"ახლა 11-ს აკლია 10 წთ. "ვრემია" დამთავრებული უნდა იყოს, მაგრამ გორბაჩოვი ლაყბობს რამდენი ხანია" - მასთან ერთად გადაავლეთ თვალი 1990-იან წლებს
გაგრძელება. იხილეთ 1-ლი ნაწილი.
ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
23 ივნისი, შაბათი, 1990 წელი. გუშინ ცოტა ავად ვიყავი, მუცელი მტკიოდა.
ველოსიპედის ამბავი გაირკვა. ჩვენს მეზობელ ბიჭებს, მე-10 კლასელებს, დათოს და გოჩას მოუპარიათ და 60 მანეთად გაუყიდიათ. აქამდე იმალებოდნენ. მერე მამამ მონახა და მოატანინათ, მაგრამ უკვე დამტვრეული იყო და აღარ გამოართვა... სამაგიეროდ, შემდეგ მამამ და ფრიდონმა (ჩვენი მეზობელია) დასაჯეს ისინი და ბოდიში მოახდევინეს ნიკასთვის (რომ მეორედ აღარ გააკეთონ და თანაც, მეზობელს როგორ გაუბედესო... ცოტა ნასვამებიც იყვნენ).
ახლა 11-ს აკლია 10 წთ. "ვრემია" დამთავრებული უნდა იყოს, მაგრამ გორბაჩოვი ლაყბობს რამდენი ხანია.
დედა ახველებს. ოთხი თვეა გრიპი აქვს და არ გაუარა. ახლა ნემსებსაც იკეთებს, ძლივს იშოვა წამალი. მეზობლის ქალი უკეთებს და ძალიან სტკივა. მეცოდება.
1 ივლისი, კვირა. დღეს დილიდან ვმუშაობ. ოთახები დავალაგე. ტილო გამოვუსვი, ფანჯრები დავწმინდე. მერე ეზოში ჩავედი და დამალობანა ვითამაშეთ მთელი ეზოს ბავშვებმა. კარგად გავერთე. რომ ამოვედი, მამამ მე და ნიკას გვიყვირა, არაფრის მაქნისებო, კარტოფილი დაფცქვენით და შეწვითო. დედამ უთხრა, რატომ უყვირი, მთელი დღე მეხმარებოდნენო. ამას კამათი მოჰყვა. მამამ უთხრა: - შენც არაფერს აკეთებო. არადა, დედა ავად არის და მაინც ყოველდღე რეცხავს, საჭმელს აკეთებს, გვივლის... რა უსამართლობაა!...
მე და ნიკამ გაბრაზებულებმა და ნაწყენებმა დავფცქვენით კარტოფილი და შევწვით. კარგი გამოვიდა. ახლაც აცრემლებული და გაბრაზებული ვწერ...
12 ივლისი, ხუთშაბათი. დღეს დედას ჩემი მოთხრობა წავუკითხე და არა უშავსო.
ხო, რამდენი ხანია ვმალავ და არ დამიწერია (არც ვინმესთვის მითქვამს), რომ ჩემი მეზობელი სოსო მიყვარს (სახელი მაინცდამაინც არ მომწონს). ის ჩემხელაა, ოღონდ მეორე სკოლაში სწავლობს. კაი ბიჭია, ლამაზი, ქერა, ჭკვიანი თვალები აქვს. თხილამურებზე დგას და დიდი წარმატებები აქვს, მანქანის ტარებაც იცის. ძალიან სერიოზულია... თვითონ, რა თქმა უნდა, არაფერი იცის, ვერც გაიგებს.
მოკლედ, მე გაგიმხილე საიდუმლო და შენ იცი. მალე თბილისში წავალთ. ბებო გველოდება. ალბათ, დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილიც დაგვხვდებიან. სწავლა 1 სექტემბერს იწყებაო, ხალხს არ უნდა ეს და შეიძლება შეცვალონ.
