას ტილო კვალს ტოვებს, გამოსაცვლელია. ის კვალს ტოვებს მაშინაც, როცა უბრალოდ გასარეცხია.
ცელულოზას ღრუბელი
კარგად იწოვს სითხეს. სველ მდგომარეობაში ძალიან რბილდება, მშრალი კი მაგრდება. ამის წყალობით ღრუბელში მიკრობების გავრცელება ძალიან შენელებულია. შესაბამისად, მისი გამოყენება უფრო დიდხანს შეგიძლიათ, არ იღებს სუნს.
ცელულოზას ღრუბლით შესაძლებელია ჭურჭლის, კერამიკის, ემალის, შუშების წმენდა. ეფექტურია რბილი ავეჯის, მცენარეთა ფოთლების დასასუფთავებლად. ყველა შემთხვევაში ღრუბელი სველი უნდა იყოს.