აი, 5 ტიპური შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის შექებისას უშვენებ როცა ბავშვის შექება გვინდა, რატომღაც ერთნაირ სტანდარტულ ფრაზებს ვიყენებთ: "ყოჩაღი ბიჭი (გოგო) ხარ", "კარგი გოგო ხარ" და ა. შ. ამ ფრაზებს დღეში რამდენჯერმე წარმოვთქვამთ და გვგონია, რომ სწორად ვიქცევით. ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ.
ძალიან ხშირად ბავშვებს ავტომატურად ვაქებთ და არ ვუფიქრდებით, დაიმსახურეს კი შექება? ერთი სიტყვა "ყოჩაღ" ეკუთვნის რთული დავალების შესრულებაშიც და უბრალოდ, უმცროსი ძმისთვის სათამაშოს თხოვებისთვის? ასე თითქოს ვაუფასურებთ ამ შექების პროცესს და სიტყვებიც ფუჭად ჟღერს. ფსიქოლოგი ემი მაკრიდი მიიჩნევს, რომ ქებასაც ცოდნა უნდა. აი, 5 ტიპური შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის შექებისას უშვენებ.
ენის მოჩლექვით წარმოთქმული სიტყვები, რომლებსაც არანაირი აზრი და შინაარსი არა აქვთ
აქცენტი გააკეთეთ არა შედეგზე, არამედ რთულ პროცესზე, რომელიც ბავშვმა ამ სამუშაოს შესრულებისთვის განახორციელა. "რამდენი გიშრომია. ვხედავ, როგორ იწვალე, რომ ასე სუფთად გაგეფერადებინა", "მადლობა, რომ არ დაგეზარა იატაკიდან სათამაშოების ალაგება. ძალიან მომეწონა შენი საქციელი" და ა. შ. ყოველდღიურად ასეთი აზრიანი შექების "დოზა" გაცილებით მეტს მისცემს ბავშვს, ვიდრე ფუჭი სიტყვები და ენის მოჩლექვით მოფერება.
შექება იმის გამო, რაც ბავშვს ჩვეულებრივ რამედ ეჩვენება
მუსიკალური ნიჭის ან სწრაფად სირბილის გამო, რაც ბავშვს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისედაც გამოცდის, დაუსრულებლად შექება არ ჭირდება. ბავშვი უბრალოდ, იყენებს იმას, რაც ბუნებამ მიჰმადლა და ამის გამო თავის ზედმეტად შეწუხება არ უწევს. ეცადეთ, შეუქოთ ის ქმედებები, რაც ბავშვისგან ძალისხმევას, ნებისყოფას, შრომას მოითხოვს. მაშინ იქნება შექება სარგებლობის მომტანი.
იარლიყების მინიჭება
მუდმივად ეძახო ერთ ბავშვს ნამდვილი სპორტსმენი, მეორეს - არტისტი, მესამეს - ლამაზი და ა. შ. - ადრე თუ გვიან მათ გარკვეულ სტერეოტოპებში მოაქცევს. აქედან თავის დაღწევა და თავის სრულყოფილად წარმოჩენა უფრო გაუჭირდებათ.
ერთი ბავშვის შექება ან კრიტიკა მეორის თანდასწრებით
ერთსაც და მეორესაც დედმამიშვილებს შორის მეტოქეობისკენ მივყავართ. ასე რომ, დრო შეარჩიეთ. თქვენ ხომ არ გინდათ, ერთი საქმე გააკეთოთ (ბავშვი შეაქოთ ან დატუქსოთ) და მეორე გააფუჭოთ (ბავშვს შურის გრძნობა ან ამპარტავნება შთააგონოთ).
ქება ირონიის გარეშე
როცა აქებთ, ტონში ირონია ან დაცინვა არ გაურიოთ. არ გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევა, როცა უარესად მოიქცა. "რა კარგად დაგილაგებია ოთახი. მოგწონს ხომ, იატაკი რომ გამოჩნდა. გუშინ ამ დროს თვითონაც არ ჩანდი ამდენ ხარახურაში".
შექება, როგორც კანფეტი, კარგია მაშინ, როცა ზომიერად ვიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვისთვის საჭირო პოზიტიურ აღმზრდელობით "ინსტრუმენტს" ვერ მივიღებთ. შექებამ ხომ ბავშვს მხარდაჭერა, ნდობა, თანამშრომლობა, მოთმინება და სიყვარული უნდა ასწავლოს.