ჩემს პირად ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით ჩემი - მეუღლე და შვილი ირმა ნიორაძის სახელი და გვარი არა მხოლოდ საქართველოში იციან. მისი სცენაზე ნახვა ერთი სიამოვნებაა. თავად ამბობს, რომ წარმატებას შრომა ქმნის, თუმცა, ამასთან ერთად, ბალეტის ღმერთებმა ნიჭიც უხვად მისცეს და იღბალიც, ვინაიდან მის პედაგოგებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანი, სერაფიმა ვეკუა, ლუდმილა საფრონოვა, ნინელი კურგეპკინა იყვნენ.
ირმა ნიორაძე 1992 წლიდან სანქტ-პეტერბურგის პრიმაბალერინაა. კარიერაში საკმაოდ რთული გზა აირჩია. ლიდერის ხასიათი ჰქონდა და უყვარდა ცეკვის საკუთარ თავზე მორგება. „დედა კალმახს” მეძახის. კალმახი ხომ დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. დღემდე ასეა.
“ყველაზე მძიმე პერიოდი”
„ყველაზე მტკივნეული დღეები 2008 წლის აგვისტოში მქონდა. მამა ომის დაწყებამდე
გახდა ავად, მერე რაც მოხდა, ძალიან განიცადა და გარდაიცვალა. დატოვა ანდერძი, უნდოდა, მამა-პაპის გვერდით დაესაფლავებინათ, იმერეთის ულამაზეს სოფელ ძირულაში.
რიგაში ვცეკვავდი, როცა მამის გარდაცვალების ამბავი ჩემმა დამ, მზიამ, შემატყობინა. მეორე აქტის მერე დამირეკა… ისტერიკული ტირილი ამივარდა, სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ვერ ჩამოვედი. გზები გადაკეტილი იყო.
მზიამ დანაპირები შეასრულა და მამა იმერეთში გადაასვენეს. საშინელი გზა განვლეს. მათმა მატარებელმა გაიარა და რამდენიმე წუთში ხიდი აფეთქდა...
ჩემს დას და მამას ცხედარს მთელი სოფელი დახვდა. მოგვიანებით, როდესაც რესტორანში შეიკრიბნენ, რუსები ტანკით მიადგნენ. ბალერინები იმპულსურები ვართ და მე ავღელდებოდი. ჩემი და მომღერალია. ჯარისკაცებს უთხრა, მამა გარდამეცვალა, რომელმაც სამამულო ომი გამოიარა და თქვენთვის იბრძოდაო. როგორც ჩანს, ამან იმოქმედა, გაბრუნდნენ.
ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი ტრავმა იყო. დავმუნჯდი. გასტროლებზე უარი ვთქვი. დიდხანს ვიწექი და ჭერში ერთ წერტილს ვუყურებდი. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. რუსეთშიც ბევრი განიცდის ამ სიტუაციას. ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, დიდ და პატარა ქვეყნებსაც უნდა ეყოთ იმდენი დიპლომატია, რომ უფსკრულამდე არ მივიდნენო. მინდა, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, თავისი ძირძველი მიწები დაიბრუნოს და მუდამ გაბრწყინებული იყოს“ .
2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბალერინა შვილთან ერთად საფრანგეთში, ზღვისპირა ქალაქში გადავიდა. პეტერბურგში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის ის დღემდე რევოლუციამდელი ქალაქია, სადაც ცხოვრობდნენ დოსტოევსკი, ტოლსტოი, პუშკინი, ჩეხოვი, ლერმონტოვი, რომელთა შემოქმედების კითხვა უსასრულოდ შეუძლია.
თავისი გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთში არასდროს შეჰქმნია პრობლემები. პეტერბურგის ოპერის თეატრში დღემდე საშვის გარეშე შედის. კარისკაცი ეუბნება, რომ მათი თეატრის ძვირფასი სამკაულია. მათი თხოვნით, პეტერბურგში ყოფნისას გაკვეთილებს ატარებს. სამწუხაროდ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე წლის წინ საშვი მოსთხოვეს, თუმცა არ სწყენია. „თუ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს აუცილებელი იყო, მათ საქციელს ვამართლებ“ , - მშვიდად აღნიშნავს ბალერინა.
პირადი ბედნიერება
ბევრი მოცეკვავე პირად ცხოვრებას რთულად იწყობს, რადგან ხშირად გასტროლებზე არიან. ირმა ნიორაძეს კი იღბალმა ამ მხრივაც არ უღალატა და აქვს ოჯახი, ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე, რომელიც ღვინის კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელია, და შვილი – ილია.
„პეტერბურგში შევხვდით ერთმანეთს და ხშირად ვამბობ, „ეს იყო პეტერბურგში“ . გოჩა ძალიან კარგი ადამიანია. რთულია, ბალეტის სფეროს წარმომადგენელს გაუგო, რადგან სულ სცენაზეა. მიხარია, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით ჩემი - მეუღლე და შვილი.
ჩვენი ვაჟი, ილია, 14 წლისაა. არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ ორი ფილმი გადაიღო, ტექსტების გარეშე და საინტერესო მუსიკალური გაფორმებით. ფილმების გადაღების ჩემი ვერსია შევთავაზე. მომისმინა, მაგრამ თავისებურად გადაწყვიტა.
ერთი ოჯახური ტრადიცია გვაქვს, რომელსაც ბევრი ვერ იგებს. ახალ წელს ყოველთვის გურიაში ვხვდებით. ბევრი მეგობარი გაოცებულია, ხალხი საზღვარგარეთ მიდის ახალი წლის შესახვედრად და თქვენ გურიაში მიდიხართო? ჩვენ ასე მოგვწონს. ძალიან მიყვარს გურულების სიმღერის მოსმენა. წლების წინ ტყეში პატარა ნაძვის ხე ვნახეთ და ჩვენს ეზოში დავრგეთ. ახლა უკვე გაიზარდა, ძალიან დიდია. გვყავს ძაღლი, რომელსაც ბუბუ დავარქვით…