გამოაცხადეს, რომ თურმე ლიდერები ერთმანეთს ებრძვიან; ჭანტურია, მისი ცოლი და ირაკლი წერეთელი - ზვიად გამსახურდიას. მე ზვიადისკენ ვარ. ჭანტურიამ და მისმა ცოლმა, ირინა სარიშვილმა (გადმოკარკლული თვალები აქვს) თურმე "ქართულ ფილმში" დაბეჭდეს საზიზღარი სტატია ზვიადის წინააღმდეგ. ზვიადმა და მისმა ხალხმა "ქართულ ფილმს" თავდასხმა მოუწყო და საპასუხო სტატია "ახალგაზრდა ივერიელში" დაბეჭდა. სამაგიეროდ მოწინააღმდეგეებმა ამ გაზეთის სტამბა აიღეს. ასეთი დაძაბულია მდგომარეობა და არ ვიცი, რა მოხდება.
მამამ ახალი მანქანა იყიდა. ნომრებიც აიღო და მართვის უფლებაც.
გიომ "ჩემო კარგო ქვეყანავ" ისწავლა ზეპირად და კარგადაც მღერის. თუმცა ჯერ სულ ორი წლისაა.
ხვალ მე და დედა საყიდლებზე უნდა გავიდეთ.
6 აგვისტო, ორშაბათი. გუშინ გიოს დაბადების დღე იყო და გადავუხადეთ. კარგი საჩუქრები მიიღო.
დღეს დილით დედას გავყევი ბაზარში. აქეთობისას ხათუნას დეიდა შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ მაშინ, ლიდერების შეჯახებისას, ხათუნაც მიტინგზე ყოფილა. თურმე ძლივს გამოიქცნენ. ჭანტურიას ხალხი მომიტინგეებს არბევდა, ძირითადად ქალებს. რა უსირცხვილობაა! მაგათ ამის მერე პატრიოტები უნდა ერქვათ?!
ეზოში რომ ვიყავი, ჩვენს კორპუსთან გველი დავინახე; შავი, გრძელი, ყვითელი თვალები ჰქონდა, ქვაზე იყო შემოხვეული. გული გამისკდა კინაღამ. სახლში რომ მივედი, შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი... ადრე არასდროს მინახავს, მამამ თქვა, ეს ადგილები მდინარის ხეობააო და ამიტომ არიანო.
დღეს საღამოს "იალტა 90"-ის გადმოცემა იყო, მაგრამ ძალიან არ მომეწონა. ჟიურის წევრები სულ რუსები იყვნენ და მარტო რუსებს დაუწერეს მაღალი ქულები, რამაც ძალიან გამაბრაზა.
9 აგვისტო, ოთხშაბათი. დღეს, 8 აგვისტოს, დილიდან მუცელი მტკიოდა და... მერე... უკვე... დედა მთელი დღე ამაზე მელაპარაკება, მიხსნის ყველაფერს, მარიგებს. ძალიან გახარებული და თან შეშინებული ვარ. უჩვეულო გრძნობაა, არც ვიცი რას ვგრძნობ. მთელი დღე ვფიქრობ, გათიშულივით ვარ. ამის მერე დღიური საიმედო ადგილას უნდა შევინახო, თორემ თუ ვინმემ წაიკითხა, ხომ გავგიჟდი!
ნიკა მეზობელთანაა, ვიდეოს უყურებს, მამას დღეს საღამოს ველოდებით, ალბათ ჩამოვა.
ახლა უკვე თორმეტი საათია და მეძინება.
12 აგვისტო, კვირა. დღეს არაფერზე არ შემიძლია წერა. 8 სთ-დან ვტირივარ. მამამ თქვა, რომ სოსო (ე.ი. "ის") თავის დეიდაშვილთან ერთად დილას მთაში წასულა და ახლა, ღამის 10 სთ-ზე ჯერაც არ მოსულა. ძალიან ვნერვიულობ. რამე ხომ არ დაემართა. ნეტა მოვიდეს... რა მეშველება...
