"ბავშვებისთვის ბევრად უკეთესია, მშობლები იყვნენ ცალკ-ცალკე და ჰქონდეთ ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა" ჩვენი რესპოდენტი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძეა. საკუთარ საქმიანობაზე, პირადზე, ბაბუაზე, ოჯახზე და იმაზე, თუ ვისთან მეგობრობს დღევანდელ ხელისუფლებაში, ლაშა შევარდნაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.
- ლაშა, რას საქმიანობთ ახლა?
- დღესდღეობით მე კომპანია Socar energy georgia-ში ვმუშაობ, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების და საგარეო ეკონომიკის კუთხით. ასევე პარალელურად ვმუშაობ შვეიცარიულ-ქართულ ფონდში, რომელსაც ეწოდება "საერთაშორისო ფონდი მგრადი განვითარებისთვის". ფონდის მიზანია განავითაროს ალტერნატიული ენერგიის (მზე, ქარი) დანერგვა როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის და შუა აზიის რეგიონში. მე ამ ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი და ბიზნეს-დეველოპერი გახლავართ. იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ტექნოლოგიების თვითღირებულება საკმაოდ ძვირი ჯდება და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს იმის საშუალება, რომ უცხოელ ინვესტორებს ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ. საკანონდებლო დონეზე ასევე მისაღებია ეგრეთ წოდებული "მწვანე ტარიფი". აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საქართველოს ყველანაირი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, როგორებიცაა მზე, ქარი, წყალი და ამ კუთხით ნამდვილად ღმერთისგან დაჯილდოებული ქვეყანა ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში მალე მოხდება და ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
- თქვენი დისგან განსხვავებით თქვენ ყოველთვის ერიდებით საჯაროდ გამოჩენას, რა არის ამის მიზეზი?
- ბუნებრივია, რომ სოფოს თავისი პროფესიიდან გამომდინარე აქტიურად უწევს მედიასთან ურთიერთობა. რაც შემეხება მე, არანაირად არ ვერიდები, თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი პერსონა, მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე.
- თქვენი ოჯახი სად ცხოვრობს ამჟამად?- ჩემი მშობლები და ჩემი პატარა და საფრანგეთში ცხოვრობენ.- თქვენი დის სოფიკოს შესახებ კარგად არის ცნობილი არამხოლოდ ქართველებისთვის, თავად როგორ აფასებთ მის საქმიანობას? რას გვეტყვით პატარა დის ნანუს შესახებ?- ჩემი და სოფო არის უნიჭიერესი, უჭკვიანესი და ძალიან დადებითი ადამიანი. ის თავის საქმის უდავო პროფესიონალია. გარდა ამისა, სოფო ბუნებით უშიშარია. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ის 2012 წელს, სამოქალაქო ომის დროს, სირიაში ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისგან ინტერვიუ აიღო. ინტერვიუს ჩაწერისას, ხუთას მეტრში კი ბომბები ფეთქდებოდა. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას სოფოს მიმართ, აქ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ უფროსი ძმა მყოლოდა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჩემი უფროსი და ერთად აღებულ ათ უფროს ძმას სჯობია. ნანუ მომავალ წელს უკვე სკოლას ამთავრებს. დაბადებული და გაზრდილია საფრანგეთში. მას საქართველოსთან ხშირი შეხება არ აქვს. როგორც სოფიკო, ნანუც უნიჭიერესი გოგოა. სხვათა შორის, იგი როგორც ჰუმანიტარულ, ისე ტექნიკური საგნებს კარგად სწავლობს. ამის გამო ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა თავის სკოლაში. მას მსახიობობა სურს. ალბათ მომავალ წელს სამსახიობო სკოლაში ჩააბარებს.
- საზოგადოების ყურადღება მომართული იყო პირადად თქვენი ოჯახის მიმართ, რატომ დაშორდით თათია შარანგიას და როგორ გადაიტანეთ ოჯახის დანგრევა?
- მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, სადაც ის პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში სწავლობდა. სწორედ საფრანგეთში დაიბადა ჩვენი ორი შვილი. თუმცა რაღაც დროის მერე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდით და ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით. როდესაც სიყვარული ქრება, ყოველთვის სჯობს დაშორდე, ვიდრე ორმა ადამიანმა იცხოვროს ტყუილში. ბავშვებისთვის ბევრად უკეთესია მშობლები იყვნენ ცალკ-ცალკე და ჰქონდეთ ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა, ვიდრე ერთად ცხოვრობდნენ და მუდამ კონფლიქტი იყოს ოჯახში. იმ ოჯახებში, სადაც შეგნებულად თავს იკავებენ კონფლიქტებისგან და ასე ვთქვათ, თამაშობენ, ბავშვი ქვეცნობიერად მაინც გრძნობს ამ დაძაბულობას. არსებობს ასეთი ფრანგული ანდაზა: "ბავშვი და ძაღლი ყველაფერს ხვდება, რაც ოჯახში ხდება". მე ჩემს ყოფილ მეუღლეს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ.
- ბავშვები ყოველ კვირას ორი-სამი დღე ჩემთან არიან. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ბავშვების ზაფხულის არდადეგებიც კი გაყოფილი გვაქვს - ნახევარს ჩემთან ატარებენ, ნახევარს - მასთან.
- გყავთ თუ არა ახლა რჩეული?
- ახლა არავინ მყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძირითადად მთელ ჩემს ენერგიას ჩემს პროფესიულ განვითარებაში ვხარჯავ. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ცხოვრების ახალი მეორე ნახევარი მალე გამოჩნდება. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. იხილეთ სრულად