P.S. სიხარულისგან ლამის გავგიჟდე, სოსო და მისი დეიდაშვილი დაბრუნდნენ, კარგად არიან. ახლა 12-ის ნახევარია, ნახვამდის!
15 აგვისტო, ოთხშაბათი. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო. დღეს მე მოვინათლე, ქრისტიანი გავხდი.
დღის 5 სთ-ზე, მდინარე გვალდირთან დანიშნული იყო დიდი ნათლობა. სასულიერო აკადემიიდან არის ხალხი ჩამოსული. მე, ნიკა და გიო მოუნათლავები ვიყავით. დედას თავი სტკიოდა, მამა სადღაც წავიდა. ამიტომ ჩვენ, ბავშვები წავედით მეზობლებთან ერთად. თან წავიღეთ პირსახოცებიც.
ძალიან ბევრი ხალხი იყო (თურმე, რამდენი არ ყოფილა მონათლული!). დანიშნულ დროს მოვიდნენ მღვდელი და ძალიან ლამაზი მონაზვნები.
დაიწყო ნათლობა. მღვდელმა ჯერ წყალი განწმინდა, მერე ჩაიწერა ჩვენი სახელები და წაგვისვა მირონი: ამის მერე, ჯერ პატარებით დაიწყეს. გიო მიიყვანეს წყალთან (შიშველი) და იქ განბანეს. გიო გავამშრალე და წამებში მე აღმოვჩნდი მღვდელთან. შემიყვანა წყალში, დამაჩოქა და სამჯერ ჩამაყურყუმელავა. წყლიდან სულ გათეთრებული ამოვედი, ცხვირი და ყურები სავსე მქონდა წყლით.
მოსაღამოვდა. ჩვენ ფეხშიშველები კიდევ დიდხანს უნდა ვმდგარიყავით. გიოს მარტო ზედატანი ჩავაცვი, ფეხები იმასაც შიშველი ჰქონდა. მე კი სულ სველი ვიყავი, სიცივისგან ვლურჯდებოდი. ერთმა მონაზონმა ქურთუკი მომახურა. მეორეს კი გიო ეჭირა და ფეხებს უთბობდა (მონაზვნები ძალიან მომეწონა).
მერე კიდევ წაგვისვეს მირონი და მღვდელმა მოგვწმინდა. სათითაოდ ყველას ოთხ ადგილას შეგვაჭრა თმა და სანთლები დაგვანთებინა. რომ ჩავაქრეთ, გვითხრა, ეს სანთლები მხოლოდ დაბადების დღეზე ან ქორწილში უნდა აინთოსო. მერე ჩამოგვკიდა ჯვრები და პატარა მედალიონები წმ. გიორგის გამოსახულებით. ერთ დიდ ჯვარს გვაკოცნინეს და ლოცვანიც დაგვირიგეს. ბოლოს კიდევ დაგვლოცეს... ეს ყველაფერი ოთხი საათი გრძელდებოდა. გათოშილები და დასველებულები წამოვტანტალდით სახლში. მაგრამ ისეთი წმინდა დღე იყო, არც გავციებულვართ, სულ არაფერი არ დაგვმართნია, ისეთი გახარებულები ვიყავით, მიკვირს რომ არ გავგიჟდი. საკუთარი თავები რაღაც სხვა არსებები გვეგონა... სანთლები შევინახეთ. დღესვე ვისწავლე "მამაო ჩვენო", გარკვეულ დროებში უნდა ვთქვა.
მე ძალიან ბედნიერი ვარ!
17 აგვისტო, პარასკევი. ყოველდღე ველოდებით თვითმფრინავს, რომ თბილისში წავიდეთ, მაგრამ ფრენა არ არის. ყოველდღე უამრავი ხალხი გროვდება აეროპორტში და უაზროდ იცდის, სულ მოშლილი მაქვს ნერვები, თუმცა, დაიცა, მამა მოვიდა და... ვაშაა! ფრენაა და მივდივარ თბილისში... კარგად იყავი!
31 აგვისტო, პარასკევი. ჩამოვედით სვანეთში. ძალიან მიხარია: ახლა დავწერე შთაბეჭდილებები.
თბილისში სრულიად შეცვლილი დაგვხვდა. ყველა შენობაში რემონტი იყო და სულ დაუმახინჯებიათ ქუჩები. მთავრობის სახლთან მოშიმშილეების კარვები ჰქონდათ გაშლილი. 9 აპრილის მემორიალიც ვნახეთ.
დედამ ეკლესიაში შეგვიყვანა, ძალიან მომეწონა. სანთლებიც დავანთეთ. წამოსვლისას ხატები ვიყიდეთ. ახლა სახლში გვიკიდია.
ჩემი დეიდაშვილი გამაღლებულა, სულ ვარჯიშობს, ბებო სულ უკან დაგვდევდა, რომ საჭმელი დროზე გვეჭამა და ტანსაცმელი ნორმალურად ჩაგვეცვა.
მარიამობას პაპას საფლავზე გავედით. უამრავი ხალხი იყო სასაფლაოზე...
თბილისიდან მამას მანქანით წამოვედით. ისე ჩქარა მიჰყავდა, რომ 10 საათში უკვე მესტიაში ვიყავით.
მთელი გზა საოცარი სანახავი იყო. რა ლამაზია საქართველო, რამდენი ლამაზი ეკლესიაა, მე სულ არ მქონდა ნანახი: ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, გელათი; სურამის ციხე...
ბოლოს მოვაღწიეთ სვანეთის მთებს და ვიწრო, უფსკრულიან გზებს დავადექით, ზუსტად 12 სთ-ზე გავაღეთ ჩვენი სახლის კარები.
11 სექტემბერი, სამშაბათი. დღეს ძალიან განაწყენებული ვარ. იმ ფილმს არ მაყურებინებენ, რომელიც ძალიან მომწონს - "მონა იზაურა". გადართეს და სხვა რამეს უყურებენ. რომ ვიტირე, დედამ თქვა, ტყუილა ნუ სლუკუნებო. მოკლედ, ვერავინ ვერ მიგებს! რომ ვკოცნი და ვეფერები, მაშინაც მეუბნება, ნუ აფერისტობო. ისე განვიცდი, რომ არ ვიცი... ახლა გადაურთავთ, მაგრამ ჯიბრზე არ გავალ.
დღეს ძალიან მინდოდა ძველი ქართული ანბანის სწავლა, მაგრამ სახლში ვერაფერი ვნახე, სადაც ეწერებოდა.
სკოლაში 1-ში მივედით, მაგრამ უკან გამოგვაბრუნეს. სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
თბილისში თურმე ერთი ამბავია. ჯერ ვაჟა ადამია მოუტაციათ და ისევ დაურუნებიათ რომელიღაც ლიდერებს. ამას ბევრი რამ მოჰყვა. დღეს კი თბილისის პროგრამა შეწყდა და დაეწერა, რომ საქართველოს ტელევიზიაში გამაფრთხილებელი გაფიცვაა.
ეს დღეები სულ ვლოცულობ. ზუსტ დროებში ვდგები ხატებთან, ვიხვევ მოსახვევს და ლოცვებს ვამბობ. ძალიან მამშვიდებს. ხანდახან, რაღაცის გამო რომ შემომავიწყდება და ლოცვის დრო გავა, საშინლად მწყინს, უფრო ხშირად კი, სწორად ვასრულებ ყველაფერს.
13 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღემდე არ მინდოდა დღიურის წერა. დღეს არის უდიდესი პატრიოტის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას წლისთავი. ის შარშან ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ მე სულ ვფიქრობ, რომ ეს ძალად იყო გაკეთებული.
კოსტავას უფროსმა შვილმა, ირაკლიმ, დიდი ხნის წინ თავი მოიკლა. ახლა გოგოღა დარჩა, თამრიკო. თვითონ მას, სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ციხეებში ჰქონდა გატარებული, რადგან კომუნისტური იმპერიის ბატონობის დროს, ყველა ეროვნულ გმირს აპატიმრებდნენ და სამშობლოდან ასახლებდნენ...
სწავლა უკვე დაიწყო. ბიცოლაჩემმა გოგო გააჩინა, ირინა.
დაწყებულია მრავალპარტიული არჩევნები. ბევრი პარტია გამოდის და ხალხმა რომელიმეს უნდა მისცეს ხმა. ამბობენ, ზეგ ზვიად გამსახურდია ჩამოვა და არჩევნებთან დაკავშირებით ჩაატარებს მიტინგსო.
ჩვენთანაც შიმშილობენ. ჰუდონჰესის წინააღმდეგ. სკოლიდან მოვრბივართ და ვუყურებთ ხოლმე მოშიმშილეებს. წინ პლაკატები უდევთ, არაფერს არ ჭამენ. შესაწირავს აგროვებენ. რამდენჯერმე მეც ჩავუყარე ხურდები.
16 ოქტომბერი, სამშაბათი. დღეს ჩემმა კლასელმა, ზურიკომ, ქართულის მასწავლებელი ძალიან გააბრაზა, ტირილამდე მიიყვანა, მეც ვიტირე, ისე შემეცოდა.
დღეს 3 საათზე მიტინგი ჩატარდა, გამოვიდა ზვიად გამსახურდია. ითქვა სვანეთის გასაჭირზე, ჯარში წასულ ქართველ ბიჭებზე. თურმე ამ ერთი წლის მანძილზე უკვე 200 მკვდარი ჩამოასვენეს ჯარიდან. ასევე თქვეს, რომ ბევრი, დღეს გამოჩენილი ქართველი ინტელიგენტი არაპატრიოტია, რომ როცა ისინი ზღვაზე თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად ისვენებდნენ, მაშინ მერაბი და ზვიადი საქართველოსთვის თავს სწირავდნენ.
მიტინგის მერე ზვიადი და მისი ხალხი რესტორანში წაიყვანეს. მამაც იქ არის.
გაკვეთილები უკვე ვისწავლე და ეზოშიც ვიყავი... ხო, ამიერიდან შაბათ-კვირას სწავლა არ გვექნება.
აქ საშინელი ძარცვები მიდის. გუშინ ჩემი მასწავლებელი გაუქურდიათ. კინაღამ მოკლეს, ისე დიდხანს ჰყოლიათ გაკოჭილი. ყველა იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება... წინა დღებში კიდევ ორი მაღაზია დაწვეს და თანდათან სულ აუშნოებენ აქაურობას.
7 ნოემბერი, ოთხშაბათი. რა დღეა?! 7 ნოემბერი, ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების დღე. 70 წლის მანძილზე, პირველად არის, რომ ამ დღეს არ ვზეიმობთ. ძალიანაც კარგი!
რამდენი ხანია "ის" არ მინახავს. ძალიან მომენატრა; მგონი მამამისმა წაიყვანა სადღაც. ნეტა, როგორ არის?
ეს დღეები სამი გაკვეთილის მერე გვიშვებენ სახლებში. გათბობა არ არის და ძალიან გვცივა.
ნიკა გვარიანად მაბრაზებს, სულ ვჩხუბობთ. გუშინ დღიური მოვპარე, საპირფარეშოში ჩავიკეტე და წავიკითხე. სხვათა შორის, მომეწონა. კარგად ეწერა. მის დღიურს "მალაი" ჰქვია. არ ვიცი, რატომ დაარქვა ასე.
მე დასვენების დღეებში სულ ვკითხულობ. უფრო დეტექტივები და რომანები მაინტერესებს. ოსკარ უაილდის ზღაპრები მომწონს ძალიან. ჩემი საყვარელი წიგნი "პოლი და ვირჟინია". სულ ვტირი, რომ ვკითხულობ. ნეტა მეც შემხვდეს ეგეთი სიყვარული...
ახლა უნდა დავიძინო.